Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე პოლიციას მის ‘საქმიანობასთან დაკავშირებულ’ ჩხრეკაში ადანაშაულებს
Civil Georgia, Tbilisi / 20 მაი.'17 / 12:26

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ საქართველოდან, ნონა წოწორიამ განაცხადა 19 მაისს, რომ პოლიციის მიერ ბათუმში მისი ძმის სახლში წინა დღეს ჩატარებული ჩხრეკა სტრასბურგის სასამართლოში მის საქმიანობას უკავშირდება.

მედია საშუალებების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა 18 მაისს ოთარ წოწორიას სახლში ჩატარებული ოთხსაათიანი ჩხრეკის შედეგად ორი სანადირო თოფი, ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვიები ამოიღეს. მათ ასევე განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე. თუმცა, ოთარ წოწორიასთვის ბრალის წარდგენა და დაკითხვა ამ დრომდე არ განხორციელებულა.

19 მაისს ნონა წოწორიამ მოკლე წერილი გამოაქვეყნა Facebook-ის გვერდზე, სადაც აცხადებს, რომ ამოღებული ნივთების წარმომავლობა მისი ოჯახისთვის უცნობია. „ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები“, - აცხადებს წოწორია.

„მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში“, - განაცხადა წოწორიამ. „მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში“.

ოთარ წოწორიამ განუცხადა ჟურნალისტებს 19 მაისს, რომ ორი სანადირო თოფი მას ეკუთვნოდა და რეგისტრირებული იყო, თუმცა დასძინა, რომ იარაღი და ტყვიები პოლიციამ ჩაუდო მის დაზე ზეწოლის მიზნით, რომელიც წარსულში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების წევრი იყო.

„ეს ზეწოლაა, ანგარისშწორებაა, მეტი სხვა რა უნდა დავარქვათ ამას. ჩემი გამწარებით ჩემი დის წინააღმდეგ,“ - განაცხადა წოწორიამ.

პოლიტიკური პარტიების რეაქციები

ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა დაგმეს პოლიციის მიერ ჩხრეკის განხორციელება და განაცხადეს, რომ ეს ქმედება შესაძლოა უკავშირდებოდეს მთავრობის უკმაყოფილებას ორ მიმდინარე საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ - ერთია რუსთავი 2-ის საქმე, ხოლო მეორე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმე.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულმა საქართველომ, რომელსაც უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქცია ყავს პარლამენტში, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც მოუწოდებს საქართველოს ხელსუფლებას თავი შეიკავოს მოსამართლე წოწორიასა და მის ოჯახზე ზეწოლისგან და პატივი სცეს მის მუშაობას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„დიდია იმის ალბათობა, რომ სწორედ პოლიტიკური მოტივებით ხდება იმიტომ, რომ არ მოსწონს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილს და დღევანდელ ხელისუფლებას, რასაც ისინი იღებენ, იგივე რუსთავი 2-ის საქმეზე; ასეთ პირობებში ცდილობენ ზეწოლა მოახდინონ ოჯახზე , ევროსასამართლოს მოსამართლის ძმაზე“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ევროპული საქართველოდან.

ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ ამ თემაზე ბევრი მოუგვარებელი საკითხია და ხელისუფლებას გამჭირვალე გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა.

„სტრასბურგის გადაწყვეტილებამ შეაჩერა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გადადგმული, საქართველოს ხელისუფლების ის ნაბიჯი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ, სამართალდამცავი სტრუქტურები უშუალოდ კი არ არიან დაკავებული თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებით, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიებით, არამედ მიდიან რამდენიმე საათიან ჩხრეკას ატარებენ ნონა წოწორიას ძმის ოჯახში და პოულობენ იქ იარაღს, რომელზეც თვითონ ეს ადამიანი ამბობს, რომ არ იცის ამ იარაღის წარმომავლობის შესახებ“, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვიცე-პრემიერმა და განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ 19 მაისს ასევე გააკეთა განცხადება ამ საკითხზე და აღნიშნა, რომ ოთარ წოწორიას განცხადება „თავდაცვის სტრატეგიაა“ კანონდარღვევის დაფარვის მიზნით.

„ყველა ადამიანს, რომელიც კანონს არღვევს, ურჩევნია, რომ რაღაც თავდაცვა მოიფიქროს და ამ შემთხვევაში, ეს არის თავდაცვის სტრატეგია. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონზე მაღლა არ დგას არავინ, არც მოსამართლის ძმა, არც მინისტრის ძმა და არც არავინ. შესაბამისად, თუ კანონის დარღვევასთან გვაქვს საქმე, ეს არის აბსოლუტურად გამართლებული, მიუხედავად იმისა, ვის ნათესავზეა საუბარი“, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

ნონა წოწორია, რომელიც 2008 წელს სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის დაწყებამდე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე იყო, სასამართლოს დიდი პალატის სხდომებს ესწრება საქართველოსთან დაკავშირებულ საქმეებზე. წოწორიას უფლებამოსილების ვადა 2017 წლის იანვარში ამოიწურა, თუმცა ის გახანგრძლივდა, რადგანაც PACE-ს კომიტეტმა საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ სამ კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8