Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნაციონალურმა მოძრაობამ ყრილობაზე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცა
Civil Georgia, Tbilisi / 20 იან.'17 / 18:40

ოპოზიციურმა ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიიდან ლიდერების დიდი ჯგუფის გამიჯვნის შემდეგ, რასაც სულ მცირე ოთხთვიანი დაპირისპირება უძღოდა წინ, 20 იანვარს ყრილობა გამართა და პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა, რომელსაც დეპუტატი ნიკა მელია ჩაუდგა სათავეში.

7 ათასზე მეტმა დელეგატმა, რომლებიც თბილისის სპორტის სასახლეში მთელი საქართველოს მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილნი, მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ არ მოხდეს პარტიის თავმჯდომარის არჩევა მანამ, სანამ მის დამფუძნებელს, მიხეილ სააკაშვილს არ მიეცემა საქართველოში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში სრულყოფილად ჩართვის საშუალება. სააკაშვილს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა 2015 წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის გამო აღარ უკავია.

ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ყრილობას ვაშინგტონიდან ჩაერთო და მხარდამჭერებს, რომლებიც მას დიდი ოვაციებით შეხვდნენ, განუცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა ეს არა მხოლოდ წარსულია, არამედ ეს არის მომავლის ყველაზე ნათელი ხედვა“, რომელიც „ყველა განსაცდელიდან გამარჯვებული გამოვა“ და  რომელიც ახლა ისევ მზად არის, რომ  „დავიბრუნოთ ხელისუფლება“. 

„როგორც იდეალები არ იყოფა, ისე არ იყოფა ნაციონალური მოძრაობა, როგორც სამშობლო არ იშლება ნაწილებად, ისე არ იშლება ნაციონალური მოძრაობა“, - განაცხადა მან, პარტიაში დარჩენილი წევრები ყრილობის კარგად ორგანიზებისთვის შეაქო და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის გეგმა“ მისი პარტიიდან ჩამოცილების თაობაზე ვერ განხორციელდა. 

სააკაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა განახლებული შემადგენლობით "ახალ დიდ ეტაპს იწყებს“.

„ის სახელმწიფო, რომლის შექმნაში ამდენი ოფლი და ჯაფა ჩავდეთ, გაუქმებულია. დღეს ჩვენ ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ივანიშვილის შპს საქართველო. ამიტომ ჩვენი მიზანი არის ძალიან მკაფიო და ნათელი: გავაუქმოთ ივანიშვილის შპს საქართველო და აღვადგინოთ ქართული სახელმწიფოებრიობა, საბოლოოდ მოვაშოროთ საქართველოს ეს დამანგრეველი, მავნე ძალა  და დავაბრუნოთ ქვეყანა სწრაფი განვითარების რელსებზე“, - განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც სხვადასხვა ბრალდებებით იძებნება, რასაც ის პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას უწოდებს.   

ყრილობაზე გამომსვლელებს შორის იყო ასევე სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი, რომელმაც დელეგატებს განუცხადა: „თქვენ აძლიერებთ პარტიას და თქვენ აძლიერებთ მიშას და ასევე მიშა გაძლიერებთ თქვენ. იმხელა ძალაა მიშაში, რომ მისი ჩრდილისაც კი ეშინიათ ზოგიერთებს ამ ქვეყანაში. რაც არ უნდა ეცადონ, რომ მიშა შეასუსტონ, პირიქით შედეგს მიიღებენ“.

60-წევრიანი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელიას არჩევასთან ერთად ყრილობამ მის მოადგილეებად ზაზა ბიბილაშვილსა და ლევან ვარშალომიძეს, აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს დაუჭირა ასევე მხარი. 

პოლიტსაბჭოს წევრებად დანარჩენ აირჩიეს:  დეპუტატები რომან გოცირიძე, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, აზერ სულეიმანოვი, კობა ნაყოფია; ასევე გრიგოლ ვაშაძე, სამირა ისმაილოვა, დავით ბერიტაშვილი, გია ბარამიძე, ნიკა რურუა, მარიამ გერსამია, ირაკლი ნადირაძე, მარიამ ქასრაშვილი, გიორგი ბოტკოველი, ეკა წამალაშვილი, ანი წითლიძე, ვანო პეტრიაშვილი, ბესო ქათამაძე, ზაალ სამადაშვილი, ნინო კალანდაძე, ხათუნა ოჩიაური, დავით კირკიტაძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, პეტრე ცისკარიშვილი, ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, ირაკლი ქავთარაძე, გიორგი კარბელაშვილი, ეკა ხერხეულიძე, კობა სუბელიანი, გიორგი კუბლაშვილი, ვახტანგ ლემონჯავა, გოჩა კუპრავა, დათო გოგოხია, რამაზ ქერეჭაშვილი, ზურა ცერცვაძე, გიორგი პატარაია, კახა ბუცხრიკიძე, კობა ხაბაზი, ომარ მეგრელიძე, პაატა ლეჟავა, გია ნაცვლიშვილი, ალეკო კვახაძე, ბიძინა ხერხეულიძე, ნატო მჭედლიშვილი, გიორგი იმედაშვილი, დავით დარცმელიძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, კოტე იოსელიანი, გია უკლება, თემურ გრიგალაშვილი, მარიკა დათუკიშვილი, რუსუდან ცირეკიძე, მაია ჯავახიშვილი, ნინო ლაპიაშვილი, ნიკა ჭურაძე. 

ყოფილმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა, რომელიც ყრილობის წამყვანი იყო, განაცხადა, რომ ეს 60 წევრი არ არის პოლიტსაბჭოს საბოლოო შემადგენლობა, ვინაიდან მათ მოგვიანებით დაემატებიან პარტიის რეგიონული კონფერენციების შედეგად ასარჩევი ახალი წევრები.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16