Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აზერბაიჯანის სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა
Civil Georgia, Tbilisi / 13 იან.'18 / 13:31

აზერბაიჯანელ საგამოძიებო ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც გასული წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მომდევნო დღეს კი, აზერბაიჯანში იქნა დაპატიმრებული, 12 იანვარს ბელაქანის რაიონულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ჟურნალისტს ბრალი საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, დიდი რაოდენობით უცხოური ვალუტის გადატანასა და სამართალდამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებოდა. 
Meydan TV-ის თანახმად, სასამართლო სხდომაზე, მუხთარლის ადვოკატებმა - ელჩინ სადიგოვმა და ნემატ ქერიმლიმ განაცხადეს, რომ მუხთარლის საზღვარი ნებაყოფლობით არ გადაუკვეთია და რომ ის საქართველოდან იქნა გატაცებული. ამის დასადასტურებლად, ადვოკატებმა მტკიცებულებების სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მთავარი პროკურატურის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული განცხადებები წარმოადგინდეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობდა. დაცვის მხარემ სხვა მასალებიც წარმოადგინა, რომლითაც, მათი თქმით, საქართველოში მუხთარლიზე მიმდინარე თვალთვალის ფაქტები დასტურდებოდა. ადვოკატებმა მუხთარლის მიმართ დაწყებულ საქმეს „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს და ჟურნალისტის უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვეს.  
პროკურატურა ბრალდებულისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მუხთარლის 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა. 
სასამართლო პროცესზე აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ მის მიმართ სამართლებრივი დევნა მის ჟურნალისტურ საქმიანობას და აზერბაიჯანის ხელისუფლების კორუფციული საქმიანობის გამოძიებას უკავშირდება. „თქვენ შეგიძლიათ დაგვაპატიმროთ ან მოგვკლათ, მაგრამ ბრძოლას სხვები გააგრძელებენ. ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ილჰამ ალიევის დამხობა. ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს მივცეთ იმედი“, - მოჰყავს მუხთარლის სიტყვები რადიო თავისუფლებას.
მუხთარლის განაჩენს მისი მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, გამოეხმაურა. მუსტაფაევა საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს განაჩენი „საქართველოს და აზერბაიჯანის ხელისუფლებების ერთობლივი გადაწყვეტილებაა, ვინაიდან ქართული ოცნების მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, აფგანის დაპატიმრებისა და თავისუფლების აღკვეთის თანამონაწილეა. ეს იყო საქართველოში ორგანიზებული დანაშაული, რომელიც აზერბაიჯანში გაგრძელდა“, - ვკითხულობთ განცხადებაში. 
აზერბაიჯანის და საქართველოს ხელისუფლებების პასუხისმგებლობაზე საუბრობს  საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანი. მისი თქმით, მუხთარლი „სინდისის პატიმარია” და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 
აზერბაიჯანელი ჟურნალისტისთვის გამოტანილ განაჩენის თაობაზე “შეშფოთება” გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა. „ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მთავრობას, გაათავისუფლოს ბატონი მუხთარლი და ყველა სხვა პირი, რომელიც დაპატიმრებულია თავისი ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებისათვის”, - ნათქვამია განცხადებაში. სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმეზე „სრული, გამჭვირვალე და დროული” გამოძიება ჩაატაროს. 
აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა, ხოლო მეორე დღეს აზერბაიჯანის წინასწარი დაკავების იზოლატორში აღმოჩნდა. 30 მაისს აფგან მუხთარლიმ განაცხადა, რომ ის თბილისში, თავისი სახლის მახლობლად, უცნობმა პირებმა ძალით ჩასვეს მანქანაში. ჟურნალისტის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, რომელიც, მუხთარლის გაუჩინარების შემდეგ, თბილისში კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა, საქართველოს ხელისუფლებისგან მეუღლის გაუჩინარების საქმის და მასზე განხორციელებული თვალთვალის ფაქტების გამოძიებას მოითხოვდა. ოქტომბრის დასაწყისში მუსტაფაევამ საქართველო დატოვა და საცხოვრებლად ევროპაში გაემგზავრა.
ჟურნალისტის საქართველოდან გაუჩინარებას და აზერბაიჯანში დაპატიმრებას საქართველოს პრეზიდენტის, ქართული ოპოზიციური პარტიების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან აქტიური გამოხმაურება და პროტესტი მოჰყვა. მუხთარლის გაუჩინარების ფაქტზე საქართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დაიწყო. საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელიც საქმეზე მონიტორინგს აწარმოებდა, არაერთხელ მოითხოვა ხელისუფლებისგან მუხთარლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და საქმის ეფექტიანი გამოძიება. 
გასული წლის დეკემბერში, საპარლამენტო ოპოზიციასთან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების კომენტირებისას, პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა: „ეს ძალიან მძიმე საკითხია და იმასაც ვაღიარებთ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული ჩავარდნა”. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
34