საქართველოს პარლამენტმა 22 დეკემბერს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, 63 ხმით სამის წინააღმდეგ, მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილებებს აფართოებს. დეპუტატებმა 66 ხმით სამის წინააღმდეგ ასევე მხარი დაუჭირეს თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში.
დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის უფლებამოსილება შემდეგი მიმართულებით ფართოვდება:
- საზოგადოებრივი მაუწყებელი აღარ იქნება ვალდებული მედიაპროდუქციის შესაძენად ან დასამზადებლად პროცედურები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის დაცვით წარმართოს. შედეგად, მაუწყებელს აღარ მოუწევს საჯარო ტენდერების გამოცხადება და მომწოდებლების შერჩევა კონკურენციის გზით.
- საზოგადოებრივ მაუწყებელს ექნება შესაძლებლობა, რომ სპორტულ და საერთაშორისო ღონისძიებებთან ერთად, კომერციული რეკლამა ნებისმიერი სხვა პროგრამის დროსაც განათავსოს, გარდა უქმე დღეებისა და სამუშაო დღეების „საუკეთესო დროისა“ (19:00 სთ-24:00 სთ). იზრდება კომერციული რეკლამის განთავსების ხანგრძლივობა (დღე-ღამის განმავლობაში 30 წუთიდან 60 წუთამდე). დასაშვები ხდება გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა. მცირდება სოციალური რეკლამისთვის გამოსაყოფი უფასო საეთერო დრო (ყოველ სამ საათში სავალდებულო 180 წამიდან - 90 წამამდე).
- საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელის საბიუჯეტო დაფინანსება ყოველწლიურად - მშპ-ის 0.14%-ს, მომავალი წლის ბიუჯეტში კი - 52.5 მლნ ლარს შეადგენს, აღარ იქნება ვალდებული წლის ბოლოს დარჩენილი თანხები სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნოს. მასვე ეძლევა უფლება, საბიუჯეტო სახსრები ნებისმიერი სახის დამწყები საწარმოს (სტარტაპის) დაფინანსებაზე მიმართოს.
- სხვადასხვა ვალდებულებისგან საზოგადოებრივი მაუწყებლის გათავისუფლების პარალელურად, იზღუდება მისი სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება. კერძოდ, საბჭო ვეღარ შეძლებს, დირექტორის თანხმობის გარეშე, მაუწყებლის სტრუქტურა შეცვალოს.
მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებელსა და კერძო ტელევიზიებს შორის უთანხმოების საგანს წარმოადგენს, რაც, ძირითადად, კომერციული რეკლამის ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციების შესაძლო გაძლიერებას უკავშირდება.
საკანონმდებლო ცვლილებებს არ ეთანხმება მმართველი გუნდის ნაწილიც. კერძოდ, დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისას, მხარი არ დაუჭირეს.
უცნობია, მოაწერს თუ არა ხელს კანონპროექტს საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მიმდინარე კვირას, კონსულტაციის მიზნით, შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო ტელეკომპანიების, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტისა და სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლებთან გამართა.
სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო მაუწყებლების წარმომადგენლებმა პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებისკენ მოუწოდეს.