ასლან კობახია და იგორ ზუბოვი სოჭში, 18 მაისი, 2017. ფოტო: რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო
რუსეთმა და სეპარატისტულმა აფხაზეთმა 18 მაისს სოჭში შინაგან საქმეთა სტრუქტურების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
შეთანხმება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და აფხაზეთის ლიდერმა რაულ ხაჯიმბამ 2014 წლის 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი. რუსეთმა ანალოგიურ ხელშეკრულებას ცხინვალთან 2016 წლის 4 ივლისს მოაწერა ხელი.
ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ იგორ ზუბოვმა, რომელმაც მოსკოვის სახელით მოაწერა შეთანხმებას ხელი, განაცხადა, რომ დოკუმენტი „სრულად“ და „ყველა დონეზეა“ შეთანხმებული. „შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ამ სფეროში სრულფასოვან თანამშრომლობას უკვალავს გზას, მათ შორის რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის, და საერთაშორისო [საპოლიციო] თანამშრომლობის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ზუბოვმა.
რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დასძინა, რომ შეთანხმება როგორც მოსკოვის, ისე სოხუმის სუვერენიტეტის დაცვით განხორციელდება და არ შეეხება მათ „ექსკლუზიურ კომპეტენციებს“.
თავის მხრივ, სეპარატისტული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ, რომელმაც სოხუმის სახელით მოაწერა შეთანხმებას ხელი, განაცხადა, რომ „ცენტრი, პირველ რიგში, ჩვენთვისაა აუცილებელი“. „ამ ცენტრის მეშვეობით ჩვენ ველით აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრაქტიკული დახმარების აღმოჩენას, მათ შორის სპეციალისტების მომზადებას, კრიმინალისტურ ლაბორატოსიას და ბევრ სხვა რამეს, რაც ჩვენ გვაკლია“.
მიზნები, სტრუქტურა, დაფინანსება
სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა სამინისტროს და შეთანხმების ტექსტის თანახმად, ცენტრის მიზანია რუსული და აფხაზური სტრუქტურების კოორდინაცია „ორგანიზებულ დანაშაულთან და სხვა სახიფათო დანაშაულებთან“ ბრძოლის საქმეში. ამისათვის, ცენტრის მიერ მოხდება დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება, გააანალიზება და გაცვლა; ცენტრი ასევე ითვალისწინებს დახმარებს პირთა ძებნისა და ექსტრადიციის საკითხებში, ასევე „საჭირო შეთანხმებული ქმედებების განხორციელებას იმ სახიფათო დანაშაულებთან ბრძოლის მიზნით, რომლებიც საფრთხეს უქმნიან რესპუბლიკის უსაფრთხოებას“.
თანამშრომლების რაოდენობა მაქსიმუმ 20 კაცი იქნება. ცენტრის დირექტორი და დირექტორის მოადგილე სამი წლის ვადით დაინიშნებიან რუსეთის და აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივი გადაწყვეტილებით.
შეთანხმების დანართის თანახმად, „ცენტრის საქმიანობები რუსეთის ფედერაციის მიერ მისი შენახვისთვის გამოყოფილი სახსრებიდან დაფინანსდება“. შეთანხმებაში ასევე ნათქვამია, რომ ცენტრის ქონება, დოკუმენტები, მონაცემთა ბაზები და კორესპონდენცია ხელშეუხებელია. ცენტრის არააფხაზი ეროვნების თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები იმუნიტეტით ისარგებლებენ.
18 მაისს სოხუმში გამართული ბრიფინგის დროს, სეპარატისტული აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის მხარს უჭერს შეთანხმებას და დასძინა, რომ ცენტრი „სტულად ითვალისწინებს [აფხაზეთის] ეროვნულ ინტერესებს“. მისი თქმით, ცენტრის მიზანია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა. კობახიამ ასევე აღნიშნა, რომ ცენტრის პრიორიტეტი ნარკოდანაშაულთან ბრძოლა იქნება, სადაც სოხუმს ყველაზე მეტად სჭირდება რუსეთის დახმარება.
კობახიამ ასევე განაცხადა: „შემიძლია ღიად განვაცხადო, რომ ალბათ პირველი პოლიტიკოსი ვარ, ვინც ამას ამბობს, რომ 2009 წლიდან [აფხაზეთის] მთელი სამართალდამცავი სეგმენტი რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან ფინანსდება“. კობახიამ იმ სტრუქტურებს შორის, რომლებიც სრულად ფინანსდება რუსეთიდან, თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, და უშიშროების სამსახური დაასახელა. შემდეგ მან დააკონკრეტა, რომ რუსეთი დაახლოებით 1.2 მილიარდ რუსულ რუბლს (21 მილიონ აშშ დოლარს) იხდის ყოველწლიურად აფხაზეთის სამართალდამცავი სტრუქტურების ხარჯების დასაფარად.
ასლან კობახიამ დასძინა, რომ რუსულმა მხარემ „დაადასტურა“ 18 მაისს, რომ ცენტრის პირველ დირექტორს აფხაზური მხარე დანიშნავს. მან ასევე აღნიშნა, რომ თანამშრომლების მაქსიმალური რაოდენობა 20 იქნება, 10 აფხაზური და 10 რუსული მხრიდან.
სოხუმის რეაგირება
ცენტრის ჩამოყალიბების საკითხს სეპარატისტულ რეგიონში წინააღმდეგობა მოჰყვა. 17 მაისს, რეგიონის პარლამენტის 15 წევრმა განცხადებას მოაწერა ხელი, სადაც შეთანხმების გადადებისკენ მოუწოდეს, ვინაიდან პარლამენტის წევრთა „მნიშვნელოვან ნაწილს“ შეთანმხმების ტექსტში ცვლილებების შეტანა სურდა.
შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავდა ცენტრის უფლებამოსილების შეზღუდვას და სოხუმისთვის და კონკრეტულად, პარლამენტისთვის ცენტრის საქმიანობაზე მეტი კონტროლის მინიჭებას.
ოპოზიციურმა პარტიამ „ამცახარა“ 17 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც პარტია კრიტიკას გამოთქვამს იმ დებულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ცენტრის ხარჯებზე ფინანსურ კონტროლს სეპარატისტული რეგიონის ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში რუსეთის სამინისტროც განახორციელებს. „ამცხარამ“ ხაზი გაუსვა, რომ ამგვარი ფორმულირება დამამცირებელია აფხაზეთისთვის და სვამს კითხვას, „როდიდან გახდა აფხაზეთის რესპუბლიკა ჩრდილოეთ კავკასიის სუბიექტი?“
პარტიამ ასევე გააკრიტიკა ის დიპლომატიური იმუნიტეტი, რომელსაც შეთანხმება ცენტრის თანამშრომლებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ითვალისწინებს, და აღნიშნა, რომ გაუგებარია, რისგან დაცვას ცდილობენ შეთანხმების ავტორები ცენტრის თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს რუსული მხრიდან. „ამცახარას“ კრიტიკის სამიზნე ასევე გახდა ის ფაქტი, რომ ცეტრის არსებობის ვადა შეუზღუდავია. პარტიის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი შანსი არ აქვს, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურა გახდეს“.
„ამცახარამ“ შეთანხმების ხელმოწერის გადადება მოითხოვა, რათა მასში ცვლილებები შევიდეს და „აფხაზეთის ეროვნული ინტერესები იქნას გათვალისწინებული“. მან მხარდაჭერის თხოვნით მიმართა სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციებს, კერძოდ „ვეტერანების ორგანიზაცია არუაას“.
კიდევ ერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ „აინარმა“ შეთანხმებას „შეუძლებელი და დამაზიანებელი“ უწოდა. „აინარმა“ მოითხოვა შეთანხმების ტექსტში იმის დაკონკრეტება, რომ ცენტრს არ აქვს უფლება, რომ „ოპერატიულ-საგამოძიებო საქმიანობები“ განახორციელოს აფხაზეთში. მან ასევე მოითხოვა რეგიონის პარლამენტისთვის ცენტრზე კონტროლის უფლების მინიჭება და მისი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების, კერძოდ კი იმუნიტეტით სარგებლობის და პრივილეგიების შეზღუდვა.
აფხაზეთის სახალხო ფრონტმა მართლმსაჯულებისა და განვითარებისთვის განაცხადა, რომ სოხუმის ხელმძღვანელობა ცდილობს „საზოგადოებას დაუმალოს ის უამრავი საფრთხე, რაც ხელშეკრულებას მოყვება“. პარტიამ სხვა ოპონენტების მსგავსად შეშფოთება გამოხატა ცენტრის ჩამოყალიბების გამო და აღნიშნა, რომ ის შეთანხმების წინააღმდეგ კოორდინაციას განახორციელებს სხვა „ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებთან“.
კიდევ ერთი განცხადება შეთანხმების წინააღმდეგ საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „კიარაზაა“ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ის „კატეგორიულად ეწინააღმდეგება ზე-ეროვნული სტრუქტურის“ შექმნას და მიაჩნია, რომ ის „მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს შეზღუდავს“. „კიარაზაამ“ ასევე განაცხადა, რომ ცენტრი აფხაზური სტრუქტურის კონტროლს არ დაემორჩილება და მათზე მეტი უფლებამოსილებით ისარგებლებს.
ვეტერანთა და ახალგაზრდობის კავშირმა „აფსნი“ სეპარატისტული რეგიონის შინაგან საქმეთა მინისტრს ასლან კობახიას მიმართა და განაცხადა, რომ სიტუაცია აფხაზეთში უკიდურესად დაძაბულია და კრიზისს უახლოვდება. კავშირის თქმით, ამგვარ ვითარებაში შეთანხმებას საზოგადოების დამატებითი გახლეჩა მოჰყვება.
სხვა პოლიტიკურმა ძალებმა მხარი დაუჭირეს შეთანხმებას. მთავრობის მხარდამჭერმა „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმმა“ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც შეთანხმების ოპონენტებს აკრიტიკებს. მან განაცხადა, რომ მიუხედავად „სპეკულაციებისა“, ცენტრის მთავარი ამოცანაა „მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა ორი მეგობარი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის“ და ოპოზიცია „აშკარა ფაქტების უგულებელყოფაში“ დაადანაშაულა.
პარტიამ ასევე აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც თავდაპირველად ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა 400-ს შეადგენდა, ახლა პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ 20 თანამშრომელს და მის არსებული ფორმულირება აღარ შეიცავს ცენტრის „ოპერატიულ-საგამოძიებო ფუნქციებს“.
ცენტრის ჩამოყალიბებას ასევე დაუჭირა მხარი პარტია „აფსნიმ“, რომელმაც გაოცება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ „გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს“ ეჭვი შეაქვთ შეთანხმების საჭიროებაში; პარტიამ ამგვარ წუხილებს „უსაფუძვლო“ უწოდა.
თბილისის რეაგირება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც დაგმო „რუსეთის ფედერაციასა და სოხუმში მის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. შეთანხმების ხელმოწერა“.
„რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, ხოლო ახლა საგამოძიებო და სამართალდამცავი ორგანოების შერწყმა, რომლებსაც ინტეგრაციის შესახებ 2014 წლის ე.წ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, წარმოადგენს ოკუპირებული რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მკაფიო დასტურს“, - განაცხადა სამინისტრომ.
განცხადების თანახმად, შეთანხმება სრულად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ისეთ ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს, როგორებიცაა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობა.
„ეს არის რუსეთის ფედერაციის გამიზნული ქმედება, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას, რომელსაც მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, „მსგავსი ქმედებები ხელს უწყობს რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას, ასევე ზიანს აყენებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს“.
„საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე უკანონო პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს მტკიცე და კონსოლიდირებული საერთაშორისო ძალისხმევის აუცილებლობას. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიის პრევენციისა და დეოკუპაციის მიზნით“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.