Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოფიციოზი უარყოფს მკვლელობის ვერსიას და აშშ-ს გამოძიების ფედერალურ ბიუროს დახმარებისთვის მიმართავს
/ 4 თებ.'05 / 17:40
"სივილ ჯორჯია"

მთავრობა აცხადებს, რომ ჟვანიას გარდაცვალებას
პოლიტიკური კურსის ცვლილება არ მოჰყვება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა უარყვეს გავრცელებული ხმები პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობასთან დაკავშირებით და ხელახლა დაადასტურეს ოფიციალური ინფორმაცია, რომ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო და გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
 
იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის უფროსის ლევან სამხარაულის განცხადებით, ბიოქიმიური კვლევის შედეგებით პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის გარდაცვალების მიზეზი ნახშირჟანგით (CO) ინტოქსიკაციაა.
 
“ზურაბ ჟვანიას სისხლი შეიცავს კარბოქსიჰემოგლობინის 60,6%-ს, ხოლო რაულ უსუფოვის  - 73,9%. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის მიზეზი არის CO-თი ინტოქსიკაცია; ჩვეულებრივ შემთხვევაში ჰისტოლოგიური, ბიოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები იქნებოდა სრულიად ზედმეტი, მაგრამ , გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ეხება მაღალი რანგის თანამდებობის პირის გარდაცვალებას, გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს დამატებითი კვლევების ჩატარებას, რომლის პასუხებიც 10 დღეში გახდება ცნობილი”, განაცხადა 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ლევან სამხარაულმა.

ქართველი ექსპერტების საბოლოო დასკვნები 10-12 დღეში გახდება ცნობილი.

უბედური შემთხვევის გარშემო არსებული ეჭვების გაფანტვის მიზნით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 4 თებერვალს განაცხადა, რომ გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო.   
 
“მასალები  ექსპერტიზისთვის უკვე გადაგზავნილია, თუმცა პასუხების მიღების თარიღი გარკვეული არ არის“, განუცხადა “სივილ ჯორჯიას“ გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა ხათუნა ცხვედაძემ 4 თებერვალს.
 
კითხვაზე, სჯერა თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ადამ ერელიმ 3 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობა იძიებს ამ საქმეს, თუმცა, ყველა მინიშნება იქითკენ მიდის, რომ ეს სწორედ უბედური შემთხვევა იყო“.    
 
შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი 3 თებერვალს ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფს შეხვდნენ და მოკლე ვიდეოფირი აჩვენეს, რომელშიც გადაღებული იყო ის ბინა, სადაც აღმოაჩინეს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუფოვის ცხედრები. ამ უკანასკნელს სულ მალე ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა უნდა დაეკავებინა.
 
ფირი მხოლოდ ჟურნალისტებს აჩვენეს. ოპერატორები ჩვენებაზე არ დაუშვეს.

ფირზე გადაღებულია ჟვანიას გვამი, რომელიც პირაღმა წევს იატაკზე სავარძლის მახლობლად. ოფიციალურ წარმომადგენელთა თქმით, ჟვანიას გვამი სავარძლიდან მისმა დაცვამ იატაკზე გადაიყვანა, რათა მისთვის ხელოვნული სუნთქვა ჩაეტარებინა. რაულ უსუფოვის გვამი სამზარეულოს კარის მახლობლად იქნა აღმოჩენილი.
 
ფირზე აღბეჭდილია მადიგა, რომელზეც დევს რამდენიმე თეფში, საჭმელი და გაშლილია ნარდი.
 
გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, ამჟამად საკვებს უტარდება ექსპერტიზა; თუმცა, მისი თქმით, ექსპერტები თითქმის დარწმუნებულნი არიან, რომ სიკვდილის მიზეზი გახდა არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ბუნებრივი აირის გაჟონვა. ირანული წარმოების გაზის გამათბობელი ბინაში, რომელიც რაულ უსუფოვმა დაიქირავა საბურთალოს ქუჩაზე, უბედურ შემთხვევამდე ორი დღით ადრე დაამონტაჟეს. 
 
ამავდროულად, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 3 თებერვალს განაცხადა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას თავად უხელმძღვანელებს, პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას 10 თებერვლისთვის წარადგენს. ზოგიერთი ქართული გაზეთი უკვე შეეხო პრემიერ-მინისტრის შესაძლო კანდიდატების თემას.
 
გაზეთ „რეზონანსის“ ცნობით, რადგანაც თითქმის შეუძლებელია ზურაბ ჟვანიას შემცვლელის პოვნა, სავარაუდოდ, პრეზიდენტი სააკაშვილი წარადგენს პიროვნებას, რომელიც დროებით შეასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას.  
 
“ვინ შეცვლის გარდაცვლილ პრემიერს? ამის შესახებ მსჯელობა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში დაიწყო. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა. მათ შორის არიან: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ვიცე-პრემიერი გიორგი ბარამიძე, სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძე და პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე“, წერს გაზეთი.
 
"რეზონანსის“ ცნობით, ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი ვარაუდობს, რომ  საწყის ეტაპზე ახალი პრემიერ-მინისტრი შესაძლოა ჟვანიას დაახლოებული პირი გახდეს, თუმცა რამდენიმე თვეში ეს პიროვნება აუცილებლად შეიცვლება.     
 
 
 
პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება
 
თავდაცვის, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ასევე სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში, ცალ–ცალკე გააკეთეს განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის მთავრობა აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი არ გამოიწვევს ხელისუფლების მიერ აღებული კურსის ცვლილებას.
 
სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ზურაბ ჟვანიას ეკონომიკურ კურსს.
 
“პრეზიდენტის და მთავრობის მიერ უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ ის ეკონომიკური პოლიტიცა, რომელსაც ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით მთავრობა ატარებდა, კვლავაც გაგრძელდება. ძალაში რჩება ყველა ის საპრივატიზაციო გარიგება და მოლაპარაკებები, დაგეგმილი საპრივატიზაციო პროცესები, რომლებიც საქართველოს მთავრობამ წამოიწყო. განხორციელდება ყველა ხელმოწერილი შეთანხმება, ასევე განხორციელდება ყველა გეგმა ეკონომიკური ლიბერალიზაციის თაობაზე“, განაცხადა კახა ბენდუქიძემ 3 თებერვალს პრეს-კონფერენციაზე.
 
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ქვეყანაში კრიმინოგენულ ვითარებას... ჩვენ ასევე განვაგრძობთ გორში ტერორისტული აქტის [1 თებერვალს, რომლის შედეგადაც სამი პოლიციელი გარდაიცვალა და 27 პიროვნება დაშავდა] გამოძიებას. მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სტაბილურობა", განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა.
 
"არმიაში ყველა ცვლილება და რეფორმა მიმდინარეობს იმ გეგმით, რომელიც გათვალისწინებული იყო მთავრობის მიერ... ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ყოველდღიურ საქმიანობას ", განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილ აცხადებს, რომ მიმდინარეობს მზადება უცხო ქვეყნის დელეგაციების დასახვედრად, რომლებიც თბილისში 6 თებერვლისთვის ზურაბ ჟვანიას დაკრძალვაზე ჩამოვლენ.
 
"უკვე ცნობილია, რომ ჩამოვა აზერბაიჯანის პრემიერი, ასევე მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი", განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
მისი თქმით, 3 თებერვალს აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა პირადად დაურეკა პრეზიდენტ სააკაშვილს, რათა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოეხატა.
 
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35