Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა
Civil Georgia, Tbilisi / 16 იან.'18 / 14:15


წყარო: ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საკითხთა ფართო სპექტრის, მათ შორის საგარეო პოლიტიკის, მთავრობის საქმიანობისა და ადგილობრივი არჩევნების მიმართ რესპოდენტების განწყობებს აჩვენებს.

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა, NDI-ის დაკვეთით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური მხარდაჭერით, გამოკითხვა 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრამდე პერიოდში აწარმოა. კვლევის ფარგლებში წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2 298 რესპოდენტი გამოიკითხა; კვლევის ცდომილების ზღვარი +/-1.9 %-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ საქართველო „არასწორი მიმართულებით“ ვითარდება 39%-მდე გაიზარდა 2017 წლის ივნისში არსებულ 31%-თან შედარებით. რესპონდენტების 26%-ს მიაჩნია, რომ საქართველო „სწორი მიმართულებით“ ვითარდება, რაც 5 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2017 წლის ივნისთან შედარებით; ხოლო 32%-ს მიაჩნია, რომ საქართველო „საერთოდ არ იცვლება“ (35% 2017 წლის ივნისში).

კვლევის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებად რესპონდენტები სამუშაო ადგილებს (54%), ფასების ზრდას/ინფლაციას (35%), სიღარიბეს (30%), პენსიებს (25%), ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას (23%), ტერიტორიულ მთლიანობას (23%) და ხელფასებს (20%) მიიჩნევენ; ეს შვიდი პრიორიტეტული საკითხი ბოლო წლების მანძილზე არ შეცვლილა და წინა კვლევებში სხვადასხვა თანმიმდევრობით იყო წარმოდგენილი.

იმ რესპონდენტების რაოდენობა, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ემხრობიან, 2017 წლის ივნისში არსებული 77%-დან 72%-მდე შემცირდა. ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა მაღალია ქვეყნის მასშტაბით, თუმცა გამონაკლისს ეთნიკური უმცირესობების დასახლებები წარმოადგენს - 51%.

რესპონდენტების 64%-მა განაცხადა, რომ ისინი ემხრობიან საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რაც 2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 2017 წლის ივნისთან შედარებით. რესპონდენტების 26% ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია; 2017 წლის ივნისში ეს მაჩვენებელი 23%-ს შეადგენდა. ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ნატოში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა 2017 წლის ივნისში არსებული 29%-დან 36%-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება კითხვას საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ, რესპონდენტების 60%-მა (62% 2017 წლის ივნისში) უპასუხა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, ხოლო 29%-მა (23% 2017 წლის ივნისში) უპასუხა, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში. რესპონდენტების 8% არც ერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.  

კვლევის თანახმად, რესპონდენტების 53%-მა ქართული ოცნების ხელისუფლების საქმიანობა შეაფასა როგორც „საშუალო“; 13% - კარგი და 32% - ცუდი.

რესპონდენტების 66%-მა დაადასტურა, რომ მიიღო მონაწილეობა ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში. ამომრჩეველთა დიდმა რაოდენობამ განაცხადა, რომ არჩევნები უსაფრთხოდ (93%), მოწესრიგებულად (93%) და შევიწროების გარეშე (92%) ჩატარდა. მათ საარჩევნო კომისიის საქმიანობა შეაფასეს როგორც „საშუალო“ (40%), ან „კარგი“ და „ძალიან კარგი“ (42%). თუმცა, რესპონდენტების თითქმის მესამედმა განაცხადა, რომ ისინი ხმების დათვლის სისწორეში დარწმუნებული არ არიან.

ტელევიზია ქართული პოლიტიკის და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ რესპონდენტების 72%-ისთვის რჩება; შემდეგ მოდის ინტერნეტი - 21%. „რუსთავი 2“ და „იმედი“ ყველაზე სანდო ტელეკომპანიებად რჩებიან (თითოეული 46%). საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ნდობა 9%-ს შეადგენს, ხოლო ტვ პირველის მიმართ - 4%-ს.

ხუთშაბათს NDI გეგმავს საზოგადოებრივი აზრის კვლევის იმ ნაწილის გამოქვეყნებას, სადაც პოლიტიკური რეიტინგები იქნება მოცემული.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
54