Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კვირიკაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო
Civil Georgia, Tbilisi / 24 იან.'18 / 16:58


გიორგი კვირიკაშვილი სადისკუსიო პანელზე „სტრატეგიული ხედვა: ევრაზია“, დავოსი, 23 იანვარი, 2018. ფოტო: gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 23 იანვარს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, ევრაზიის საკითხებისადმი მიძღვნილ სადისკუსიო პანელზე გამოსვლისას, რეგიონში სტაბილურობის მიღწევის გზებზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე და რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკაზე ისაუბრა

„ჩვენ არ გვაქვს ნატოს მფარველობა, მაგრამ დასავლეთთან პარტნიორობა, ასევე მეგობრული ურთიერთობები მეზობლებთან და საერთო ინტერესების სფეროების მუდმივი ძიება წარმოადგენს ფორმულას ჩვენი რეგიონის სტაბილურობისათვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა და დასძინა, რომ „ეს არის ჩვენი მეხუთე მუხლი“.

რეგიონის სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანსა და თურქეთთან, ასევე ტრადიციული კეთილმეზობლური ურთიერთობები სომხეთთან და ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან. მისივე განცხადებით, „აბრეშუმის გზის“ და სხვა პროექტებმა „ახალი დინამიკა შემოიტანა“ რეგიონში. „შეუძლებელია ყოველივე ამის მიღწევა რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე, რაც შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი წინაპირობა მდგრადი მშვიდობისთვის“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

საქართველოს სტაბილურობაზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ღირებულებებზე, რომელიც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებულ არჩევანში გამოიხატა. მისივე თქმით, საქართველო ნაბიჯ-ნაბიჯ ჭეშმარიტ ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ყალიბდება, რომელიც „უნიკალურია თავისი ღიაობის თვალსაზრისით“. ამ მხრივ, მან ხაზი გაუსვა ევროკავშირთან და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების, ასევე „შიდა სტრუქტურული რეფორმების“ მნიშვნელობას.

გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის მიმართ საქართველოს პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია „დიდ პრობლემას წარმოადგენს, რომელთანაც გამკლავება ჩვენ გვიწევს კონსტრუქციული, მაგრამ, ამავე დროს, პრინციპული მიდგომის მეშვეობით“. მან პარალელები უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან გაავლო და აღნიშნა, რომ „ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს რეგიონულ კონფლიქტებთან დაკავშირებული დისკუსიების ქვაკუთხედი“. „ეს არის პრინციპი, რომლის ეჭვქვეშ დაყენება დაუშვებელია“, - დასძინა მან.

მისივე თქმით, ვაჭრობის, ტურიზმის, ასევე ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობების სფეროებში რუსეთთან თანამშრომლობა „მომავალში შეიძლება გახდეს ამოსავალი წერტილი კონფლიქტის პოლიტიკური გზით გადაჭრის შესახებ პოზიტიური დისკუსიების დასაწყებად“. 

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ცდილობს, დაარწმუნოს რუსეთი, რომ მისი პოლიტიკა, გახდეს დასავლური საზოგადოების წევრი, არ არის მიმართული რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. „ჩვენ უნდა ვეძებოთ პოზიტიური პლატფორმები, სადაც შევძლებთ საერთო ინტერესების გამონახვას“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში რამდენიმე მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრა გამართა.

24 იანვარს, გიორგი კვირიკაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს შეხვდა. მხარეებმა რეგიონული ენერგეტიკული პროექტები, ასევე ენერგეტიკის სფეროში საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს. 

23 იანვარს, გიორგი კვირიკაშვილი თავის ყირგიზ კოლეგას საპარ ისაკოვს შეხვდა და მასთან ერთად ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა. იმავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთანაც გამართა. ორი ქვეყნის ლიდერებმა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, ასევე ენერგოტრანზიტის და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსხვილი კორპორაციების, მათ შორის, Hillwood-ის, Lulu Group-ის, JSW Group-ის და Wipro-ს წარმომადგენლებს შეხვდა და, მათთან მოლაპარაკებების დროს, საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოს გაუსვა ხაზი.

გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან თომას ბახთანაც გამართა და გამოთქვა ინტერესი, რომ საქართველომ მომავალში ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლოს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გამოაგზავნის, რომელიც მთის კურორტების განვითარების პერსპექტივებს შეისწავლის.

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, გიორგი კვირიკაშვილს ახლდნენ ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და „თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13