Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ-ის ელჩი საქართველოში საქმიანობას ასრულებს
Civil Georgia, Tbilisi / 22 თებ.'18 / 18:25


აშშ-ის ელჩი საქართველოში, იან კელი. ფოტო: facebook.com/tbilisi.usembassy/

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი, რომელიც აშშ-ის დიპლომატიურ მისიას თბილისში 2015 წლის სექტემბერიდან ხელმძღვანელობს, საქართველოში მოღვაწეობასა და 33-წლიან დიპლომატიურ კარიერას ასრულებს და აპრილიდან აკადემიურ საქმიანობას ჩიკაგოში, ნორსვესტერნ უნივერსიტეტში გააგრძელებს. ამის შესახებ ელჩმა იან კელიმ საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

იან კელიმ თავის გამოსვლაში თავდაცვის, უსაფრთხოების, მართლმსაჯულების, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამა, ასევე დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე საუბრისას, იან კელიმ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის შემოღების, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიცირების, ასევე ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის შექმნის მნიშვნელობას. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩატარებული სამი არჩევნები „საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ღიად და გამჭვირვალედ იქნა მიჩნეული“.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აქ ყოფნის პერიოდში საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალი გზა გაფართოვდა, აუცილებელია, საქართველომ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი დასავლეთში და მისი ტრაექტორია გახდეს ჭეშმარიტად შეუცვლელი“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა და დასძინა, რომ „საქართველო სწორ გზაზე რჩება, თუმცა არის გარკვეული საკითხები, რაც გვაფიქრებს“.

იან კელის განცხადებით, „მმართველი პარტიის დომინანტური პოზიცია მთავრობის ყველა დონეზე ქმნის არათანაბარ დემოკრატიულ სამოქმედო არეალს“. მისივე თქმით, 2018 და 2020 წლების არჩევნები „პოლიტიკური პლურალიზმის შემდგომი ტესტი“ იქნება.

საარჩევნო გარემოზე საუბრისას, აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ სურს იხილოს „საარჩევნო კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და 2024 წელს პროპორციულ სისტემაზე სრულად გადასვლა, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების რეკომენდაციების გათვალისწინებით“. მისივე თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად, აუცილებელია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ფუნქციონირებდეს, როგორც „სრულად დამოუკიდებელი და სანდო“ ინსტიტუტი. 

იან კელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს „პლურალისტული პოლიტიკური გარემო“, სადაც ყველა პარტიას კონკურენციის გაწევის თანაბარი შესაძლებლობები ექნება, მოქალაქეებს კი არჩევანის განხორციელება თავისუფალად, ყოველგვარი ზეწოლისა და დაშინების გარეშე უნდა შეეძლებათ.

აშშ-ის ელჩმა სასამართლოს სისტემაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა. მისი თქმით, „აუცილებელია ქართველ ხალხს ჰქონდეს ნდობა მართლმსაჯულების მიმართ და იცოდეს, რომ მის უფლებებს დაიცავენ არა ცარიელი სიტყვით, არამედ საქმით“. მისივე განცხადებით, „გარეშე ზეგავლენისგან თავისუფალი“, მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა  უმნიშვნელოვანესია უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის.

იან კელიმ ყურადღება თავისუფალი და პლურალისტური მედიის მნიშვნელობაზეც გაამახვილა. მისი განცხადებით, „არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება ან სხვაგვარად ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა“. „არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება, ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას“, - დასძინა ამერიკის ელჩმა.

ელჩმა ხელისუფლების სისტემაში საქართველოს პარლამენტის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ხშირად „არ აქვს სათანადო რესურსები და ძალაუფლება გააკონტროლოს უფრო ძლიერი სამთავრობო ბიუროკრატია“. მისი განცხადებით, „ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემა გაამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო გახდება ძალაუფლებით სრულად აღჭურვილი ინსტიტუტი, შეიძენს ზედამხედველობის ფუნქციებს აღმასრულებელ შტოზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე“.

ელჩ იან კელის კანდიდატურა პრეზიდენტმა ობამამ დაასახელა და აშშ-ის სენატმა 2015 წლის ივნისში დაამტკიცა. 2015 წლის 17 სექტემბერს კი, პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ის საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობათა შესრულებას შეუდგა.

იან კელის საქართველოდან გამგზავრების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. ახალი ელჩის დანიშვნამდე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიურ მისიას ელჩის მოადგილე, ელიზაბეთ რუთი უხელმძღვანელებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36