Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
შეტაკებები გრძელდება, მსხვერპლი იზრდება
/ 17 აგვ.'04 / 16:06
ფოტორეპორტაჟი მოამზადა გოგა ჩანადირმა

ქართული მხარე კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი
მოსახლეობის ევაკუაციას ახდენს. 
იხილეთ სხვა სურათები გამოსახულებაზე
დაკლიკებით. გოგა ჩანადირის ფოტოები.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართული სოფელი ერედვი უკვე რამოდენიმე დღეა რაც სეპარატისტების მთავარ სამიზნედ გადაიქცა. სოფელში, რომელიც დიდი ლიახვის ქართულ სოფლებთან დამაკავშირებელ შემოვლით გზასთან მდებარეობს, განთავსებულია საქართველოს მთავრობის სპეციალური შტაბი.

ბოლო დღეების განმავლობაში სეპარატისტების მიერ სოფელზე მიტანილი იერიშების შედეგად სამი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა, სულ კი ბოლო ერთი კვირის მანძილზე კონფლიქტის ზონაში ექვსი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და რამოდენიმე დაიჭრა. თბილისის ცნობით, ოსური მხრიდან დაღუპულია 20–მდე მეომარი, რომელთა შორის უმრავლესობას ჩრდილო კავკასიელი დაქირავებულები შეადგენენ. თუმცა ამ ინფორმაციას ცხინვალი არ ადასტურებს.

ქართული მხარის მტკიცებით სოფელ ერედვზე გახშირებული იერიში საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი შემოვლითი გზაზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. ეს გზა საშუალებას იძლევა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ცხინვალის გვერდის ავლით მოხდეს დაკავშირება სეპარატისტების დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე დიდი ლიახვის ქართულ სოფლებთან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ოსურ მხარეს შესთავაზა შემოვლითი გზებიდან ქართული შეიარაღებული ნაწილების ეტაპობრივი გაყვანა იმ პირობით, თუ ცხინვალი მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 13 აგვისტოს მიღწეულ შეთანხმებას დაიცავს.

ოქრუაშვილის განცხადებით, თუ სამი დღის განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შეწყდება სროლები ქართული მხარე შემოვლთ გზებზე განლაგებული ქართველი ჯარისკაცების 30%-ს გამოიყვანს. მისი თქმით თუ სიმშვიდე სამი დღის შემდეგაც გაგრძელდება მაშინ ქართული მხარე შემოვლით გზებზე დარჩენილი ჯარისკაცების 1/3–საც გამოიყვანს.

„მაგრამ ინტენსიური სროლების და დაბომბვების გაგრძელების შემთხვევაში არ გამოვრიცხავ დამატებითი ძალების მობილიზებას“ - განაცხადა 16 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ეთერში ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
მისი თქმით, სროლების შეწყვეტის შემთხვევაში ჯარების ნაწილის კონფლიქტის ზონიდან გამოყვანის საკითხი პრეზიდენტ სააკაშვილთან არის შეთანხმებული.

სამხრეთ ოსური მხარე თბილისის ამ წინადადებას ჯერ არ გამოხმაურებია.

ხელისუფლებას კონფლიქტის ზონიდან უკვე გამოჰყავს მშვიდობიანი მოსახლეობა. უსაფრთხოების მიზნით, 15 აგვისტოს 50–მდე ქალი და ბავში სოფელ ერედვიდან საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე გაამგზავრეს. ევაკუაციის პროცესი 17 აგვისტოს სხვა ქართულ სოფლებშიც გაგრძელდა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
7