შევარდნაძე კომპრომისზე არ მიდის
დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას კიდევ უფრო მატულობს მას შემდეგ, რაც 9 ნოემბერს გვიან ღამით გამართული მოლაპარაკებები პრეზიდენტ შევარდნაძესა და ოპოზიციის ლიდერებს - მიხეილ სააკაშვილს, ნინო ბურჯანაძესა და ზურაბ ჟვანიას შორის უშედეგოდ დასრულდა.
"ჩვენ მას მოვახსენეთ არჩევნებთან დაკავშირებული პრეტენზიები და მან (შევარდნაძემ) გვითხრა, რომ მას არაფერი ესაქმება არჩევნების გაყალბებასთან, არაფერი ესაქმება ამომრჩეველთა სიების გაყალბებასთან, ისევე როგორც ზუგდიდში მომხდარ ამბებთან. იგი პასუხისმგებლობას იხსნის ყველაფრისგან", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მოლაპარაკებებიდან გამოსვლის შემდეგ.
"პრეზიდენტ შევარდნაძეს და მის პოლიტიკას ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს", - განაცხადა სააკაშვილმა.
"მე შეშფოთებული ვარ. მან ვერც ერთ შეკითხვაზე ვერ გვიპასუხა. მან განაცხადა, რომ არ არის ინფორმირებული და არ არის პასუხისმგებელი არაფერზე. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ჩვენ აქ [ქუჩაში] უნდა გავაგრძელოთ ჩვენი უფლებების დაცვა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ პარლამენტის შენობასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.
"მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. პრეზიდენტს ჩვენ კითხვებზე პასუხი არ გააჩნია. ამგვარად, ჩვენ მიზეზი არ გვაქვს, რომ სახლებში წავიდეთ. ჩვენ დავრჩებით და საპროტესტო აქციას გავაგრძელებთ", - განაცხადა ზურაბ ჟვანიამ.
ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა შევარდნაძემ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, "ოპოზიციონერებთან დიალოგი საინტერესო, თუმცა დაძაბული იყო".
"ბევრი საკითხი გაურკვეველია, და ეს საკითხები პროფესიონალებმა უნდა გაარკვიონ. მე პრეზიდენტი ვარ და უნდა ვიმუშაო როგორც პრეზიდენტმა. მე შევთავაზე მათ, რომ შევქმნათ სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთი, ორი ან სამი დღის განმავლობაში გაერკვევა იმ საკითხებში, რასაც ოპოზიცია აყენებს. მე ჩამოვაყალიბე 25 საკითხისგან შემდგარი ჩამონათვალი, რომელზეც ამ ჯგუფმა უნდა იმუშაოს", - განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ.
ოპოზიციის ლიდერების მოთხოვნაზე 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "არჩევნების გაუქმების მიზეზი არ არსებობს".
"ამის გაკეთების უფლება მე არ მაქვს. ეს უნდა გააკეთოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სასამართლოებმა. პრეზიდენტს აქვს არჩევნების დანიშვნის უფლება, მაგრამ პრეზიდენტი არჩევნებს ვერ გააუქმებს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტ შევარდნაძესთან მოლაპარაკებების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მთავრობა კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და ხალხს უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს.
"მთელი საქართველო უნდა აღდგეს ჩვენი უფლებების დასაცავად. ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ, რათა თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო კონფრონტაცია, რომელსაც შევარდნაძე უკეთებს პროვოცირებას. ჩვენ მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, რომ ეს თავიდან ავიცილოთ - ესაა პრეზიდენტის გადადგომა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.
"შევარდნაძე უნდა გადადგეს, როგორც სლობოდან მილოშევიჩი. როდესაც ეს ვუთხარი შევარდნაძეს, მან ყვირილი დამიწყო და მე გადავწყვიტე მოლაპარაკებები დამეტოვებინა. დღეიდან მე არაფერი მაქვს დასაკარგი. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ", - დასძინა სააკაშვილმა.
შევარდნაძე 10 ნოემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში აპირებს ჩასვლას და აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან შეხვედრას. ცსკო-ს ოფიციალური პირველადი მონაცემებით, აღორძინების კავშირი და სახელისუფლებო ბლოკი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობენ.
"შევარდნაძე მოკავშირეს ეძებს და უკეთეს მოკავშირეს ვერც იპოვის, ვიდრე დიქტატორი ასლან აბაშიძეზეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა და ახლა სამხედრო შენაერთების შექმნის უფლება აქვს", - განაცხადა სააკაშვილმა.
აჭარაში მომავალი ვიზიტის კომენტირებისას ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ "მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება აჭარის ხელმძღვანელობის როლი საქართველოს მომავალში".
ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, შევარდნაძე, რომელიც კარგავს აშშ-ის მხარდაჭერას, მოკავშირეებს მოსკოვში ეძებს.
ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკებებს წინ უძღოდა ედუარდ შევარდნაძის სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შევარდნაძე ასევე შეხვდა რუსეთის ელჩს საქართველოში ვლადიმერ ჩხიკვიშვილს.
"მან თავისი რუსი კოლეგისგან მხარდაჭერის გარანტიები მიიღო", - განაცხადა სააკაშვილმა.
"არავითარი გარანტიები, ეს ჩვეულებრივი, მეგობრული საუბარი იყო. მე რუსეთის პრეზიდენტს ინფორმაცია მივაწოდე საქართველოში ჩატარებული არჩევნების თაობაზე. პუტინმა მითხრა, რომ რუსეთი მზად არის ნებისმიერი სახის დახმარება გაგვიწიოს საჭიროების შემთხვევაში", - განუცხადა შევარდნაძემ ჟურნალისტებს.
პრეზიდენტის უკომპრომისო პოზიცია კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას და საპროტესტო აქციის მონაწილეთა გამოსვლები კიდევ უფრო რადიკალური ხდება.
საპროტესტო აქციები თბილისში 4 ნოემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების მასობრივ გაყალბებაში დაადანაშაულა.
ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, სახელისუფლებო ბლოკი "ახალი საქართველოსთვის" არჩევნებში ლიდერობს ხმების 20,8%-ით, მას მოყვება მეორე სახელისუფლებო პარტია "აღორძინების კავშირი" ხმების 19,6%-ით. ოპოზიციურ ნაციონალურ მოძრაობას მესამე ადგილი უკავია (18%).
საპროტესტო აქციის მონაწილენი შევარდნაძის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიან და მის გადადგომას ითხოვენ.
გუშინ დილით პრეზიდენტმა შევარდნაძემ ხალხთან შეხვედრა განიზრახა, თუმცა, როცა ის პარლამენტის შენობის წინ გამართული აქციის მონაწილეებთან მივიდა, ხალხმა მას დახვდა შეძახილებით "წადი, გადადექი!", და პრეზიდენტმა მალე დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია.
გიორგი სეფაშვილი, "სივილ ჯორჯია"