Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მარგველაშვილი და კობახიძე საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
Civil Georgia, Tbilisi / 19 ივნ.'17 / 16:03

19 ივნისს პრესკონფერენციაზე საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკონსტიტუციო რეფორმის პროცესის ხელის შეშლაში დაადანაშაულა და კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ადრინდელი მოწოდება კონსტიტუციის პროექტის პირდაპირ ეთერში განხილვასთან დაკავშირებით.

„[მარგველაშვილის უარი] ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი პოზიციები არის ძალიან მყარი და პრეზიდენტის პოზიციები არის ძალიან სუსტი. პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია ძალიან არასწორი გზა. ეს იყო კომისიასთან დაპირისპირების გზა, საქართველოს პარლამენტთან დაპირისპირების გზა და მას შემდეგ, რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე“, - განაცხადა კობახიძემ. 

თუმცა, მან იქვე დასძინა, რომ მზად არის პრეზიდენტთან ერთად სატელევიზიო განხილვაში მიიღოს მონაწილეობა.

პირველად პარლამენტის თავმჯდომარე სატელევიზიო დისკუსიის გამართვის ინიციატივით 17 ივნისს გამოვიდა. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვთავაზობთ გიორგი მარგველაშვილს, მისცეს საზოგადოებას საშუალება, პრეზიდენტისა და პარლამენტის პირველი პირისგან მოისმინოს არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ“, - განაცხადა მან და პრეზიდენტი რეფორმის პროცესის თაობაზე უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი კრიტიკის გაჟღერებაში დაადანაშაულა.

კობახიძემ განაცხადა, რომ საჯარო განხილვა დაარწმუნებდა საზოგადოებას იმაში, რომ დოკუმენტი სამართლებრივ პრინციპებს შეესაბამება.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციამ ამ შემოთავაზებას ერთი დღის შემდეგ უპასუხა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა 18 ივნისს, რომ პრეზიდენტი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მიწვევას, თუმცა სანაცვლოდ ამგვარი დისკუსიების ადგილად პრეზიდენტის სასახლეს სთავაზობს.

,,პრეზიდენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ფართო ჩართულობას  და მის მაღალ ლეგიტიმაციას, შესაბამისად ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ბიზნესასოციაციები და ფართოდ გაშუქდეს მედიის მიერ, ის პრობლემური საკითხები, რომელიც  ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს“,  - განაცხადა აბაშიშვილმა.

„ფაქტია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში საკმაოდ რთულ ფაზაშია და იმისათვის რომ ჩვენ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე, რომლის შესახებაც საუბრობს პრეზიდენტი მუდმივად და რომელზეც მიგვითითებს ახლა უკვე ვენეციის კომისია, საჭიროა, გარკვეული, რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა', - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის პასუხს 18 ივნისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი „არ არის მოწოდებული, ხელი შეუწყოს კონსესუსის ჩამოყალიბებას და თავს არიდებს ისეთ ფორმატს, რომელიც საზოგადოებას სრულფასოვან წარმოდგენას შეუქმნიდა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ“.

„პრეზიდენტს, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის მთავარი მოწინაადეგე იყო თვეების განმავლობაში, არ უნდა უჭირდეს საკუთარი პოზიციების დაცვა ღია ეთერში საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ქართული ოცნების და პირადად პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მხარდაჭერილ საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. კომისიის მუშაობას და შემდგომ საყოველთაო განხილვებს ოპოზიციის კრიტიკა ახლდა იმასთან დაკავშირებით, რომ მმართველი პარტია ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას გეგმავდა, რომელიც მის ძალაუფლებაში ყოფნას კიდევ უფრო გააძლიერებდა. განსაკუთრებული კრიტიკის სამიზნე პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მინიჭების საკითხები გახდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7