Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №7
Civil Georgia, Tbilisi / 2 ნოე.'17 / 13:38


საკრებულოს პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები ქვეყნის მასშტაბით.

2017 წლის 21 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით ირჩევდნენ. 

Civil.ge აქტიურად აშუქებდა წინასაარჩევნო კამპანიას და მკითხველს, ყოველკვირეული მიმოხილვების მეშვეობით, არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების საქმიანობასა და ხედვებს აცნობდა.

მეშვიდე გამოცემაში გთავაზობთ საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ეტაპის, კენჭისყრის დღისა და შემდგომი პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვას. 

წინა პერიოდის გამოცემები: №1, №2, №3, №4, №5 და №6.

კამპანიის დასასრული და წინასაარჩევნო გარემოს შეფასება:

  • წინასაარჩევნო კამპანიის დასასრულს, ორ სატელევიზიო არხზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხისა და „რუსთავი 2“-ის ეთერში, თბილისის მერობის კანდიდატთა დებატები გაიმართა. გარდა ამისა, პოლიტიკურმა პარტიებმა - ერთობა-ახალმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ, შენების მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ და ქართულმა ოცნებამ - კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიებები გამართეს. 
     
  • ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს ლიდერებმა - პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა - საზოგადოებას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდეს
     
  • წინასაარჩევნო კამპანიის დასასრულს, არჩევნების მონიტორინგში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა - სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ - წინასაარჩევნო გარემოს ერთობლივი შეფასება გამოაქვეყნეს. „წინასაარჩევნო პერიოდი, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და პოლიტიკური პარტიების აქტივობა შესამჩნევი იყო“, - აღნიშნეს არასამთავრობოებმა, თუმცა ყურადღება მმართველი პარტიის „დომინანტურ მდგომარეობაზეც“ გაამახვილეს. 
     
  • ძირითადად მშვიდი წინასაარჩევნო პერიოდი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, 19 ოქტომბერს, არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე მომხდარმა თავდასხმამ დაჩრდილა. დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ხუთი ადამიანი, მათ შორის, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ჯეიხუნ ჩოიდაროვი, მარნეულის საკრებულოს მოქმედი წევრი, ასევე ქართული ოცნების სამი მხარდამჭერი, დაჭრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.

არჩევნების დღე და წინასწარი შედეგები:

  • 21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო მერობის 369 კანდიდატი, მათ შორის 13 კანდიდატი - თბილისში. რეგისტრირებული მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობა 4 727-ს, პარტიული სიით საკრებულოს წევრობის კანდიდატების რაოდენობა კი 12 902-ს შეადგენდა. არჩევნებში მონაწილეობა 22-მა პოლიტიკურმა პარტიამ, 5 საარჩევნო ბლოკმა და 201-მა საინიციატივო ჯგუფმა მიიღო. 3 440 123 რეგისტრირებული ამომრჩეველიდან, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 569 992 ამომრჩეველი (45.64%) მივიდა. დღის ბოლოს, ტელეკომპანიების - „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ - ეგზით პოლებიდან ცნობილი გახდა, რომ თბილისში არჩევნებს ქართული ოცნება და მისი მერობის კანდიდატი, კახა კალაძე, იგებდა. იმავე საღამოს, პრემიერ-მინისტრმა მხარდამჭერებს გამარჯვება მიულოცა და ჩატარებულ არჩევნებს „ქართული დემოკრატიის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება“ უწოდა
     
  • 22 ოქტომბრიდან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე არჩევნების შედეგების ეტაპობრივი გამოქვეყნება დაიწყო. ცესკოს შეჯამებული მონაცემებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში ხმათა 51.09%-ით ქართული ოცნების კანდიდატმა, კახა კალაძემ, გაიმარჯვა. მეორე ადგილზე, ხმათა 17.48%-ით დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი გავიდა. მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი, რომელმაც ხმათა 16.59% მიიღო. ევროპული საქართველოს კანდიდატს, ელენე ხოშტარიას კი, რომელიც მეოთხე ადგილზე გავიდა, ამომრჩეველთა 7.11% მიემხრო. დედაქალაქის 50-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას 40 მანდატი ერგო. 
     
  • წინასწარი მონაცემებით, 64 მუნიციპალიტეტიდან 57-ში მერის არჩევნები ქართული ოცნების კანდიდატებმა მოიგეს. 6 საარჩევნო ოლქში, სადაც 12 ნოემბერს მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, პირველ ადგილზე ასევე ქართული ოცნების კანდიდატები გავიდნენ. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელმაც პროპორციულ არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით ხმათა 17.08% მიიღო, მერის არჩევნების მეორე ტურში გადასვლა მხოლოდ ორ ოლქში შეძლო. 
     
  • ოპოზიციური პარტიების საერთო წარუმატებლობის ფონზე, ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გამარჯვების მოპოვება მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა შეძლო. ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა, თამაზ მეჭიაურმა თიანეთის მერის არჩევნებში ერთი ხმის უპირატესობით გაიმარჯვა, თუმცა შემდგომ, თავისი შედეგის შესანარჩუნებლად, სასამართლო დავაში ჩართვა მოუწია. საბოლოოდ მან საარჩევნო დავის მოგება შეძლო. მეჭიაურის კონკურენტი ქართული ოცნების კანდიდატი იყო.

არჩევნების წინასწარი შეფასებები:

  • შუალედური დასკვნების მიხედვით, რომელიც არჩევნების შემდეგ იქნა წარმოდგენილი, ყველა ძირითადი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია თანხმდება, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში და დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა. ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სხვადასხვა დარღვევას შორის, ყურადღება „ამომრჩევლის ნების კონტროლზე“ გაამახვილეს . NDI-მ თავის შეფასებაში ხაზი პოლიტიკური კონკურენციის ნაკლებობას გაუსვა, ეუთო/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ერთობლივ დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია ცალსახა იყო და ამან არჩევნების სხვადასხვა ასპექტზე იქონია გავლენა“. მოკლე განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ, რომელმაც არჩევნების თაობაზე ეუთოს შეფასებები გაიზიარა. 
     
  • „საერთო ჯამში, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუმცა იყო ბევრი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ასე გამოეხმაურა ჩატარებულ არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.
  • „მასობრივი გაყალბების, შანტაჟის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფონზე“, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 23 ოქტომბერს მერის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
     
  • არჩევნების შედეგებს უნდობლობა გამოუცხადა 13-მა არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიამ, რომელთა ხელმძღვანელებიც ე.წ. „ლიდერთა საბჭოში“ გაერთიანდნენ. „ლიდერთა საბჭომ“ განაცხადა, რომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
49