საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულმა 13-წევრიანმა კომისიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის ვაკანტური თანამდებობისთვის ხუთი კანდიდატი შეარჩია, განაცხადა იუსტიციის სამინისტრომ 28 მაისს.
კომისიამ შემდეგი კანდიდატები შეარჩია:
- ლადო ჭანტურია - საქართველოს ელჩი გერმანიაში 2014 წლიდან; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 1999-2004 წლებში; იუსტიციის მინისტრი 1998-1999 წლებში;
- სოფიო ჯაფარიძე - პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში 2014 წლიდან;
- შოთა გეწაძე - მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013 წლიდან;
- თამარ ალანია - მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013 წლიდან;
- ირაკლი დონდოლაძე - პროკურორი, მთავარი პროკურატურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
ხუთიდან სამ კანდიდატს საქართველოს მთავრობა შეარჩევს და ევროპის საბჭოს ექსპერტების საერთაშორისო ჯგუფს წარუდგენს, რომელიც მთავრობას კონფიდენციალურ რჩევას მისცემს პოტენციური კანდიდატების შესახებ, სანამ სამი კანდიდატის საბოლოო სია ასამბლეას წარედგინება.
პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების გამოხმაურება
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა კომისიის არჩევანი გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ კომისიის წევრების მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნებს აღძრავს.
ანა ნაცვლიშვილმა, რომელიც 13-წევრიანი კომისიის წევრი იყო კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის სახელით, განაცხადა, რომ „პროცესი გამოკვეთილად ცუდი არ ყოფილა, მაგრამ როგორც შედეგები გვაჩვენებს, შეფასების ობიექტურობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ვერ მოხვდნენ ის კანდიდატები, რომელთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება იმსახურებს, ჩემი შეფასებით და არა მხოლოდ ჩემი შეფასებით, ძალიან მაღალ ქულებს“.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც ასევე კომისიის წევრი იყო, კომისიის მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. „ამ ხუთეულში, სამწუხაროდ, არიან კანდიდატები, რომლებიც ჩემი შეფასებით არ იმსახურებდნენ საუკეთესო შეფასებას და კომისიის ზოგიერთი წევრის ობიექტურობის კითხვნის ნიშნები დგას“, - განაცხადა ნანუაშვილმა.
წუხილები ასევე გამოთქვეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
„ის, რომ დღეს უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტები კითხვას სვამენ, რა კრიტერიუმებით შეირჩა ის ხუთეული, ეს უკვე ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ ეს კითხვები შეიძლება გაჩნდეს სტრასბურგშიც. იქ შეფასდება მათი პროფესიონალიზმიც და მათ შორის ენის ცოდნაც. თუ აქ კვალიფიკაცია საკმარისი არ არის, ეს აუცილბელად გამოჩნდება სტრასბურგში“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოდან.
„რეალურად ქართულ ოცნებას, ივანიშვილს სურს, რომ შეარჩიოს ისეთი ტიპის მოსამართლე, რომელიც იქნება მათი ნების აღმსრულებელი და ამით მათ აქვთ მცდელობა გარკვეულწილად გავლენა მოახდინონ სტრასბურგის სასამართლოს გადაწვეტილებებზე“, - განაცხადა აკაკი მინაშვილმა ნაციონალური მოძრაობიდან.
მთავრობის პასუხი
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც კომისიას თავმჯდომარეობდა, უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ შერჩევის პროცესი „აბსოლუტურად გამჭირვალე“ იყო.
„თითოეულ წევრს კომისიის აქვს უფლება ჰქონდეს თავისი კითხვები, თითოეულ წევრს კომისიის აქვს უფლება ჰყავდეს ფავორიტი კანდიდატი. ჩვენ ვიმუშავეთ ორი დღის განმავლობაში აბსოლუტურად გამჭირვალედ... კანდიდატების მხრიდან არ გამოთქმულა პრეტენზიები და იყვნენ კანდიდიატები ამ ხუთეულში, რომლებზეც შედგა ფართო კონსესუსი“, - განაცხადა წულუკიანმა.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ 29 მაისს განაცხადა, რომ შერჩევის პროცედურები ისეთი „გამჭირვალე და დემოკრატიული“ იყო, რომ საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებისას არანაირი პრობლემები არ შეექმნებათ.
განმეორებითი შერჩევის პროცესი
განაცხადების მიღების პროცესი 21 თებერვალს მას შემდეგ დაიწყო, რაც 24 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მოსამართლეთა შერჩევის კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.
13 აპრილისთვის, როდესაც განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა.
კანდიდატების წინასწარი შეფასების შემდეგ კომისიამ 25 კანდიდატი შეარჩია. შემდეგ კანდიდატთა რაოდენობა 24-მდე შემცირდა, ვინაიდან ერთმა კანდიდატმა ენის გამოცდა ვერ ჩააბარა.
27-28 მაისს კომისიამ 23 აპლიკანტთან გასაუბრებები ჩაატარა (ერთმა კანდიდატმა თავისი განაცხადი უკან გაიტანა), საიდანაც საბოლოოდ 5 კანდიდატი შეირჩა.
მას შემდეგ, რაც ასამბლეა სამი კანდიდატის სიას მიიღებს (არაუგვიანეს 31 აგვისტოსი), ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტი თითოეულ კანდიდატს პირადად გაესაუბრება და მათ CV-ებს შეისწავლის, რის შემდეგაც სიის მიღების ან უარყოფის თაობაზე რეკომენდაციას გასცემს. რაც იმას ნიშნავს, რომ კომიტეტი ჩათვლის, ან არა, რომ სამი კანდიდატი საკმარისად კვალიფიციურია სამუშაოს შესასრულებლად. ამ შემთხვევაში, ის მიუთითებს, თუ რომელი კანდიდატები მიაჩნია უპირატესად. სხვა შემთხვევაში, სახელმწიფოებს სთხოვენ, რომ ახალი სია წარმოადგინონ.
ამის შემდეგ, 324 პარლამენტარისგან შემდგარი ასამბლეა თავის პლენარულ სხდომაზე ფარული კენჭისყრით კენჭს უყრის კანდიდატებს, კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით. პირველ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობაა საჭირო. თუ ეს ვერ იქნება მიღწეული, მეორე ტური გაიმართება და ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, ცხრა წლის ვადით იქნება არჩეული სასამართლოში.
სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში ასახული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სავარაუდო დარღვევების შესახებ ინდივიდუალურ თუ სახელმწიფო სარჩელებზე იღებს გადაწყვეტილებებს.
საქართველოს მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილი წინა მოსამართლის, ნონა წოწორიას ვადა 2017 წლის იანვარში ამოიწურა, თუმცა გახანგრძლივდა მას შემდეგ, რაც PACE-ს კომიტეტმა საქართველოს მიერ წარდგენილ კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა.