25 მაისს ტელეკომპანია "202“–ის ეთერში ზურაბ ჟვანიას მეუღლემ ნინო ჟვანიამ პრემიერ–მინისტრის გარდაცვალების უცნობი დეტალები გააჟღერა და გამოძიების მსვლელობაზე ისაუბრა.
ნინო ჟვანიას განცხადებით, გამოძიება მხოლოდ ერთ ვერსიას – უბედურ შემთხვევას განიხილავს და "მიზანმიმართულად ცდილობს, როგორმე დაამტკიცოს იგი“.
“გამოძიება თუ მოინდომებს იპოვის [ზურაბ ჟვანიას] მკვლელს, მაგრამ ამას თუ არ გააკეთებს, ის მაინც დაადასტუროს, რომ უბედური შემთხვევა არ იყო ან დაასაბუთოს, რომ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა“, განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლემ.
გარდაცვალების დეტალებზე საუბრისას, ნინო ჟვანიამ ხაზი ყოფილი პრემიერ–მინისტრის დაცვის "აბდაუბდა“ ჩვენებებს გაუსვა. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას მობილურზე დაცვის რვა უპასუხო ზარი იყო დაფიქსირებული.
“არადა მე, მას შემდეგ, რაც მთელი ღამის განმავლობაში ტელეფონზე არ მპასუხობდა არც ზურა და არც მისი დაცვა, გამთენიის 6 საათზე, ზამთარში, თოვლში წყნეთიდან ფეხით წამოვედი... ზურას ტელეფონზე კი დაცვის რვა უპასუხო ზარი იყო დაფიქსირებული...“, აცხადებს ნინო ჟვანია.
ნინო ჟვანიამ ასევე განაცხადა, რომ ახალგარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას მისმა დაცვის უფროსმა კობა ხარშილაძემ ჯიბიდან გასაღებები ამოაცალა, წავიდა კანცელარიაში და პრემიერ–მინისტრის სეიფი გახსნა, "სადაც ვეღარ ვიპოვეთ 2004 წლით დათარიღებული დოკუმენტები.“
ნინო ჟვანიამ თავისი პოზიცია "202“–ის ეთერით ღიად მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ზურაბ ჟვანიას კიდევ ერთმა ოჯახის წევრმა, მისმა ძმამ გოგა ჟვანიამ ამავე ეთერით განაცხადა, რომ ალტერნატიული კერძო გამოძიების საფუძველზე მას "უკვე ეჭვი აღარ ეპარება, რომ ზურაბ ჟვანია მოკლეს“.
გოგა ჟვანიასთან ინტერვიუმდე, ტელეკომპანია "202“-მა უჩვენა 20-წუთიანი გადაცემა ჟურნალისტური გამოძიების შესახებ, რომელიც ჟვანიას გარდაცვალების დეტალებს შეეხებოდა. ეს საგამოძიებო მასალა ძირითადად იმ ფაქტებზე ახდენდა ფოკუსირებას, რომლებიც ოფიციალურ ვერსიას არ ემთხვევა.
ოფიციალური ვერსიით ყოფილი პრემიერ–მინისტრი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოწამვლით გარდაიცვალა.