Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, განახლებული შემადგენლობით, პირველი სხდომა გამართა
Civil Georgia, Tbilisi / 4 ივლ.'17 / 16:21

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელიც სასამართლო სისტემის მთავარი მაკოორდინირებელი ორგანოა, 3 ივლისს, განახლებული შემადგენლობით, პირველი სხდომა გამართა. სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე,  ხმათა უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით, მოსამართლე ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 15-წევრიანი შემადგენლობა, 2017 წლის ივნისში, რვა წევრით განახლდა. მოსამართლეთა კვოტით არსებული ოთხი ვაკანსია მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანომ შეავსო. არამოსამართლე წევრთათვის განკუთვნილი ოთხი ადგილი კი, კონკურსის გზით, საქართველოს პარლამენტმა დააკომპლექტა.

21 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა, საბჭოს არამოსამართლე წევრებად, ფარული კენჭისყრით, ნაზიბროლა ჯანეზაშვილი, ირმა გელაშვილი, ლევან გზირიშვილი და ზაზა ხარებავა დაამტკიცა. 24 ივნისს, მოსამართლეთა 21-ე რიგგარეშე კონფერენციაზე კი, ხმათა ორი მესამედით, საბჭოს მოსამართლე წევრებად - ირაკლი შენგელია, ირაკლი ბონდარენკო, დიმიტრი გვრიტიშვილი და ვასილ მშვენიერაძე აირჩიეს. იმავე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრებიდან, საბჭოს მდივნად აირჩიეს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017 წლის აპრილში გახდა. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების შერჩევის პროცესი „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შექმნილმა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციამ გააკრიტიკა. 3 ივლისს, საბჭოს განახლებული შემადგენლობისთვის გაგზავნილ მიმართვაში, კოალიციამ ყურადღება შესარჩევი პროცედურების ნაკლოვანებებსა და ხარვეზებზე გაამახვილა, თუმცა, იქვე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა. 

არამოსამართლე წევრების შესარჩევად ჩატარებულ კონკურსზე საუბრისას,  კოალიცია ხაზს უსვამს შესარჩევი პროცედურების ფორმალურ ხასიათს და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, საკანონმდებლო ორგანომ დროულად ვერ უზრუნველყო კანდიდატების განხილვისა და შეფასების სათანადო პროცედურების პარლამენტის რეგლამენტით გაწერა“. 

„მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესის არსებობისა, [იურიდიულ საკითხთა] კომიტეტის წევრებს და დამსწრე პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა კონკრეტული კითხვებით მიემართათ კანდიდატებისათვის“, - ნათქვამია კოალიციის 3 ივლისის განცხადებაში.

მსგავს შენიშვნებს კოალიცია გამოთქვამს მოსამართლეთა კონფერენციის მიმართაც. განცხადებაში, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ არც კანდიდატებს ჰქონდათ სხდომაზე საკუთარი ხედვების წარმოდგენის შესაძლებლობა და არც დამსწრე მოსამართლეების მხრიდან დასმულა შეკითხვები კანდიდატების მისამართით. 

„კოალიციამ არაერთხელ მოუწოდა მოსამართლეთა კონფერენციას, საბჭოს წევრებად ნომინირებული კანდიდატებისათვის მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვის წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემისა და ასევე კანდიდატებისათვის კითხვების დასმისკენ. სამწუხაროდ, აღნიშნული მოწოდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ამ არჩევნებზეც არ იქნა გათვალისწინებული“,- ამბობენ კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები.

კრიტიკული შენიშვნების ფონზე, კოალიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს და მოუწოდებს საბჭოს, ხელისუფლების სხვა შტოებთან ერთად, სასამართლო სისტემის თვისებრივი რეფორმა გაატაროს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების მაკოორდინირებელი ორგანოა. იგი შექმნილია  სასამართლოს დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით. საბჭოს კომპეტენციაში შედის  მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება (გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და წევრებისა), ასევე მოსამართლეების წინააღმდეგ დისციპლინარული დევნის წარმოება. საბჭო ასევე შეიმუშავებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ წინადადებებს.

კანონის მიხედვით, საბჭოს 15-წევრიან შემადგენლობაში შედიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული რვა მოსამართლე წევრი, ასევე - ექვსი არამოსამართლე წევრი, რომელთაგან ხუთს - საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი - საქართველოს პრეზიდენტი წარადგენს. 

საყურადღებოა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების მოქმედი წესი 2013 წელს, ქართული ოცნების მთავრობამ, მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, დანერგა

მართლმსაჯულების სისტემაში საკანონმდებლო და ინსტიტუციური სიახლეები სამ ეტაპად განხორციელდა და „რეფორმის მესამე ტალღად“ ცნობილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პარლამენტმა, საბოლოოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, 2017 წლის თებერვალში მიიღო.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18