Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
2018 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია
Civil Georgia, Tbilisi / 14 დეკ.'17 / 10:45


პარლამენტის პლენარული სხდომა, ქუთაისი, 13 დეკემბერი, 2017. ფოტო: parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა 13 დეკემბერს, 111 ხმით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი შემუშავდა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რაც დეპუტატებმა გადამუშავებული პროექტის (2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე ვარიანტის) განხილვისას გამოთქვეს. 2018 წლის ბიუჯეტში ასევე ასახულია მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის გეგმაც, რომელიც რამდენიმე სამინისტროს შერწყმას ითვალისწინებს. 

მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 12.44 მლრდ ლარით განისაზღვრება, რაც გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით 48 მლნ ლარით მეტია, და თითქმის 1 მლრდ ლარით აჭარბებს 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2018 წლის ბიუჯეტში, მთავრობა საგადასახადო შემოსავლების სახით 9.49 მლრდ ლარის მობილიზებას გეგმავს, მათ შორის, საშემოსავლო გადასახადიდან - 2.78 მლრდ ლარს, მოგების გადასახადიდან - 630 მლნ ლარს, დღგ-დან - 4.4 მლრდ ლარს, აქციზიდან - 1.45 მლრდ ლარს, იმპორტის გადასახადიდან - 60 მლნ ლარს, ხოლო სხვა გადასახადებიდან - 170 მლნ ლარს ელის. 

2018 წლის ბიუჯეტი გრანტების სახით 414 მლნ ლარს მიიღებს, რაც 79 მლნ ლარით მეტია წინა ვარიანტთან შედარებით და 83 მლნ ლარით აჭარბებს 2017 წლის მაჩვენებელს. 2017 წელთან შედარებით 25 მლნ ლარით იზრდება „სხვა შემოსავლებიც“, რომელიც 410 მლნ ლარით განისაზღვრება. 

მომავალი წლის ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.5%-ს შეადგენს, ინფლაციის მაჩვენებელი კი 3.5%-ის ფარგლებში განისაზღვრება. ამასთან, აშშ დოლართან მიმართებაში ლარის კურსი 2.5 ნიშნულზეა გაანგარიშებული.

2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებები 12.45 მლრდ ლარით განისაზღვრება, რაც გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით 56.2 მლნ ლარით მეტია, და 739 მლნ ლარით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. 

2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, სამინისტროები შემდეგ დაფინანსებას მიიღებენ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 2017 წელთან შედარებით 112.2 მლნ ლარით იზრდება და 3.52 მლრდ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 28.3%-ს) შეადგენს.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1.81 მლრდ ლარზე მეტი, რაც 2017 წლის მაჩვენებელს 527 მლნ ლარით აღემატება.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 2017 წელთან შედარებით 70 მლნ ლარით იზრდება და 1.18 მლრდ ლარით განისაზღვრება. ამ დაფინანსებაში შედის ახალგაზრდობის პროგრამებისთვის გამოყოფილი 4.4 მლნ ლარი, რომელიც განათლების სამინისტროს გადაეცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციის ფარგლებში. ეს უკანასკნელი 2018 წლიდან უქმდება.  
  • ახალი უწყებისთვის - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 274 მლნ ლარი, აქედან - გარემოს დაცვაზე გამოყოფილია 40 მლნ ლარზე მეტი. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, რომელიც 2018 წლიდან უქმდება, 2017 წელს 35.7 მლნ ლარით დაფინანსდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი კი 322 მლნ ლარით განისაზღვრებოდა.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2018 წელს 229 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის, 82 მლნ ლარზე მეტი გამოყოფილია ენერგეტიკის სფეროსთვის. ამ უკანასკნელს აქამდე მართავდა ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც 2018 წლიდან ეკონომიკის სამინისტროს უერთდება. 2017 წლის ბიუჯეტში ენერგეტიკის სამინისტროსთვის გამოყოფილი იყო 197 მლნ ლარი, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 476 მლნ ლარს შეადგენდა.
  • თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით 100 მლნ ლარით იზრდება და 802 მლნ ლარს შეადგენს. ცვლილება სავარაუდოდ განპირობებულია ამერიკული ჯავშანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა „ჯაველინის“ დაგეგმილი შესყიდვით, რომლის შესახებაც 20 ნოემბერს გახდა ცნობილი. თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი 748 მლნ ლარს შეადგენდა.
  • ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, 35.4 მლნ ლარით მცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება, რომელიც, საბოლოოდ, 569 მლნ ლარს მიიღებს. ცვლილება გამოწვეულია შსს-ის სისტემიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და მატერიალური რეზერვების დეპარტამენტის გასვლით. 2017 წელს შსს-ის დაფინანსება 599 მლნ ლარი იყო.
  • სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ბიუჯეტი 150 მლნ ლარით განისაზღვრება, რაც 5 მლნ ლარით მეტია ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით და თითქმის 11 მლნ ლარით აჭარბებს 2017 წლის მაჩვენებელს.
  • ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტთან შედარებით, 2.9 მლნ ლარით იზრდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებაც, რომელიც 120.9 მლნ ლარით განისაზღვრება. ცვლილება განპირობებულია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაერთიანებით. ამ უკანასკნელის ბიუჯეტი 2017 წელს 2.8 მლნ ლარს შეადგენდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი კი 115 მლნ ლარი იყო.
  • ახალი უწყება - კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2018 წელს 285 მლნ ლარს მიიღებს, მათ შორის, 124 მლნ ლარი სპორტის განვითარებაზე დაიხარჯება. ამ მიმართულებას აქამდე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მართავდა, რომლის გაუქმებაც მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში იგეგმება. 2017 წლის ბიუჯეტში სპორტის სამინისტროსთვის 146 მლნ ლარი იყო გამოყოფილი. კულტურის სამინისტროს დაფინანსება კი თითქმის 100 მლნ ლარს შეადგენდა.
  • იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება 63 მლნ ლარს შეადგენს, რაც 2017 წელთან შედარებით 1 მლნ ლარით მეტია.
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთვის 2018 წლის ბიუჯეტში გამოყოფილია 96.2 მლნ ლარი. 2017 წლის დასაწყისში სამინისტროს დაფინანსება 84.7 მლნ ლარს შეადგენდა, თუმცა დეკემბერში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტი 99.8 მლნ ლარამდე გაიზარდა.  
  • 2017 წელთან შედარებით უცვლელი რჩება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება, რომელიც 82.3 მლნ ლარს შეადგენს.
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის 2018 წელს გათვალისწინებულია 1.6 მლნ ლარი, რაც 400 ათასი ლარით მეტია 2017 წელთან შედარებით.

2017 წელთან შედარებით, უცვლელი რჩება დაზვერვის სამსახურის დაფინანსება, რომელიც 13.5 მლნ ლარით განისაზღვრება. ამასთან, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის თავდაპირველი გეგმით, ამ უწყების გაერთიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან იგეგმებოდა, რის შედეგადაც 2018 წელს სუს-ის ბიუჯეტი 137.5 მლნ ლარამდე იზრდებოდა. 

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 4 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომლითაც ორი უწყების შერწყმის გეგმა გაუქმდა, 2018 წლის ბიუჯეტში, დაზვერვის სამსახური კვლავაც „ცალკე მხარჯავ სუბიექტად“ განისაზღვრება. მინისტრს არ დაუზუსტებია სუს-ის მომავალი წლის დაფინანსება. 2018 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტში, რომელიც დეპუტატებს ოქტომბრის ბოლოს წარედგინათ, სუს-ის დაფინანსება 123 მლნ ლარით იყო განსაზღვრული.

ახალი უწყება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრთან არსებული კრიზისების მართვის საბჭოს და შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შერწყმის შედეგად ყალიბდება, 2018 წელს 82 მლნ ლარს მიიღებს. 

2017 წელთან შედარებით, 2018 წელს უცვლელი რჩება პარლამენტის (52 მლნ ლარი), მთავრობის ადმინისტრაციის (16.5 მლნ ლარი), საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის (9.8 მლნ ლარი) და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის (5 მლნ ლარი), ასევე - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (14.5 მლნ ლარი) დაფინანსება. ამასთან, მთავრობის სარეზერვო ფონდი 10 მლნ ლარით იზრდება და 50 მლნ ლარს აღწევს. 

2018 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება, 2017 წელთან შედარებით, 7 მლნ ლარით იზრდება და 67 მლნ ლარს აჭარბებს. აქედან 40 მლნ ლარზე მეტი საპრეზიდენტო არჩევნების ორგანიზებას მოხმარდება. 

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, 2018 წელს საერთო სასამართლოები მიიღებენ 71.1 მლნ ლარს; უზენაესი სასამართლო - 8.4 მლნ ლარს, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო  - 4.15 მლნ ლარს.

2017 წელთან შედარებით, 700 ათასი ლარით მეტს მიიღებს სახალხო დამცველის აპარატი და მისი დაფინანსება 5.5 მლნ ლარს მიაღწევს. 

2017 წელთან შედარებით, თითქმის 6.1 მლნ ლარით იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც და 2018 წლისათვის 52.5 მლნ ლარს შეადგენს. 

საქართველოს საპატრიარქო კი, 2018 წელს კვლავაც 25 მლნ ლარის ოდენობის საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს.

2018 წლის ბიუჯეტის თანახმად, სამხარეო ადმინისტრაციების დაფინანსება 2017 წელთან შედარებით პრაქტიკულად უცვლელი დარჩება და 6.13 მლნ ლარით განისაზღვრება, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა კი, თითქმის 93 მლნ ლარით იზრდება და 768 მლნ ლარს შეადგენს. 

საპარლამენტო ოპოზიციამ 2018 წლის ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო, თუმცა დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
44