რუსეთი აძლიერებს ზეწოლას აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერზე სერგეი ბაღაფშზე, იმუქრება რა თვითგამოცხადებული რეგიონის ბლოკადაში მოქცევით.
რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ გენადი ბუკაევმა განაცხადა, რომ რუსეთი 2 დეკემბრიდან აფხაზეთთან სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს, იუწყება რუსული მედია 1 დეკემბერს.
ბუკაევის თქმით, "გაძლიერებულია საზღვრის დაცვის, მათ შორის საზღვაო საზღვრის, რეჟიმი“.
მისი განცხადებით, რუსეთი მზად არის მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი აფხაზეთთან "სერგეი ბაღაფშის შემდგომი არაკონსტიტუციური ქმედებების შემთხვევაში“. რუსეთის ადმინისტრაცია მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას ძალისხმევას, "რაც რეგიონში სტაბილურობის დამყარებისკენაა მიმართული", დასძენს რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი.
“ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის ლეგიტიმური პრეზიდენტია და რუსეთი მხარს უჭერს მის მცდელობას სტაბილური გახადოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაცია რესპუბლიკაში, ასევე მის გადაწყვეტილებას აფხაზეთის პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე“, აცხადებს “იტარ-ტასი“ რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანაშემწის სიტყვებზე დაყრდნობით.
მოსკოვის პოზიცია მას შემდეგ გამკაცრდა, რაც აფხაზეთის პარლამენტმა ოპოზიციის კანდიდატი სერგეი ბაღაფში აღიარა პრეზიდენტად. რუსეთი ღიად უჭერს მხარს სახელისუფლებო კანდიდატს რაულ ხაჯიმბას, რომელიც კვლავაც დაჟინებით ითხოვს განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას.
ანალოგიური გაფრთხილება ნოემბრის დასაწყისში რუსეთმა აფხაზეთის ოპოზიციას სერგეი ბაღაფშის მოსკოვში ვიზიტის დროს მისცა. “ზოგიერთები შეეცადნენ დავეშინებინეთ, რომ ისინი ჩაგვიკეტავდნენ საზღვარს მდინარე ფსოუზე, თუ არ დავთანხმდებოდით განმეორებით არჩევნებზე. მაგრამ, თუ ჰგონიათ, რომ ამგვარი მუქარით დაგვაშინებენ, ძალიან ცდებიან“, განაცხადა ბაღაფშმა 4 ნოემბერს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ.
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 1 დეკემბერს რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის არჩევნებში ჩარევის გამო გააკრიტიკა. კერძოდ, მან კომენტარი გააკეთა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის დელეგაციის და რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურიდიულ ექსპერტთა ჯგუფის სოხუმში ვიზიტის თაობაზე. ბაღაფშის თქმით, რუსეთს არ აქვს უფლება შეამოწმოს აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დოკუმენტაცია.
"რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია გავაცნოთ მათ აფხაზეთში არსებული ვითარება. შეგვიძლია რუს სტუმრებს არჩევნებთან დაკავშირებული მასალებიც წარვუდგინოთ. თუმცა, ამ დოკუმენტების ექსპერტიზა არ შედის რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების და სხვა სახელმწიფოს ცსკ-ს კომპეტენციაში“, განუცხადა ბაღაფშმა სააგენტო "რეგნუმს“ 1 დეკემბერს.