"იმედი მაქვს, ოპოზიციის ლიდერებიც ასევე ფიქრობენ, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარების მიზეზი არ არსებობს", - განაცხადა ნანა დევდარიანმა.
ოპოზიციის ლიდერები ხელისუფლებისგან მოითხოვენ ან განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს, ან აღიაროს ოპოზიციის გამარჯვება 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში.
ოფიციალური შედეგებით, ხმების 95%-ის დათვლის შედეგად, სახელისუფლებო ბლოკი არჩევნებში ლიდერობს ხმების 20,9%-ით, მას მოყვება აღორძინების კავშირი ხმების 18,3%-ით.
ნაციონალურ მოძრაობას მესამე ადგილი უკავია - 17,4%. მას მოყვებიან ლეიბორსტული პარტია (11,7%), ბურჯანაძე-დემოკრატები (8,9%), ახალი მემარჯვენეები (6,9%). პარლამენტში მხოლოდ ის პარტიები მოხვდებიან, რომლებიც 7%-იან ბარიერს გადალახავენ.