კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ეხმაურება მთავრობის მიერ დაგეგმილ რეორგანიზაციას, რომელიც, სხვა სტრუქტურულ ცვლილებთან ერთად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გაყოფას და მისი უფლებამოსილებების ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებზე განაწილებას ითვალისწინებს, და საკითხის შესახებ ფართო დისკუსიის გამართვას მოითხოვს.
CENN მიმართავს მთავრობას, რომ საზოგადოებას წარედგინოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის აუცილებლობის „დასაბუთებული არგუმენტაცია“; ასევე - სამინისტროს უფლებამოსილებების, ფუნქციების, მიმდინარე პროგრამების და სამართლებრივი პროექტების შესაბამისი უწყებებისათვის გადაბარების დეტალური გეგმა.
გარდა ამისა, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა მიეცეთ გონივრული ვადა სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის ანალიზისა და შენიშვნების მომზადებისთვის; პარლამენტს კი, უნდა წარედგინოს იმგვარი კანონპროექტი, რომელიც მომზადებული იქნება „მონაწილეობრივი პროცესის შედეგად შეთანხმებული გეგმის საფუძელზე“.
„CENN–ის წინასწარი შეფასებით, საქართველოს მთავრობის განცხადებებში იკვეთება გადაწყვეტილებების ნაჩქარევად, დასაბუთებისა და მონაწილეობრივი პროცესების გარეშე, გაუმჭვირვალედ მიღების რისკი, რამაც შეიძლება შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და ზიანი მიაყენოს საქართველოს, როგორც პარტნიორი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მიერ 15 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის მასშტაბური რეორგანიზაციის გეგმა 13 ნოემბერს წარადგინა. ინიციატივის მიხედვით, რამდენიმე სამინისტროს შერწყმა და რეორგანიზაცია იგეგმება.
წინასწარი ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაიყოფა. მისი უფლებამოსილებების ნაწილი, რომელიც ბუნებრივი რესურსების დაცვას ეხება, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. გარემოს დაცვის მიმართულება კი - სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენციაში შევა.