Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბუში და სააკაშვილი თანამშრომლობის გაღმავებაზე შეთანხმდენენ
/ 26 თებ.'04 / 12:14
"სივილ ჯორჯია"

თეთრი სახლის ფოტო.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ მასზე „დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლიდერმა“.  აშშ-ის პრეზიდენტი ასევე მიესალმა საქართველოს ახალი პრეზიდენტის მცდელობას გააუმჯობესოს ურთიერთობები რუსეთთან, თუმცა ამავე დროს  მოსკოვს მოუწოდა შეასრულოს აღებული ვალდებულებები და დახუროს სამხედრო ბაზები საქართველოში.
 
ჯორჯ ბუშმა და მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს ვაშინგტონში 45-წუთიანი მოლაპარაკებები გამართეს საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, რომელიც სააკაშვილის მოსკოვის ვიზიტიდან ერთი კვირის თავზე შედგა.
 
აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრამდე სააკაშვილმა განაცხადა, რომ  იგი „ბევრად უფრო ღელავდა პუტინთან [რუსეთის პრეზიდენტთან] შეხვედრამდე. აშშ-სთან ურთიერთობებში ხომ ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ მეგობრები ვართ“.
 
მოლაპარაკებების შემდეგ ბუშმა და სააკაშვილმა ერთმანეთის მისამართით გულთბილი განცხადებები გააკეთეს და იქვე აღნიშნეს, რომ აუცილებელია მოსკოვთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.  
 
„მე დიდად ვაფასებ პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] მუშაობას რუსეთთან. მან ძალიან დახვეწილი ნაბიჯი გადადგა, როდესაც თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტი რუსეთში გამართა. ჩვენ ვიმუშავებთ რუსეთის პრეზიდენტთან, რომელთანაც მე კარგი ურთიერთობა მაქვს. საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთთან მშვიდობიანი ურთიერთობები ჰქონდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა სააკაშვილთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
 
ბუშის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ განაგრძობს მუშაობას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, რათა დაარწმუნოს ეს უკანასკნელი შეასრულოს 1999 სტამბულის შეთანხმება, რომელიც  საქართველოდან რუსეთის ჯარების გამოყვანას ითვალისწინებს.
 
„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება შეასრულებს სტამბულის სამიტზე აღებულ ვალდებულებას, რომელიც ნათლად განსაზღვრავს, რომ რუსეთის ჯარებმა  უნდა დატოვონ საქართველო “, - განაცხადა ბუშმა.
 
„ამერიკისათან თანამშრომლობა და ამ ქვეყნის მხარდაჭერა სწორედ მაშინ დაგვეხმარა, როდესაც ეს ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
 
აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ნოემბრის რევოლუციის მოვლენები და  აღნიშნა, რომ „ეს ის მომენტი იყო, როდესაც ხალხმა თავისი სათქმელი თქვა.“ 
 
„ვარდების რევოლუცია მნიშვნელოვანი მაგალითი იყო მსოფლიოს იმ ხალხებისთვის, რომლებიც თავისუფლებისაკენ ისწრაფვიან “, - დასძინა ჯორჯ ბუშმა.
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაადასტურა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება კვლავ განაგრძობდა კურსს დემოკრატიული განვითარებისკენ.
 
„დემოკრატია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტია. სიტყვის თავისუფლება ასევე პრიორიტეტია. პრიორიტეტულია ასევე ბიზნესის ხელშეწყობა“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
სააკაშვილისა და ბუშის შეხვედრამდე ნიუ-იორკის ადამიანთა უფლებების დაცვის ორგანიზაციამ „ჰიუმენ რაითს უოჩმა“ აშშ-ის პრეზიდენტს ურჩია მოეთხოვა სააკაშვილისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ადამიანის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად.  
 
მოლაპარაკებების შემდეგ ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოიპოვოს თავისი ხალხის ნდობა, კორუფციასთან ბრძოლით, იმ სისტემაზე მუშაობით, რომელიც პატიოსნებაზე და ადამიანთა უფლებებზე იქნებოდა დაფუძნებული.

„ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ლიდერმა, მისმა ხედვამ და მისმა სიმამაცემ“, - დასძინა ჯორჯ ბუშმა.
 
ჯორჯ ბუშთან გამართულ მოლაპარაკებებამდე საქართველოს დელეგაციის წევრებმა, რომლებიც აშშ-ში 22 თებერვლიდან იმყოფებიან, ბუშის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებთან გამართეს მოლაპარაკებები. საქართველოს დელეგაციის მთავარ თხოვნას ფინანსური დახმარების გაზრდა წარმოადგენდა.
 
სააკაშვილს აშშ-ში პირველი ოფიციალური ვიზიტისას თან ახლავს შინაგან საქმეთა, თავდაცვის და ფინანსთა მინისტრები, ასევე სხვა ოფიციალური წარმომადგენლები. გარდა აშშ-ის ოფიციალური პირებისა, საქართველოს დელეგაციამ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთანაც გამართა მოლაპარაკებები.
 
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში  გამართულ მოლაპარაკებებზე სააკაშვილმა სენატორებს ფინანსური დახმარების გაზრდა სთხოვა.
 
იანვარში საქართველოში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2004 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს 166 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფას საქართველოსთვის.
 
თუმცა, სააკაშვილი ვაშინგტონს ამ თანხის 200 მილიონამდე გაზრდას თხოვს. მისი განცხადებით, „საქართველოს დღეს როგორც არასდროს სჭირდება დამატებითი ფინანსური დახმარება“. 
 
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დახმარების გაზრდის შემთხვევაში ფინანსები საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებს მოხმარდებოდა.
 
სააკაშვილის განცხადებით, აშშ და საქართველო უკვე შეთანხმდნენ სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
 
აშშ თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან პოლ ვოლფოვეცთან შეხვედრის შემდეგ 23 თებერვალს სააკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ინსტრუქტორები გააგრძელებენ ქართველი სამხედროების მომზადებას კიდევ ხუთი წლით.
 
„აპრილიდან დაიწყება ახალი სამხედრო პროგრამის განხორციელება, რომელიც ქართველი სამხედროების გაწვრთნას ითვალისწინებს და ხუთი წლის განმავლობაში   გაგრძელდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
 
„ამგვარად ჩვენ გვეყოლება ახალი, კარგად გაწვრთნილი, ამერიკული სტილის ხუთიათასკაციანი ბრიგადა, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში განლაგდება“, - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 23 თებერვალს.
 
მისი თქმით, საქართველოს ასევე სურს ჰყავდეს კიდევ ერთი ხუთიათასიანი ბრიგადა, რომელიც დასავლეთ საქართველოში იქნება განლაგებული. „ამგვარად, ჩვენ გვეყოლება ათიათასკაციანი კარგად მომზადებული არმია“, - დასძინა სააკაშვილმა.
 
აშშ-მა უკვე მოამზადა ოთხი ქართული ბატალიონი „წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის“ ფარგლებში, რომლის განხორციელებაც 2002 წელს დაიწყო. მეხუთე ბატალიონი ამჟამად გადის წვრთნას. ვაშინგტონმა ამ პროგრამის ფარგლებში 64 მილიონი დოლარი გამოყო.
 
სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ გააჩნია და პირობა დადო, რომ არ გამოიყენებდა აშშ-ის მიერ მომზადებულ ჯარებს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებთან კონფლიქტების მოსაგვარებლად.
 
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტთან ჯეიმს ვულფენსონთან 24 თებერვალს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ „ბანკმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოში თავისი პროგრამების უახლოეს კვირებში აღდგენის თაობაზე“.
 
„როდესაც საქართველოში ახალი ხელისუფლება მოვიდა, მსოფლიო ბანკი ფიქრობდა წლის ბოლოს აღედგინა დახმარება საქართველოსთვის. თუმცა, მე მართლაც გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ბანკის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ დახმარება უახლოეს კვირებში აღდგებოდა“, - განუცხადა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 24 თებერვალს.
 
24 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში არსებული სიტუაციის თაობაზე ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში   გამოვიდა სიტყვით.
 
მან განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ენერგიული ბრძოლა დაიწყო კორუფციის წინააღმდეგ. სააკაშვილმა პირობა დადო, რომ განაგრძობს ამ ბრძოლას და ყველაფერს გააკეთებდა ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისთვის.
 
სააკაშვილის განცხადებით ეჭვგარეშეა რომ მისი პოპულარობა დაეცემა და ამიტომ მას სჭირდება დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა, რათა ქვეყანაში რეფორმები სწრაფი ტემპებით გაატაროს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11