Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით რეკომენდაციებს კენჭს უყრის
Civil Georgia, Tbilisi / 8 ნოე.'17 / 18:06


ევროკავშირი აღმოსავლეთ მეზობლებთან თანამშრომლობას აძლიერებს. ფოტო: AP Images/European Union-EP

ევროპარლამენტი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს უყრის კენჭს, რომელიც ევროპული საბჭოს, ევროკომისიის და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიმართ რეკომენდაციებს შეიცავს.

რეკომენდაციებზე დებატები ევროპარლამენტში 14 ნოემბერს გაიმართება, ხოლო კენჭისყრა 15 ნოემბერსაა დაგეგმილი.

დოკუმენტი, რომლის ავტორებიც ევროპარლამენტარები - ლაიმა ანდრიკიენე (ევროპის სახალხო პარტია, ლიტვა) და კნუტ ფლეკენშტეინი (სოციალისტები და დემოკრატები, გერმანია) არიან, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 10 ოქტომბერს მიიღო 40 ხმით 6-ის წინააღმდეგ. ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე

რეკომენდაციების პროექტში ნათქვამია, რომ „ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას კვლავ საფრთხე ემუქრება მოუგვარებელი რეგიონული კონფლიქტების გამო, მათ შორის იმ კონფლიქტების გამო, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერაა ინიცირებული და კვლად აქტიურად მიმდინარეობს, მიუხედავად ქვეყნის მიერ საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვის თაობაზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებებისა“.

დოკუმენტი აღნიშნავს, რომ „ევროკავშირმა უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს მის სამეზობლოში მიმდინარე ყველა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში“ და დასძენს, რომ „რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ, ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და საქართველოს ორი რეგიონის მიმდინარე ოკუპაცია, ასევე რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეები, მათ შორის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები და პროპაგანდა, ზოგადად, ევროპულ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“.

დოკუმენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რუსეთზე კოლექტიური ზეწოლის მიზნით, ერთიანი ქმედებისკენ მოუწოდებს, ასევე რეკომენდაციას აძლევს მათ, რომ ხელი შეუწყონ მეზობლებთან რუსეთის კონფლიქტების მოგვარებას, მათ შორის „რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის მოგვარებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების რეალური შედეგების და რუსეთის მიერ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულმასშტაბიანი განხორციელების გზით“.

ევროპული მისწრაფებები, ნდობის ფონდი,  აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს მოდელი

დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის სხვა ინსტიტუციებს „დაადასტურონ, რომ ასოცირების შეთანხმებები საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს ევროკავშირთან მათ ურთიერთობებში; კიდევ ერთხელ აღიარონ ამ ქვეყნების ევროპული მისწრაფებები; აღნიშნონ, რომ ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების 49-ე მუხლის და 2017 წლის 25 მარტის რომის დეკლარაციის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოს შეუძლია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება იმ პირობით, თუ ის ასრულებს კოპენჰაგენის კრიტერიუმებს და იცავს დემოკრატიის პრინციპებს, რომ ის პატივს სცემს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ადამიანის უფლებებს, მათ შორის უმცირესობების უფლებებს და იცავს კანონის უზენაესობას; მოუწოდონ წევრ სახელმწიფოებს, ამ კუთხით, რომ ამბიციური დეკლარაცია მოამზადონ 2017 წლის [აღმოსავლეთ პარტნიორობის] სამიტისთვის, რომელშიც გრძელვადიანი მიზნები იქნება გაწერილი“.

დოკუმენტი ასევე სთავაზობს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფარგლებში მიმზიდველი გრძელვადიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის პლუს მოდელი იქნას განხილული იმ ასოცირებული ქვეყნებისთვის, რომელთაც ასოცირების შეთანხმებასთან და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელების კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება საბაჟო კავშირში, ენერგეტიკულ კავშირში, ციფრულ კავშირში და შენგენის ზონაში შესვლა“.

კიდევ ერთი რეკომენდაციის თანახმად, ევროკომისიამ, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, „უნდა იმუშაოს ევროპის საინვესტიციო გეგმის წარმატებული განხორციელების მიზნით“. ამავე რეკომენდაციის თანახმად, მათ ეთხოვებათ, უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მხარდასაჭერად, შექმნან ნდობის ფონდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება კერძო და სახელმწიფო ინვესტიციებზე.

იმავდროულად, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი იძლევა რეკომენდაციას, ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ „არ მოხდეს ყოვლისმომცველი შეთანხმების რატიფიცირება იმ ქვეყანასთან, რომელიც არ სცემს პატივს ევროკავშირის ღირებულებებს, რაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაში და ადამიანის უფლებათა დამცველების, არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტების შევიწროებაში, დაშინებასა და დევნაში გამოიხატება“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13