Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
Civil Georgia, Tbilisi / 27 ივლ.'17 / 19:08

უკრაინის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გამოსცა ბრძანება მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ.

პოროშენკომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, ოდესის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე მიანიჭა.
სააკაშვილი გუბერნატორის თანამდებობიდან 2016 წლის ნოემბერში, პოროშენკოსთან ურთიერთობების გაუარესების გამო გადადგა, ოპოზიციაში გადავიდა და 2017 წლის დასაწყისში საკუთარი პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დააფუძნა.  

უმაღლესი რადას წევრმა და უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც საქართველოს მიერ რამდენიმე დანაშაულისათვის იძებნება, მოქალაქეობა „მოქალაქეობის შესახებ“ უკრაინის კანონის მე-19 და 21-ე მუხლების საფუძველზე შეუწყდა. 

გერაშენკოს თანახმად, „საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ახალხან მიაწოდა უკრაინულ მხარეს რამდენიმე ფაქტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას ცნობილი არ იყო და რომელიც მიხეილ სააკაშვილმა განზრახ დამალა“. 

მან ასევე აღნიშნა, რომ „მოქალაქეობის შეწყვეტა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პირი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობის მიღება სურს, მცდარ მონაცემებს ან ყალბ დოკუმენტებს წარმოადგენს, ან თავისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფაქტებს დამალავს“.

ამჟამად, სააკაშვილის მოქალაქეობის სტატუსი გაურკვეველია, ვინაიდან პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა იმ საფუძვლით, რომ მან სხვა ქვეყნის -  უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.  

სააკაშვილი, რომელიც პოროშენკოს შესაბამისი ბრძანების გამოცემისას, აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის იბრძოლებს თავისი კანონიერი უფლებისათვის, დაბრუნდეს უკრაინაში. მან ასევე აღნიშნა, რომ პოროშენკომ მას მოქალაქეობა „მალულად“, უკრაინაში მისი არყოფნისას ჩამოართვა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოროშენკომ 24 ივლისს უკრაინის მოქალაქეობის კომიტეტში ახალი წევრები წარადგინა, იმ მიზნით „რომ ჰყოლოდა მთლიანად მორჩილი კომისია, რომელიც პრეზიდენტის ნებისმიერ სურვილს დათანხმებოდა“.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის მმართველების რეაქციაა, რომლებმაც „გააცნობიერეს, რომ მათი ოლიგარქიული გარიგების დასასრულებლად ოპოზიცია გაერთიანებას და შემოდგომაზე ქუჩაში გამოსვლების დაწყებას აპირებდა“.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ პოროშენკომ „წითელი ხაზი გადაკვეთა“ და რომ ეს ქმედებები მისი და მისი მთავრობის „გარდაუვალ მარცხს“ გამოიწვევს, რაც არჩევნებამდე მოხდება. 

სააკაშვილმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ პოროშენკოს მიერ საქართველოში ახლახან განხორციელებული ვიზიტი ემსახურებოდა არა „ქვეყნებს შორის ურთიერთობების გამყარებას, არამედ პოროშენკოს და გაზპრომის უმსხვილესი კერძო აქციონერის, ბიძინა ივანიშვილის, ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმების მიღწევას“.

„მათ მოიგონეს, რომ თითქოს, უკრაინის პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები მიიღო. ეს ტყუილია! უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შემდეგ, საქართველოში ჩემ წინააღმდეგ ახალი გამოძიება არ დაწყებულა“, - ამბობს სააკაშვილი. 

სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას რუსეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი, 27 ივლისს, ფეისბუქზე გამოეხმაურა. მან „საკვირველი“ უწოდა „სააკაშვილის ბედს“ და „უკრაინის ხელისუფლების თანმიმდევრულობას“. მედვედევმა პოსტი ინგლისური ფრაზით - “show must go on“ - დაასრულა.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23