Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
Civil Georgia, Tbilisi / 23 თებ.'18 / 20:31


მარგველაშვილმა წილკანში, გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. ფოტო:
facebook.com/PresidentMargvelashvili/


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, დაგმო რუსეთის „საოკუპაციო რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად“ ცხინვალში უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტი, აგრეთვე - საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის - ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის - დაკავება. 

სამინისტროს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საოკუპაციო ძალების მიერ ახალგორში დაკავებული 35 წლის ტატუნაშვილი 23 თებერვალს, გამთენიისას, ცხინვალის საავადმყოფოში, საგამოძიებო იზოლატორიდან გადაყვანის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ტატუნაშვილი სახლის მოსანახულებლად და ბოსტნეულით სავაჭროდ ახალგორში პერიოდულად დადიოდა. ოჯახმა მასთან კავშირი 22 თებერვალს დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი დაკავება საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან შელაპარაკების შემდეგ მოხდა.

„მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომელთაც მსხვერპლად ეწირებიან საქართველოს მოქალაქეები, ცხადყოფს ადგილზე ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის სასწრაფო აუცილებლობას“, - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დასძენს, რომ ამ „უმძიმეს ფაქტზე“ პირდაპირ პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ადგილზე კონტროლის განმახორციელებელი ძალა.

„რუსეთის მხრიდან გააქტიურებული უკანონო პროვოკაციული ნაბიჯები, მათ შორის მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აგება საოკუპაციო ხაზზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებები, ადამიანის უფლებების დარღვევები და ეთნიკური დისკრიმინაცია კიდევ უფრო ართულებს ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარულ მდგომარეობას, მიზანმიმართულად უშლის ხელს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს და წარმოადგენს დესტაბილიზაციის წყაროს და საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს, ისე მთლიანად რეგიონს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტოს განცხადებაში.

არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა. მან მომხდარს „უმძიმესი ფაქტი“ უწოდა და ადგილზე „ადამიანის უფლებათა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების“ შექმნის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. კვირიკაშვილმა ტატუნაშვილის გარდაცვალების გარემოებების „სასწრაფოდ დადგენა“ და უკანონოდ დაკავებული ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23 თებერვალს წილკნის დევნილთა დასახლებაში ჩავიდა და ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა. 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ტრაგედიის პარალელურად გამოჩნდეს ის სიმართლე, რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში“, - განაცხადა მარგველაშვილმა. „ის, რაც ჩვენ ვნახეთ ერთი წლის წინ აფხაზეთში, ის რასაც ვხედავთ აქ, ეს არის უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა. სხვას ვერაფერს დავარქმევ ამას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ [ეს] დოკუმენტურად დამტკიცდეს“, - დასძინა მან. 

ტატუნაშვილის გარდაცვალებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილიც გამოეხმაურა. მან მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს და მომხდარის გამო პასუხისმგებლობა „რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმს“ დააკისრა.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული ქართველის გარდაცვალების ფაქტზე საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს აცნობა. გარდა ამისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ცხელი ხაზის“ მეშვეობით ცხინვალის დე- ფაქტო ხელისუფლებას მიმართა და მოითხოვა, რომ ცხედრის პირველადი შესწავლის მიზნით ადგილზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების შეშვება მომხდარიყო, თუმცა უარი მიიღო. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე უარყო ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ბრალდება, რომ ტატუნაშვილს ქართულ სპეცსამსახურებთან კავშირი ჰქონდა და ოსი ერის ე.წ. გენოციდში მონაწილეობდა. 

ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით დაიწყო.

საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების პარალელურად, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მკაცრი რეაგირების ინიციატივით საპარლამენტო უმცირესობა გამოვიდა.
 
ევროპული საქართველოს წევრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ე.წ. „მაგნიტკის სიის“ მსგავსად, საქართველოს პარლამენტმა უნდა შექმნას ე.წ. „ოთხოზორიას სია“, რომელშიც შევლენ „ამ სისასტიკეებზე“ პასუხისმგებელი პირები, რათა „ამ ადამიანების მიმართ გავრცელდეს სანქციები ჩვენი პარტნიორების მხრიდან“ და მათ „არ ისარგებლონ საქართველოს სახელმწიფოს მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლების მიმართ სხვადასხვა შეღავათებით, მაგალითად, სამედიცინო მომსახურებით და სხვა“.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზებზე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. 

2016 წლის მაისში, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მახლობლად, ხურჩა–ნაბაკევის გამშვებ პუნქტთან საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა 30 წლის საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია მოკლეს. 

ოკუპირებული აფხაზეთის ხელისუფლებამ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის თბილისისთვის გადაცემაზე უარი განაცხადა, 2017 წლის აპრილში კი, სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა, რაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა დაგმეს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
55