Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბალტიისპირეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე
Civil Georgia, Tbilisi / 25 სექ.'17 / 15:42


ევროკავშირის დროშა. ფოტო: europa.eu

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის - საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პარლამენტებმა 3 ივლისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც მოუწოდებენ ევროპარლამენტს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე რეზოლუცია მიიღოს, რომელშიც კიდევ ერთხელ მოუწოდეს ევროპულ საბჭოს, რომ სამ ასოცირებულ ქვეყანას ევროკავშირში წევრობის პერსპექტივა გაუხსნას.

Civil.ge-მ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიმართა და ბრიუსელში ნოემბერში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, ასევე სამიტის მოლოდინებზე კომენტარი სთხოვა. მის თხოვნას სამი ადრესატი გამოეხმაურა, მათ შორის ესტონეთის და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროები და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

აღმოსავლეთ პარტნიორობამ დაადასტურა, რომ ღირებული ფორმატია ევროპაში თანამშრომლობის, სტაბილურობის და კეთილდღეობისთვის. ამიტომაც, გვინდა, რომ ჩვენი თავმჯდომარეობის დროს ამაზე გავამახვილოთ ყურადღება. სამიტს აღმოსავლეთ პარტნიორობის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკურ ერთგულებად განვიხილავთ.

ის ასევე კარგი შანსია იმისათვის, რომ ბოლოდროინდელ დადებით მოვლენებზე გამახვილდეს ყურადღება - ესაა საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის მინიჭება. ასევე ვიმედოვნებთ, რომ დაიდება ახალი ჩარჩო ხელშეკრულება ევროკავშირსა და სომხეთს შორის. დარგობრივ თანამშრომლობაში წინსვლაა. ჩვენი სურვილია, რომ სამიტზე შორსმჭვრეტელური დღის წესრიგი შემუშავდეს.

პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირთან ურთიერთობებში განსხვავებული დონის ამბიციები აქვთ. ამიტომ, ჩვენი შეთავაზებაც მათ მიმართ დიფერენცირებულია და მათ სუვერენულ არჩევანს ეფუძნება. სამიტმა თითოეულ პარტნიორს კონკრეტული შედეგი უნდა მოუტანოს. ამიტომაც, სამიტმა უნდა განსაზღვროს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონკრეტული და გასაგები სარგებელი ხალხისთვის.  

ევროკომისიის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტის „აღმოსავლეთ პარტნიორობა - 20 შედეგი 2020 წლისთვის“ საპასუხოდ, რამდენიმე პარტნიორმა ქვეყანამ გაახმოვანა იდეა ჩვენი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების შესახებ. ეს ძალიან სასარგებლოა და ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ მის განხორციელებას ისე, რომ როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეებმა მიიღონ სარგებელი. 

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლატვია ყოველთვის მტკიცედ უჭერდა მხარს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკას და ყოველთვის იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ძალისხმევის მტკიცე მხარდამჭერი. რაც შეეხება თქვენს კითხვას აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის შედეგის და პარტნიორი ქვეყნების მოლოდინების შესახებ, ამ დროისთვის მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მუშაობა მიმდინარეობს. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის მიღების საკითხის განხილვა კვლავ გრძელდება.       

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი

ჩვეულებრივ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადება იძლევა შესაძლებლობას, რომ შეფასდეს, თუ სად ვართ და განვიხილოთ ჩვენი მომავალი ხედვა.

მე დარწმუნებული ვარ იმ ნაწილში, რომელიც ეხება იმას, თუ „სად ვართ“ - ჩვენ ბევრს მივაღწიეთ; საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებაში ამოვწურეთ ის თავდაპირველი დღის წესრიგი, რომელიც პრაღის სამიტზე განისაზღვრა. სამი პარტნიორი, რომელიც ასოცირების შეთანხმებებს და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს ახორციელებს და უვიზო რეჟიმი აქვს ევროკავშირთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის დაწყებიდან მხოლოდ 8 წელიწადში - არის ის, რითიც ნამდვილად უნდა იამაყო. იმავდროულად, ნათელია, რომ ახლა დგება წარმატების, ან წარუმატებლობის მომენტი, რომელსაც თან ახლავს ასოცირების შეთანხმებების განხორციელების გამოწვევა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბრიუსელის სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ საჭიროა ამ ამოცანის მხარდაჭერა დიფერენციაციიის და „მეტი მეტისთცის“ პრინციპის თანახმად.

რაც შეეხება მომავალ ხედვას, მე მტკიცედ მჯერა, რომ ის, რაც ითქვა რომის დეკლარაციაში („ჩვენ გვსურს კავშირი, რომელიც ღია დარჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ ჩვენს ღირებულებებს და მზად არიან ხელი შეუწყონ მათ“), უნდა შეეხოს არა მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებსაც. ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენი აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორი ქვეყნებისთვის, ასოცირების შეთანხმება არ არის საბოლოო მიზანი ევროკავშირთან მათ ურთიერთობებში; თუმცა, იმავდროულად, უნდა ვაღიარო, რომ აქ გრძელვადიან პერსპექტივაზეა საუბარი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ასოცირების შეთანხმებები წარმოადგენს რეფორმების ძალიან ამბიციურ საგზაო რუკას - საბოლოო ჯამში, მათი განხორციელება საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას წევრობის კრიტერიუმების შესრულებამდე მიიყვანს.    

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
48