5 მაისს გავრცელებულ საინფორმაციო შეტყობინებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი "პრინციპში დათანხმდა“ კონფლიქტის მოგვარების სამეტაპიან გეგმაზე, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გასული წლის სექტემბერში ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გააჟღერა. რუსეთის საგარეო უწყება ასევე აცხადებს, რომ ედუარდ კოკოითი მზად არის გაანახევროს სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა, როგორც სამშვიდონო პროცესის ნაწილი.
"[ედუარდ] კოკოითი პრინციპში დათანხმდა [მიხეილ] სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ [კონფლიქტის მოგვარების] სამეტაპიან გეგმას, რომელიც დემილიტარიზაციის და სოციალ-ეკონომიკური რეაბილიტაციის შემდეგ მოგვარების ბოლო ეტაპზე [თვითგამოცხადებული რეგიონის] სტატუსის განხილვას ითვალისწინებს. მან [სამხრეთ ოსეთის ლიდერმა] ასევე განაცხადა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობის 50%-ით შემცირების თაობაზე და [საქართველოს და თვითგამოცხადებული რეგიონის] პარლამენტების თავმჯდომარეებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კონტაქტების დამყარების ინიციატივით მიმართა. მან ასევე გამოხატა მზადყოფნა პრაქტიკული ნაბიჯები გადადგას ეკონომიკურად ხელსაყრელი ზონის შესახებ კონცეფციის შემუშავების თაობაზე, რომელშიც [სამხრეთ ოსეთის გარდა] შესაძლოა შევიდეს ჩრდილოეთ ოსეთის ალაგირის რაიონი და გორის რაიონი“, ნათქვამია საინფორმაციო შეტყობინებაში.
"ამგვარად, როგორც ზემოთ ხსენებულიდან ჩანს, უკვე არსებობს პოტენციალი კონსტრუქციული ნაბიჯების განხორციელებისთვის“, დასძენს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
რუსეთის საგარეო უწყება ასევე მიესალმა ედუარდ კოკოითის მზადყოფნას მოლაპარაკებები გამართოს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ზურაბ ნოღაიდელთან, თუმცა დასძინა, რომ "ამგვარი შეხვედრა ზედმიწევნით უნდა მომზადდეს“.
მოსკოვი ასევე მიესალმა კოკოითის ინიციატივას ტელედებატები გამართოს პრეზიდენტ სააკაშვილთან, "იმ პირობით, თუ ეს ტელედებატები დიალოგზე იქნება დაფუძნებული, და არა კონფრონტაციაზე“. კოკოითმა სააკაშვილს ტელედებატების გამართვა ტელეკომპანია "რუსთავი 2“-ისთვის ცოტა ხნის მიცემულ ინტერვიუში შესთავაზა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას წინ უძღოდა ედუარდ კოკოითის "რუსთავი 2“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში 4 მაისს გაკეთებული განცხადება. მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს "ორ მოძმე ხალხს“ შორის 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარი კონფლიქტის მიზეზების შეფასებას.