Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
Civil Georgia, Tbilisi / 16 იან.'17 / 14:14

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ორშაბათს საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 4 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა და საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართ რესპოდენტების განწყობებს აჩვენებს. 

ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამოკითხულთა 27%-მა განაცხადა, რომ ქვეყანა "არასწორი მიმართულებით" ვითარდება, რაც ივნისის ანალოგიურ კვლევასთან (33%) შედარებით 6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული -  მარტში ეს მაჩვენებელი 39% იყო, 2015 წლის ნოემბერში 45%, ხოლო 2015 წლის აპრილში 37%.

ივნისთან შედარებით 7 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 32%-ს შეადგენს იმ რესპოდენტთა რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა „სწორი“ მიმართულებით ვითარდება. ასევე, ივნისში არსებული 34%-დან ნოემბერში 36%-მდე მცირედით გაზრდილია მათი რიცხვი, ვისთვისაც „საქართველო საერთოდ არ იცვლება“. 

კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა შვედეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აწარმოა, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3 141 რესპოდენტი გამოიკითხა. NDI-ის დაკვეთით ჩატარებული ამ კვლევის ცდომილების ზღვარი +/-1.8%-ს შეადგენს.

რესპოდენტთა 56% ქართული ოცნების ოთხწლიანი მმართველობისა და ხელახლა არჩევის შემდეგ აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრიდან ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „იგივე მდგომარეობაშია“. მხოლოდ 17% აღნიშნავს უკეთესობას, ხოლო 26% მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს.

გამოკითხულთა 33% ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკურ მდგომარეობას გაიუმჯობესებს, 12% გაუარესებას ელის, ხოლო 38% ფიქრობს, რომ იგივე დარჩება - ასე ივნისში 44% ფიქრობდა, დადებითი მოლოდინი 26%-ს, უარყოფითი კი 10%-ს ჰქონდა.

ყველაზე აქტუალურ საკითხებს შორის დასაქმება (58%), ინფლაცია (38), სიღარიბე (30%), ტერიტორიული მთლიანობა (27%) და პენსიები (24%) დასახელდა - პრობლემური საკითხების ეს ხუთეული ბოლო წლებში არ შეცვლილა და სხვადასხვა თანამიმდევრობით იყო წარმოდგენილი წინა ანალოგიურ კვლევებშიც.

საგარეო პოლიტიკა

ივნისთან შედარებით 72%-ზე უცვლელი დარჩა იმ რესპონდენტების რაოდენობა, ვინც მხარს უჭერს ხელისუფლების გაცხადებულ მიზანს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე - მარტში ეს მაჩვენებელი 77%-ს შეადგენდა. ევროკავშირისადმი დადებითი განწყობა ყველა ტიპის დასახლებებში მაღალია და ამ კუთხით გამონაკლისი, კვლევის თანახმად, მხოლოდ უმცირესობათა დასახელებებია 47%-იანი მაჩვენებლით (ივნისში 50%).

ევროკავშირისგან განსხვავებით, ივნისთან შედარებით 68%-დან 61%-მდეა შემცირებული იმ რესპოდენტების რაოდენობა, ვისთვისაც მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ამ მიზანს 25% ეწინააღმდეგება.

ამასთან, ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა ივნისში არსებული 47%–დან ნოემბერში 39%-მდე შემცირდა იმ რესპონდენტებს შორის, რომლებიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ცხოვრობენ.

კითხვაზე, თუ როგორი უნდა იყოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა, 54%–მა (ივნისში - 48%; მარტში - 52%) უპასუხა „პროდასავლური, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა რუსეთთან“.

ამავე კითხვას 18%-მა (ივნისში - 20%; მარტში - 16%) უპასუხა, რომ „პრორუსული, თუმცა უნდა შეინარჩუნოს კარგი ურთიერთობა ევროკავშირთან და ნატოსთან“. 

რესპონდენტების 12%–მა, რაც სტატისტიკურად იგივეა რაც ივნისში, აირჩია პასუხი: „პროდასავლური“, ხოლო 9%–მა - „პრორუსული“, რაც 3 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ივნისის შემდეგ.

კვლევის თანახმად, 53% ფიქრობს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით; 31%-ის აზრით კი მეტი სარგებელი იქნება, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობების სანაცვლოდ, ქვეყანა უარს იტყვის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე.

ადგილობრივი თვითმმართველობა

2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე, რესპოდენტთა 49% აცხადებს, რომ ადგილობრივი მთავრობა მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 46% კი საპირისპირო პოზიციაზეა. ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს  - საკრებულოებს, მერიებსა და გამგეობებს მმართველი პარტია ქართული ოცნება აკონტროლებს.

გამოკითხულთა 37% აცხადებს, რომ კმაყოფილი ან ძალიან კმაყოფილია საკრებულოს მუშაობით; 23% უკმაყოფილო ან ძალიან უკმაყოფილოა, ხოლო 38%-ს არ აქვს პასუხი. მერიის მუშაობას 33% კმაყოფილებით აღნიშნავს, 27%-ს უარყოფითი პოზიცია აქვს, 40%-მა კი „არ იცის“.

თბილისში გამოკითხული რესპოდენტების 33% მერიის მუშაობით კმაყოფილია, 34% უკმაყოფილო და 33%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. ქუთაისის მერიას უფრო მეტი უკმაყოფილო (39%) ჰყავს, ვიდრე კმაყოფილი (36%). ბათუმში, ზუგდიდსა და ახალციხეში კი მერიის მუშაობით კმაყოფილი რესპოდენტები ჭარბობენ, თუმცა აქაც მაღალია მათი რიცხვი, ვისაც არ აქვს გამოკვეთილი პოზიცია.

ამ კვლევის მეორე ნაწილის გამოქვეყნებას, რომელიც პარტიულ რეიტინგებს მოიცავს, NDI-ი ოთხშაბათისთვის გეგმავს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24