Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში საქართველოს ოფიციალურ პირებს შეხვდა
Civil Georgia, Tbilisi / 24 მაი.'17 / 11:21

თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდიმირი, შვიდი მინისტრის თანხლებით, საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა, რომლის ფარგლებშიც საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მე-2 სხდომას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები განიხილეს. ისინი ასევე შეეხნენ საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის განხორციელებაზე გაამახვილეს ყურადღება. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე ერთობლივი სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ეს კორიდორი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის" აღორძინების დიდი პროექტის“.

საბჭოს შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა დოკუმენტებს მოაწერეს ხელი ეკონომიკის, მართლმსაჯულების, კიბერუსაფრთხოების და კულტურის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეწყობის თაობაზე.   

საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მისი თურქი კოლეგის ვიზიტი საქართველოში, ასევე სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს არსებობა „თავისთავად ცალსახა დასტურია ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მკაფიოდ გამოხატული ნებისა და იმ სულისკვეთებისა, რომლითაც ვითარდება ორმხრივი ურთიერთობები“.

კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობების მიუხედავად, „გამოუყენებელი პოტენციალის რეალიზაცია უფრო მომგებიანს გახდის“ ამ ურთიერთობებს.

„დღეს ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ, რაც ამ მიმართულებით წინგადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი გახლავთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა „თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად გაფართოების“ მნიშვნელობას, რაც ქართველ მეწარმეებს თურქეთში ექსპორტის მოცულობის გაზრდის საშუალებას მისცემს.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდიმირმა თავის გამოსვლაში ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ იმუშავეს იმაზე, რომ სავაჭრო ურთიერთობაში უზრუნველყოფილი იყოს ბალანსი.

საბჭოს შეხვედრის შემდეგ თურქეთის პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და ნატო-საქართველოს ურთიერთობები განიხილეს.

„თურქეთი საქართველოს ძალიან აქტიური მხარდამჭერია ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით.  ვარშავის სამიტზე ხაზგასმით აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკა. შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემატიკაში კი, თურქეთს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის“, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.   

23 მაისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, რომელიც პრემიერ-მინისტრთან ერთად სტუმრობდა საქართველოს, თავის ქართველ კოლეგას მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების რიგი საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯანელიძემ თბილისის მადლიერება გამოხატა თურქეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ გამოხატული ცალსახა მხარდაჭერის გამო.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22