Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ახალ კონსტიტუციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პირობები დაზუსტდება
Civil Georgia, Tbilisi / 15 დეკ.'17 / 18:50

საქართველოს პარლამენტმა დღეს 115 ხმით ახალ კონსტიტუციაში ინიცირებული ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო.

წინა ვერსიისგან განსხვავებით, მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტით ცვლილებები შეეხო ახალი კონსტიტუციის მე-18 მუხლს, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს არეგულირებს და განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება უარი ეთქვას პირს საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის გაცემაზე.

ახალი კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაცია არ გაიცემა, თუ იგი შეიცავს  სახელმწიფო საიდუმლოებას ან სხვა პირის კომერციულ, პროფესიულ ან პირად საიდუმლოებას.

განხორციელებული ცვლილებებით, ზუსტდება ინფორმაციისათვის სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსის მინიჭების მიზნები და ასეთად განისაზღვრება „სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა“ და „სამართალწარმოების ინტერესების დაცვა“. ცვლილებების შედეგად, მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ერთიანდება და, საბოლოოდ, ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

„ყველას აქვს უფლება კანონით დადგენილი წესით გაეცნოს საჯარო დაწესებულებაში მასზე არსებულ ან სხვა ინფორმაციას ან ოფიციალურ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის შეიცავს კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას, ან დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან სამართალწარმოების ინტერესების დასაცავად კანონით ან კანონით დადგენილი წესით აღიარებულია სახელმწიფო საიდუმლოებად“. 

ახალი კონსტიტუციის მე-18 მუხლში ცვლილებების შეტანა დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც ამ ინიციატივით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო გამოვიდა. თუმცა სამინისტროს მიერ მომზადებული ტექსტი განსხვავებული იყო და ადგენდა არა დოკუმენტების გასაიდუმლოების პირობებს, არამედ ზოგადად, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების შეზღუდვას, რამაც მმართველი გუნდის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოთქმული წინადადებების გარეშე დამტკიცდა.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას მკაცრი კრიტიკა სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც მოჰყვა. 13 დეკემბერს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, IDFI-მ, საია-მ, საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ფონდმა ღია საზოგადოებამ, ხაზი გაუსვა, რომ იუსტიციის სამინისტროს წინადადება „საჯარო ინფორმაციაზე წვდომის უფლების დაცულ სფეროში არათანაზომიერი ჩარევის მაღალი რისკის შემცვლელი ინიციატივაა“. 

ტექსტის „კომპრომისული ვარიანტი“, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას დამტკიცდა, კონსულტაციების შედეგად მომზადდა, რომელიც პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს შორის 14 დეკემბერს საღამოს გაიმართა

ახალ ინიციატივას და მის ნაჩქარევად მიღებას მოწინააღმდეგეები მმართველ გუნდში, საპარლამენტო ოპოზიციაში და სამოქალაქო სექტორშიც აღმოაჩნდა. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ იმ გარემოებაზე, რომ საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მარეგულირებელი მუხლები, თავის დროზე, კონსენსუსით იქნა მიღებული და საკონსტიტუციო ცვლილებების არც ერთ ეტაპზე მათი კორექტირების საჭიროება არც მმართველ გუნდს, არც იუსტიციის სამინისტროს, და არც ვენეციის კომისიას, რომელის რეკომენდაციების შესასრულებლადაც საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი რაუნდი დაიწყო, არ გამოუთქვამთ. 

„ჩემი თხოვნა იქნება, რომ ასეთ სტადიაზე ცვლილებები კონსტიტუციაში არ შევიდეს. ჩვენ ვართ OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, ჩვენ სხვა ქვეყნებს უნდა ვაძლევდეთ სტანდარტს გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით. ზედმეტ გამჭვირვალობას ქვეყანაში პრობლემა არასდროს არ შეუქნია. პრობლემას ქმნიდა ზედმეტი დახურულობა“, - განაცხადა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოში საჯარო ინფორმაციის შესახებ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაუკავშირეს ხელისუფლების სურვილს, „კორუფციული სქემები“ და თანამდებობის პირთათვის გაცემული „პრემიები და ჯილდოები“ დაფაროს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების „ერთ ღამეში მიღება“ გააკრიტიკეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა 15 დეკემბერს კიდევ ერთი ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ „კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში შემოტანილი დამატებითი ინიციატივები არის მოუმზადებელი და დაუსაბუთებელი, და არ ემსახურება კონსტიტუციური სტანდარტების და ინსტიტუტების გაძლიერებას“.

წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე და საბოლოო მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებენ.

ახალი კონსტიტუცია მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41