ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის მიერ დაფუძნებული ნაციონალური მოძრაობიდან მასთან დაპირისპირებული ლიდერების დიდი ჯგუფის გამოყოფასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პარტიაში „ლუზერების მმართველობა“ დასრულდა და „მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა“.
„ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა ნაციონალური მოძრაობის ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება“, - წერს სააკაშვილი თავის Facebook-ის გვერდზე.
“განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე“, - ამბობს ექსპრეზიდენტი, „ გიგიმ [უგულავა] კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, [სააკაშვილის ოპოზიციაში გადასული ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი] ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა".
„დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა“, - აცხადებს სააკაშვილი, რომელიც სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება, რასაც ის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უწოდებს.
„მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში, უკან გაიხმოს დეპუტატი“, - ამბობს ის.
პარტიის სიით გასული დეპუტატების უმრავლესობამ, პარტიის სხვა წევრებთან ერთად ნაციონალური მოძრაობის გაყოფა და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების გეგმები 12 იანვარს გამოაცხადა დაახლოებით ოთხთვიანი შიდა დაპირისპირების შემდეგ. ეს გადაწყვეტილება წინ უძღვის ნაციონალური მოძრაობის სადავო ყრილობას, რომელიც 20 იანვარს იგეგმება და გამოცხადდა ერთი კვირის თავზე, რაც თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენილი დეპუტატი ნიკა მელია ცენტრალურ ოფისთან პარტიულ აქტივთან ერთად მოგვიანებით მას შემდეგ მივიდა, რაც იმავე ადგილას მისმა ყოფილმა თანაგუნდელებმა გამოყოფის შესახებ გააკეთეს განცხადება.
„ვცემთ პატივს მათ აზრს - წამსვლელი წავიდა“, - განაცხადა მელიამ, „უბრალოდ გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი დრო დაუთმეს ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვასა და გინებას“.
მან ასევე განაცხადა, რომ დარწმუნებულია იმაში, რომ „ბევრი მათგანი, ვინც დღეს შეიძლება ითვლებოდეს მათი გუნდის წევრად, ძალიან მალე გონს მოვა და მობრუნდება უკან“.
„ჩავარდა ივანიშვილის გეგმა, რომ ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულიყო და დაშლილიყო“, - განაგრძო მან, „ნაციონალური მოძრაობა არის ევროპული, თავისუფალი და წარმატებული საქართველოს იდეა და ამ იდეას ვერცერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერასოდეს ვერ დაამარცხებს, რაც არ უნდა ბევრნი იყვნენ ისინი“.
„დღეს დამთავრდა ნაციონალური მოძრაობაში კარჩაკეტილობა, ქედმაღლობა ნეპოტიზმი, საკუთარი ამომრჩევლების უგულვებელყოფა და 20 იანვრიდან იწყება განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალი გზა“, - განაცხადა მელიამ.