გაერთიანებული ოპოზიციის მიერ პრეზიდენტ შევარდნაძისთვის 1 საათიანი ულტიმატუმის გამოცხადების მიუხედავად, პრეზიდენტმა შევარდნაძემ ოპოზიციის მომხრეებთან მისვლაზე უარი განაცხადა და 16 საათისთვის დანიშნული პარლამენტის პრიველი სხდომის 17 საათისთვის გახსნას ცდილობდა პარლამენტის შენობაში.
შევარდნაძე პარლამენტში შეკრებილი სახელისუფლებო ბლოკისა და "აღორძინების" მომხრეების წინაშე გამოდიოდა განცხადებით, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმურია და მუშაობას დაიწყებს ყველაფრის მიუხედავად.
შევარდნაძეს მისასალმებელი სიტყვა არ დაუმთავრებია, როცა სხდომათა დარბაზში ოპოზიის ლიდერებმა დაიწყეს შესვლა, რომელთაც სახელისუფლო ბლოკისა და აღორძინების წარმომადგენლები აღუდგნენ წინ. პრეზიდენტი ამ დროს სიტყვას განაგრძობდა და როცა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად დარბაზში მათმა მომხრეებმაც შემოაღწიეს, დაახლოებით 17.10 წუთისთვის პრეზიდენტის დაცვამ შევარდნაძე ტრიბუნიდან ჩამოიყვანა და დარბაზიდან გაიტყვანა.
ამის შემდეგ პრეზიდენტი შეეცადა პარლამენტის შენობის წინ დარჩენილი ხელისუფლებისა და "აღორძინების" მომხრეების წინაშე გამოსვლას, თუმცა დაცვამ შევარდნაძე იქიდანაც სასწრაფოდ გაიყვანა ქაშუეთის ეკლესიის მიმართულებით.
ამავდროულად, თავისუფლების მოედნის მხრიდან წამოსულმა გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებმა შეძლეს პარლამენტის შენობის წინ დამდგარი კორდონის გარღვევა, გაათავისუფლეს ავტობუსებით გადაკეტილი რუსთაველი და იმ ადგილის დაკავება დაიწყეს, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები იდგნენ. ხელისუფლებისა და "აღორძინების" მომხრეებმა დატოვეს პარლამენტის წინ მდებარე ტერიტორია.
გაერთიანებული ოპოზიციის მომხრეებმა პარლამენტის შენობა დაიკავეს. ოპოზიციის ლიდერებთან ერთად შენობაში მომხრეებიც შევიდნენ. დარბაზში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მომხრეებმა ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე შეაღწიეს დარბაზში. მან მადლობა მოუხადა პოლიციას და ჯარს, რომელმაც ოპოზიციის მომხრეები თავისუფლად გაატარა პარლამენტის შენობისკენ.
ბურჯანაძემ ასევე მიმართა თავდაცვის მინისტრს და განაცხადა, რომ "ამ შენობაში გაისმა მუქარა, რომ შემოგვიტევს ან ჩვენი, ან უცხო ქვეყნის ჯარი. მაგრამ მინდა შევახსენო თავდაცვის მინისტრს, რომ პრეზიდენტის დაცვის გარდა, ევალება ყველა ჩვენგანის დაცვა. და მიიღოს ყველა ზომა, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული წესრიგი და ყველა ჯარისკაცს მოვუწოდებ, რომ ისევე ვაჟკაცურად გააგრძელოს თავისი ვალის მოხდა".
ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს პერიოდში ჩატარდება ახალი საპარლამენტო არცევნები და პარლამენტის შენობაში ახალი ლეგიტიმური პარლამენტი შევა.
ბურჯანაძემ თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ დატოვონ პარლამენტის დარბაზი და შენობის წინ გადაინაცვლონ.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოცხადებულია და მიღებული იქნება შესაბამისი ნორმატიული აქტები.
საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება 48 საათში უნდა დაამტკიცოსპარლამენტმა.
მოგვიანებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარ რეზიდენციაში ბრიფინგი გამართა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც მიმდინარე მოვლენები სახელმწიფო გადატრიალებად შეაფასა და ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა.
"ხალხს მოუწოდებ სიმშვიდისაკენ და ასევე ვაცხადებ, რომ ყველა პირი, რომელთა ინიციატივითაც განხორციელდა მოვლენები კანონის შესაბამისად დაისჯებიან" - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
მოვლენების განვითარება ოპოზიციის მიერ მიტინგის დაწყებიდან
საქართველოს პრეზიდენტს 22 ნოემბერს 14 საათზე 1 საათის ვადა მისცეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართული მასობრივი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რომ გამოვიდეს მათთან და განაცხადოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ.
"ერთი საათის განმავლობაში უნდა გამოვიდეს და შეხვდეს ხალხს, თუ არ მოვა, ჩვენ მივალთ მასთან", - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ათეულობით ათასი ადამიანის წინაშე გამოსვლისას.
ოპოზიციის ლიდერები მოედანზე შეკრებილ ხალხს ესალმებიან. "გაერთიანებული დემოკრატების ლიდერმა, ზურაბ ჟვანიამ მოსახლეობას განუცხადა, რომ ამდენი ხალხი შეიკრიბა იმისთვის, რომ თქვას ერთადერთი სიტყვა - "გადადექი!".
თბილისში ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო ჩამოსვლა ათასობით ადამიანმა საქართველოს ყველა რეგიონიდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან თბილისისკენ გუშინაც და დღესაც მშვიდობიანი ავტოკოლონები მოემართებოდნენ.
ოპოზიცია და შეკრებილი მოსახლეობა პრეზიდენტს და ხელისუფლებას საპარლამენტო არჩევნების ტოტალურად გაყალბებაში ადანაშაულებს და პრეზიდენტის უპირობო გადადგომას მოითხოვს.
თუმცა, როგორც პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დღევანდელ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა, საპარლამენტო არჩევნები შედგა, დღეს პირველი სხდომაა დანიშნული და პარლამენტი მუშაობას დაიწყებს.
პრეზიდეტმა აღნიშნა, რომ არჩევნებზე დარღვევები იყო, ხელისუფლებას არ ეშინია ამისი აღიარების, მაგრამ პარლამენტი არჩეულია, ვისაც უნდა შეუძლია მოვიდეს და მიიღოს მონაწილეობა დღეისთვის დანიშნულ პირველ სხდომაში, ხოლო ვისაც არ უნდა მოსვლა, უნდა იცოდეს, რომ სხდომა მაინც ჩატარდება.
პრეზიდენტის თქმით, სულ საპარლამენტო არჩევნებში 1 909000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით ჩატარებულ რეფერენდუმში 1 904000 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. შევარდნაძის თქმით, ამ ორ რიცხვს შორის განსხვავება არის ის, რაც გაყალბდა.
თბილისში მიმდინარე გაერთიანებული დემოკრატიული ოპოზიციის მასობრივ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველას აქვს დედაქალაქში ჩამოსვლის უფლება, ზოგი აქ ნებით მოიყვანეს, ზოგი ძალდატანებით. "მეც შევხვედრივარ მათ, გახსოვთ, რომ ჩავედი და შევხვდი, 40 წუთი ვიყავი მათთან, ახლაც მზად ვარ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ყოველგვარი ულტიმატუმების გარეშე", - განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ.
იგი მიუღებლად მიიჩნევს მოწოდებებს ახალგაზრდებისადმი, სტუდენტებისადმი, რომ გამოვიდნენ საპროტესტო აქციაზე, მოწოდებები სამსახურების მიტოვების თაობაზე და დაუმორჩილებლობის გამოცხადებაზე. "რა დროში ვცხოვრობთ, ეს ვისი სახელმწიფოა, თუ შენი სახელმწიფოა, ასეთ მოწოდებებს რატომ აკეთებთ? ასე არ შეიძლება, თუ გაქვს პროგრამა, შეკრიბე ვინც გინდა, მეც მოვალ მოვისმენ და თუ რამე საინტერესოა, ერთად გადავწყვიტოთ. დაუმორჩილებლობა არც 10 წლისწინანდელი სამოქალაქო ომის დროს არ ყოფილა. მოვუწოდებ ყველას მოვიდეს პარლამენტში და აქ ვიკამათოთ. ომის გამეორება აღარ შეიძლება", - განაცხადა შევარდნაძემ გაერთიანებული ოპოზიცის ლიდერებისადმი მიმართვისას.
"მე შეიძლება ვარ დამნაშავე. დემოკრატია კარგია, მაგრამ როგორც ეტყობა, ცოტა ზედმეტი მომივიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ დემოკრატიაა ხალხს უნდა ენდო და მეც ვენდე", -თქვა შევარდნაძემ.
თუმცა, პრეზიდენტის ამ განცხადების მიუხედავად თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას სულ ახალი ჯგუფები ეურთდებიან ლოზუნგებით, დროშებით, პლაკატებით და ერთადერთი მოთხოვნით, გადადგეს პრეზიდენტი.
"ჩვენ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ძალას ვერასდროს ვერ გავმოვიყენებთ, ვინც არ უნდა გვიბრძანოს", - აცხადებდნენ "სივილ ჯორჯიასთან" საუბრისას რიგითი სამართალდამცავი ორგანოები წარმომადგენლები.
"ჩვენ არც გავცემთ ასეთ ბარძანებას, პრეზიდენტი მართალც უნდა წავიდეს, როცა საზოგადოების ასეთი ფართომასები ითხოვენ ამას" - განცხადა "სივილ ჯორჯიასთან" საუბრისას, ავღანეთის ომში მონაწილე, გენერალ-მაიორმა ჯუმბერ ანთაძემ.
"ამდენი ხალხის წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ააქვს" - აცხადებდა ასევე შინაგანი ჯარების ხელმძღვანელი გიორგი შერვაშიძე, რომელმაც ჯარის ნაწილები უკან დახია.
სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ შეკრებილი ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას პირველ გამარჯვებას ულოცავდნენ. "ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც უკვე გაიმარჯვა. პრეზიდენტის უკანასკნელი ბასტიონი დაძლეულია. საქართველოს ისტორიაში ასეთ მოვლენას პრეცედენტი არ ააქვს" - განაცხადა კანცელარიის შენობის წინ "ბურჯანაძე-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჟვანიამ.
"დავანახოთ ხალხს, რომ ქართველი ერი ნამდვილად არსებობს. თქვენ ხართ ხალხი, რომელიც აქამდე წლების განმავლობაში ითმენდით ყველაფერს, რომ შეგენარჩუნებინათ სტაბილურობა, ახლა კი მზად ხართ იბრძოლოთ თქვენი ღირსების დასაცავად" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელმაც მადლობა გადაუხადა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ მათ ბარიკადები არ შეუქმნეს კანცელარიისკენ მიმავალ გზაზე.
კანცელარიასთან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა გადაწყევტილება მიიღეს პარლამენტის შენობის წინ გამართულიყვნენ, სადაც ახალი პარლამენტის სხდომა მიმდინარეობდა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე ესწრებოდა. ოპოზიციის ლიდერებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე სიტყვით გამოდიოდა. იგი აცხადებდა, რომ ახლად არჩეული პარლამენტი კანონიერია და მუშაობა უნდა გააგრძელოს, ასევე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რომელიც პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მივიდა, მოუწოდა მისულიყო და გვერდზე დასდგომოდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის დარბაზში შესვლის შემდეგ პრეზიდენტი საკუთარმა დაცვამ დარბაზიდან გაიყვანა. გარეთ გასულმა პრეზიდენტმა დემოკრატიული აღორძინების და ხელისუფლების ინიციატივით შეკრებილ ხალხს განუცხადა, რომ იგი არ გადადგებოდა, რის შემდეგაც დატოვა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და კრწანისის რეზიდენციაში გადაინაცვლა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესული მოსახლეობის ნაწილი ოპოზიციის ლიდერებთან ერთად გამარჯვებას ზეიმობდა. "ეს არის, მშვიდობიანი, ხავერდოვანი რევოლუცია. დღეს ჩვენ ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ხვალ საქართველოს ახალი ბედნიერი დღე გაუთენდება. ეს პარლამენტი რომელიც აქ იყო შეკრებილი ხალხის მიერ არჩეული არ იყო და იგი არალეგიტიმურია" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"ყველაფერზე, რაც დღეს მოხდა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და უშუალოდ პრეზიდენტს ეკისრება. მან ვერ შეისმინა ამდენი ხალხის მოთხოვნა, რომელიც მათი არჩევანის, ღირსების დაცვას ეხებოდა და საერთოდ 2 ნოემბერიდან მოყოლებული პასუხი პრეზიდენტმა უნდა აგოს" - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ამ ისტორიული დღის მომსწრე გავხდი და კიდევ უფრო ბედინერი ვარ, რომ პირადად მივიღე მონაწილეობა ამ ხავერდოვან რევოლუციაში და ქართველი ხალხის ინტერესების დაცაში, განწყობაც რევოლუციური მაქვს" - განცხადა "სივილ ჯორჯიასთან" საუბრისას ერთ-ერთმა ახალგაზრდამ.
"მეამაყება, რომ ვარ ქართველი და უბედნიერესი ადამიანი, რომ ასეთი სასიამოვნო ფაქტის მომსწრე გავხდი, როცა ყველანი ერთად ვდგავართ და ამ ერთიანობით ვიმარჯვებთ. ეს არის ჩვენი ძალა" - განაცხადა ერთ-ერთმა თბილისელმა ქალბატონმა "სივილ ჯორჯიასთან" საუბრისას.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყვავილებით ხელში შესულ მოსახლეობას და ოპოზიციის ლიდერებს წინააღმდეგობა გაუწიეს სახელისუფლებო ბლოკის წევრებმა. "თქვენ არ გაქვთ უფლება აქ ყოფნის და მოვითხოვ დატოვოთ დარბაზი" - მიმართავდა ირაკლი ბათიაშვილი, თუმცა უშედეგოდ. მოსახლეობის უმრავლესობა მას დაუპრისპირდა და ითხოვდა თავად დაეტოვებინა დარბაზი, რადგანაც იგი ხალხის მიერ არჩეული არ იყო. დარბაზი და პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინეს ასევე "დემოკრატიული აღორძინების" ლიდერებს და მათ მიერ აჭარიდან იძულებით ჩამოყვანილ მოსახლეობას პარლამენტის შენობიდან.
ამის შემდეგ პარლამენტის შენობაში განთავსებულ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა დაეტოვებინათ შენობა და განთავსებულიყვნენ პარლამენტის გარეთ, სადაც ათეულობით ათასი ადამიანი იყო შეკრებილი და გამარჯვებას ზეიმობდა.
თეა გულარიძე, სოსო ხაჩიძე, "სივილ ჯორჯია"