მიხეილ ჯანელიძე, 19 ოქტომბერი, 2017. ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებულ სამიტს „კარგ ფორმაში“ ხვდება და „მზად არის უფრო მეტი გააკეთოს, ვიდრე ასოცირების შეთანხმება ითხოვს ჩვენგან, ვინაიდან ჩვენ ამას ევროკავშირში ჩვენი მომავლისთვის ვაკეთებთ“, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 19 ოქტომბერს.
თავის შესავალ სიტყვაში, ევროპარლამენტარებისადმი მიმართვისას, ჯანელიძემ აღნიშნა, რომ იგი ამაყია, რომ წარმოადგანეს ქვეყანას, რომელიც ყველაზე ძლიერად ისწრაფვის ევროკავშირისკენ და დასძინა, რომ „საქართველოს მთელი მოსახლეობის დაახლოებით 80% ევროკავშირში ინტეგრაციას უჭერს მხარს“. მისი თქმით, „საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია ქვეყნის ევროპული მისწრაფებების შედეგია“.
ჯანელიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს როლზე აზიის ბაზრებზე ევროპის წვდომის გაფართოების საქმეში და აღნიშნა, რომ საქართველომ გაზარდა ინვესტიციები საგზაო ინფრასტრუქტურაში, ღრმაწყლოვან პორტს აშენებს შავ ზღვაზე და ამთავრებს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს საკუთარი წვლილი შეაქვს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების საქმეში.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეახსენა ევროპარლამენტის წევრებს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს რეგიონების ოკუპაციას აგრძელებს და „შთანთქვას აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებს თავის პოლიტიკურ, სამხედრო, უსაფრთხოების და სოციალურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებების და თანმდევი უკანონო შეთანხმებების მეშვეობით“.
მინისტრმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საფრთხეს უქმნის „არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ რეგიონს,“ რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, ვინაიდან რუსეთი „უგულებელყოფს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებებს და აფერხებს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბებას, როგორც ეს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მე-5 მუხლითაა გათვალისწინებული“.
ჯანელიძემ ეთნიკურ დისკრიმინაციაზეც ისაუბრა, „რაც კიდევ უფრო გაძლიერდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში“ და ამ კუთხით, მან სოფელ ერედვში ეთნიკური ქართველების სახლების დანგრევის საკითხი წამოწია, რაც მისი თქმით, მიზნად ისახავს „ქართული კვალის სამუდამოდ ამოშლას, რუსიფიკაციას და ამ რეგიონების ანექსიისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებს“.
სხვა მაგალითებს შორის მან ასევე დაასახელა ზეწოლა ეთნიკურ ქართველებზე აფხაზეთში, რომ გვარები და ეროვნული იდენტობა შეიცვალონ, ასევე უარი, რომ გალის რაიონში და ახალგორში მცხოვრებმა ბავშვებმა განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ. ჯანელიძის თქმით, დევნილებს არ ეძლევათ უფლება, რომ საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ.
ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის წევრებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის დაყენებისთვის და აღნიშნა, რომ კვლავაც ელის მათ მხარდაჭერას ამ კუთხით „შესაბამისი რეზოლუციების და განცხადებების“ მეშვეობით.
Excellent meeting between Georgian and Belgian FMs @dreynders & @JanelidzeMkh. 25 years of friendship and increasing cooperation pic.twitter.com/CONWYWgG4v
— Natalie Sabanadze (@natasabanadze) October 19, 2017
ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ბელგიის პრემიერ მინისტრის მოადგილეს, საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს. საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ბელგიას წლების განმავლობაში საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და რეფორმების განხორციელების კუთხით აღმოჩენილი თანადგომისთვის. მინისტრებმა ასევე განიხილეს ბელგიის ბიზნეს დელეგაციის მომავალი ვიზიტი საქართველოში. დიდიე რეინდერსმა კიდევ ერთხელ გამოხატა ბელგიის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.