Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაზებზე ხელშეკრულება
/ 3 აპრ.'06 / 15:47

შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო ბაზებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირების ვადების, წესისა და მათი გაყვანის შესახებ

რუსეთის ფედერაცია და საქართველო, შემდგომში მხარეებად წოდებულნი,

ითვალისწინებენ რა ევროპასა და მთელ მსოფლიოში არსებულ ახალ პოლიტიკურ რეალიებს,

აცხადებენ რა, რომ მეგობრული ურთიერთობებისა და ყოველმხრივი თანამშრომლობის განვითარება შეესაბამება ორივე სახელმწიფოს ხალხთა ძირეულ ინტერესებს,

ხელმძღვანელობენ რა მხარეთა ეროვნული სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის, საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპებით,

მოქმედებენ რა კეთილმეზობლობის, თანამშრომლობისა და ერთმანეთის უფლებებისა და ინტერესების პატივისცემის სულისკვეთებით,

მიიჩნევენ რა, რომ რუსეთის სამხედრო ბაზებისა და ამიერკავკასიაში არსებული რუსეთის ჯარების ჯგუფის სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირებისა და საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის საკითხის მოწესრიგება ხელს შეუწყობს მხარეთა შორის ნდობის განმტკიცებას,

ხელმძღვანელობენ რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დოკუმენტებით, ასევე რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს 1999 წლის 17 ნოემბრის ერთობლივი განცხადებით, რომელიც წარმოადგენს 1999 წლის 19 ნოემბრის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოების კონფერენციის დასკვნითი აქტის განუყოფელ ნაწილს,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებული ცნებები აღნიშნავს შემდეგს:

«რუსეთის სამხედრო ბაზა» _ საქართველოს ტერიტორიის მონაკვეთზე (მონაკვეთებზე) დისლოცირებული ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სამხედრო ფორმირება ინფრასტრუქტურითა და ზუსტად მონიშნული და მხარეთა შორის შეთანხმებული საზღვრებით;

«რუსეთის სამხედრო ობიექტი» _ საქართველოს ტერიტორიის მონაკვეთზე დისლოცირებული ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების სამხედრო ფორმირება ინფრასტრუქტურითა და ზუსტად მონიშნული და მხარეთა შორის შეთანხმებული საზღვრებით, რომელიც არ შედის რუსეთის სამხედრო ბაზების შემადგენლობაში და ფუნქციონირებს მათი ინტერესებისათვის;

«რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების ფუნქციონირება გაყვანის რეჟიმში» _ რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების მიერ მათ გაყვანასთან, მათ შორის, ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობის მომზადებასთან (სროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან, მანქანების ტარება) დაკავშირებული ამოცანების შესრულება;

«რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანა» _ რუსეთის ფედერაციის მოძრავი ქონების, რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირების, მათი ოჯახების წევრების, ასევე მათი პირადი ქონების საქართველოს ტერიტორიიდან გადაადგილების (გაყვანა-გატანის) პროცესი;

«მოძრავი ქონება» _ რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების საშტატო-სატაბელო ქონება, მათ შორის, ყველა სახის (ნიმუშის) შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა და სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც გამოიყენება რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების ცხოველქმედებისა და დროებითი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის საქართველოს ტერიტორიიდან მათ გაყვანამდე;

«უძრავი ქონება (უძრავი ქონების ობიექტები)» _ გაყვანის რეჟიმში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების დროებითი ფუნქციონირებისა და ცხოველქმედების უზრუნველყოფისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთები, ასევე მათზე განლაგებული შენობები, სტაციონარული ნაგებობები და კომუნიკაციები;

«რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირები»:

1.რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სამსახურს გადიან რუსეთის სამხედრო ბაზებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე;

2.სამოქალაქო პერსონალი _ რუსეთის სამხედრო ბაზებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მომუშავე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები;

3. რუსეთის მხარის მიერ რუსეთის სამხედრო ბაზებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე მივლინებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები;

«რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირთა ოჯახის წევრები» _ მეუღლეები, შვილები, მშობლები, აგრეთვე რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირებთან ერთად მცხოვრები და მათ კმაყოფაზე მყოფი პირები;

«რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების სარდლობა» _ სარდლობა თავისი მმართველობის ორგანოსთან ერთად, რომელსაც ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე დროებით დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზები და რუსეთის სამხედრო ობიექტები;

«დისლოკაციის ადგილი» _ საქართველოს ტერიტორიის მონაკვეთი მონიშნული და მხარეთა შორის შეთანხმებული საზღვრებით, რომელზედაც დროებით განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა ან რუსეთის სამხედრო ობიექტი.

მუხლი 2

ამ შეთანხმების რეალიზებისათვის მხარეთა უფლებამოსილი ორგანოებია:

რუსეთის მხრიდან _ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო;

საქართველოს მხრიდან _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

მუხლი 3

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანა დასრულდეს 2008 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, შემდეგი თანამიმდევრობით.

რუსეთის სამხედრო ბაზები ბათუმსა და ახალქალაქში ფუნქციონირებს გაყვანის რეჟიმში.

რუსეთის მხარის მიერ «გონიო»-ს პოლიგონისა და კოჯორში არსებული კავშირგაბმულობის რეტრანსლატორის გადაცემის შემდეგ, ისინი იფუნქციონირებენ #1 და 2 დანართების შესაბამისად, რომლებიც წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილებს. ამასთანავე, საქართველოს მხარე დაუტოვებს რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირებსა და მათი ოჯახების წევრებს აღნიშნული პირების მიერ დაკავებულ საბინაო ფონდს ობიექტის «ზვეზდა» ფარგლებში, დროებით უსასყიდლო სარგებლობაში, საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანის დასრულებამდე.

რუსეთის მხარე 2006 წლის 1 ივლისამდე გადასცემს საქართველოს მხარეს რუსეთის სამხედრო ობიექტების ძირითად ნაწილს, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის ობიექტების მხარეთა შორის შეთანხმებული ჩამონათვალის შესაბამისად, რომელთა გადაცემაც დაგეგმილია საქართველოს მხარისთვის.

საქართველოში მყოფი რუსეთის სამხედრო ფორმირებები ორგანიზებას უწევენ საქართველოს ტერიტორიაზე ამ მომენტისათვის არსებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების ტექნიკის, მატერიალური საშუალებებისა და სხვა ქონების გაყვანას. ახალქალაქის რუსეთის სამხედრო ბაზიდან რუსეთის მძიმე სამხედრო ტექნიკის, 1990 წლის 19 ნოემბრის ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულებით შეზღუდული შეიარაღებისა და ტექნიკის ჩათვლით, გაყვანა განხორციელდება 2006 წლის ბოლომდე. ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზისა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებული რუსეთის დანარჩენი მძიმე სამხედრო ტექნიკის გაყვანის დასრულება, აგრეთვე საქართველოს მხარისათვის რუსეთის სამხედრო ობიექტების გადაცემა განხორციელდება 2007 წლის 1 ოქტომბრამდე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამინდის გათვალისწინებით, არა უგვიანეს 2007 წლის 31 დეკემბრისა. ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის, აგრეთვე ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის მმართველობის საბოლოო გაყვანა განხორციელდება 2008 წლის განმავლობაში.

მხარეებს შორის შეთანხმებული რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანის გეგმა-გრაფიკისა და მატერიალური საშუალებებისა და სათადარიგო ნაწილების ჩამონათვალის შესაბამისად, საქართველოს მხარე შესაძლებლობას მისცემს რუსეთის მხარეს, მიაწოდოს გაყვანის უზრუნველყოფისათვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილები და მატერიალური საშუალებები.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხარე შესაძლებლობას მისცემს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ საჰაერო ხომალდებს, გამოიყენონ საქართველოს საჰაერო სივრცე და განახორციელონ სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და სხვა მატერიალური საშუალებების გადაზიდვები.

მუხლი 4

საქართველოს მხარე ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების ეტაპობრივად გაყვანისათვის აუცილებელი პირობების შექმნას, ასევე რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების ნორმალური ცხოველქმედებისა და გაყვანის რეჟიმში დროებითი ფუნქციონირების უზრუნველყოფას, საქართველოს ტერიტორიიდან მათი გაყვანის დასრულებამდე.

მხარეები შეათანხმებენ რუსეთის ფედერაციის იმ სამხედრო მოსამსახურეების, კერძოდ, მძღოლების, მექანიკოსებისა და სხვა ტექნიკური სპეციალისტების საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ვადებსა და რაოდენობას, რომელთა დროებითი მივლინება საქართველოში იგეგმება რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანის ხელშეწყობის მიზნით, ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის რუსეთის სამხედრო მოსამსახურეთა არსებულ რაოდენობასთან დამატებით, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2005 წლის 30 მაისის ერთობლივი განცხადების ხელმოწერის თარიღისთვის.

რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირების ოჯახის წევრები, რომლებიც შემოდიან საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების პირადი შემადგენლობის საერთო რაოდენობაში მხედველობაში არ მიიღებიან.

მუხლი 5

საქართველოს მხარე ხელს შეუწყობს ბათუმსა და ახალქალაქში რუსეთის სამხედრო ბაზების ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ გაყვანის ორგანიზებას ლეგიტიმური საკონტროლო-გამშვები პუნქტების გამოყენებით, ბათუმის ნავსადგურის, ბათუმის აეროპორტისა და სასაზღვრო-სამიგრაციო საკონტროლო განყოფილების «ნინოწმინდა» ჩათვლით, გაყვანის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, გასაყვანი ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის ტრანსპორტირების ორგანიზებას.

მუხლი 6

რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირები და მათი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნისას ვალდებულნი არიან, იქონიონ საქართველოს შესაბამისი ვიზები და საქართველოს მხარის შესაბამის უწყებათა აღნიშვნა, რომელიც ადასტურებს ამ შეთანხმების მე-5 მუხლით განსაზღვრული გამშვები პუნქტების გავლით საქართველოში მათი შემოსვლის ადგილსა და თარიღს.

რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირებსა და მათ ოჯახის წევრებზე ვიზების გაცემა ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახურების მიერ შემდეგი წესით:

საქართველოში როტაციის მიზნით მომავალი რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე გაიცემა მრავალჯერადი ვიზები ერთი წლის ვადით, იმ სამხედრო მოსამსახურეთა გარდა, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს გაწვევით და რომლებზედაც გაიცემა საქართველოს შემოსასვლელი ვიზები.

საქართველოში ხანმოკლე მივლინებით მომავალ რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირთათვის საქართველოს უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე (3 თვემდე ვადით) გაიცემა ერთჯერადი ვიზები იმ ვადით, რომელიც აუცილებელია რუსეთის სამხედრო ბაზების და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანასთან დაკავშირებული ამოცანების შესასრულებლად.

რუსეთის მხარის მიერ ვიზების გაცემაზე მოთხოვნა იგზავნება დიპლომატიური არხებით. მოთხოვნა ერთჯერადი ვიზის გაცემაზე მხარეთა შორის წინასწარ შეთანხმებული ვადით იგზავნება საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ შემოსვლამდე არანაკლებ 15 დღით ადრე. მრავალჯერად და შემოსასვლელ ვიზებზე მოთხოვნა იგზავნება 60 დღით ადრე საქართველოს ტერიტორიაზე დაგეგმილ შემოსვლამდე.

მოთხოვნაში უნდა მითითებული იყოს გვარი, სახელი, მამის სახელი, პასპორტის ნომერი და სერია, სამხედრო მოსამსახურის წოდება, საქართველოს ტერიტორიაზე მისი ყოფნის ადგილი და ვადა, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის მიზნები, ხოლო სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს გაწვევით, ასევე მარშრუტი და დისლოკაციის ადგილამდე გადაადგილების დრო. სამხედრო მოსამსახურეთათვის, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს კონტრაქტით, ინფორმაციას დისლოკაციის ადგილამდე გადაადგილების მარშრუტისა და დროის შესახებ წარადგენს რუსეთის მხარე შემოსვლის თარიღამდე არა უგვიანეს 15 დღისა. საქართველოს ტერიტორიიდან წინასწარ გასულ სამხედრო მოსამსახურეთა სიები, მხარეებს შორის შეთანხმებული დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს მათ გასვლას, წარედგინება მათი გასვლის დღიდან 5 დღის ვადაში.

საქართველოს მხარე გადაწყვეტილებას ერთჯერადი ვიზების გაცემის შესახებ იღებს მიმართვის მომენტიდან 10 დღის განმავლობაში, ხოლო გადაწყვეტილებას მრავალჯერადი და საქართველოში შემოსვლის ვიზების გაცემის შესახებ როტაციის მიზნით საქართველოსკენ მომავალ რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირთათვის და მათი ოჯახების წევრებისათვის, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომლებმაც დაასრულეს საქართველოს ტერიტორიაზე სამსახური, მათი გამგზავრების მომენტიდან 20 დღის განმავლობაში.

საქართველოს ტერიტორიაზე როტაციის მიზნით შესაძლებელია რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი მხოლოდ იმ რაოდენობის პირების შემოსვლა, რა რაოდენობის რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებიც იქნებიან წინასწარ გაყვანილნი საქართველოს ტერიტორიიდან. ამასთანავე, ერთი თვის განმავლობაში სამხედრო სამსახურში კონტრაქტით მყოფი რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი არა უმეტეს 30 პირისათვის დასაშვებია ვიზების გაცემა ამავე რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს ტერიტორიიდან წინასწარი გაყვანის გარეშე. რუსეთის მხარე ვიზების მიღებიდან 20 დღის განმავლობაში აწვდის დოკუმენტებს, რომლებითაც დასტურდება აღნიშნული რაოდენობის სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს ტერიტორიიდან გასვლა.

მხარეთა უფლებამოსილი ორგანოები, დაგეგმილ გადაადგილებამდე არა უგვიანეს 10 დღისა ათანხმებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეების საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლის (გასვლის) დროსა და მარშრუტს.

მუხლი 7

რუსეთის მხარე არ გამოიყენებს რუსეთის სამხედრო ბაზებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებს იმ მიზნებისათვის, რომლებიც მიმართული იქნება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ და არ დაუშვებს მათ ჩარევას საქართველოს შიდასახელმწიფოებრივ პროცესებში.

საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების დროებითი დისლოკაციის განმავლობაში რუსეთის მხარე არ დაუშვებს სროლის გამართვას არც ერთი სახის იარაღიდან, გარდა მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღიდან საქართველოს მხარის მიერ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში.

რუსეთის მხარის მოძრავი ქონების გადაადგილება ხორციელდება მხარეთა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დადგენილი წესით, რუსეთის მხარის უფლებამოსილი ორგანოს მიერ შემუშავებული გრაფიკების შესაბამისად შეთანხმებული მარშრუტებითა და შეთანხმებული დროით.

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სატვირთო საავტომობილო ტრანსპორტს შეუძლია გადაკვეთოს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი საქართველოს მხარის უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით, სახელმწიფო და საბაჟო საზღვრის დადგენილ გამშვებ პუნქტებზე, საქართველოს მხარის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისათვის გადასაზიდ ტვირთზე დოკუმენტებისა და დეკლარაციების წარდგენით.

რუსეთის სამხედრო ბაზებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები განეკუთვნება მათი სარდლობის გამგებლობას, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას, ეკოლოგიურ უსაფრთხოებას, გარემოს დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე არ დაუშვებს რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების დისლოკაციის ადგილების გამოყენებას კომერციული მიზნებისთვის.

მუხლი 8

რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირები და მათი ოჯახის წევრები პატივს სცემენ საქართველოს სუვერენიტეტს და იცავენ საქართველოს კანონმდებლობას, არ ერევიან მის საშინაო საქმეებში, არ მონაწილეობენ შიდა კონფლიქტებში საქართველოს ტერიტორიაზე.

რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალ პირებსა და მათი ოჯახების წევრებზე, რომლებიც იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე, ვრცელდება საქართველოს იურისდიქცია, გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

1) ისინი ჩაიდენენ დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ასევე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების წინააღმდეგ ან რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ქონების მიმართ;

2) ჩაიდენენ დანაშაულს ან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების დისლოკაციის ადგილებში იმ პირობით, რომ მათი შედეგები არ გავრცელდება დისლოკაციის ამ ადგილების ფარგლებს გარეთ.

რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დანაშაულის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მასზე ვრცელდება რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია.

მუხლი 9

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების მოძრავი ქონება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საკუთრებას.

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სხვა სამხედრო ობიექტების მოძრავი ქონება გატანილ იქნება საქართველოს ტერიტორიიდან ან, მხარეების შეთანხმების საფუძველზე, უტილიზებულ იქნება ადგილზევე.

საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გასატანი (გასაყვანი) მოძრავი ქონება, ასევე რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირებისა და მათი ოჯახის წევრების ქონება თავისუფლდება ყველა სახის გადასახადისაგან, მოსაკრებლისა და ბაჟისაგან.

საქართველოს მხარე უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიიდან გასაყვანი რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ქონების გატანის მიზნით რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების შემოსვლის გამარტივებულ პროცედურას თანახმად რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს რესპუბლიკის წყლებსა და ნავსადგურებში სამხედრო ხომალდების ნაოსნობისა და ყოფნის წესის შესახებ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას შორის 1993 წლის 9 ოქტომბრის შეთანხმებისა.

მუხლი 10

მხარეები განახორციელებენ ურთიერთქმედებას რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანასთან დაკავშირებული სატრანსპოტო დანახარჯების დაფინანსების დამატებითი გარე წყაროების მოძიების მიზნით.

მუხლი 11

რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას:

არ შეცვალოს რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების დისლოცირების ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე;

არ განახორციელოს რუსეთის სამხედრო ბაზებსა და რუსეთის სამხედრო ობიექტებზე შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო მასალის ჩანაცვლება და შევსება.

მუხლი 12

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების უძრავი ქონება წარმოადგენს საქართველოს საკუთრებას და რუსეთის მხარეს გადაეცემა დროებით უსასყიდლო სარგებლობაში საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანამდე, ამ შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად.

რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს გადასაცემი უძრავი ქონების ობიექტების დაცულობა (მთლიანობა).

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების მიერ გამოთავისუფლებული უძრავი ქონების ობიექტები გადაეცემა საქართველოს მხარეს გადაცემის მომენტისათვის არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით, მხარეთა უფლებამოსილ ორგანოებს შორის შეთანხმებული გრაფიკების შესაბამისად.

უძრავი ქონების გადასაცემად მხარეები ქმნიან ერთობლივ კომისიას.

რუსეთის მხარე საქართველოს მხარესთან შეუთანხმებლად დისლოკაციის ადგილებში არ განახორციელებს რაიმე სახის სამშენებლო სამუშაოებს ახალი უძრავი ქონების ობიექტების შექმნის მიზნით.

მუხლი 13

რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც გადიან სამხედრო სამსახურს რუსეთის სამხედრო ბაზებზე ან რუსეთის სამხედრო ობიექტებზე და დათხოვნილ იქნენ სამხედრო სამსახურიდან საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზების ან რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანის პერიოდში, აგრეთვე მათთან მუდმივად მცხოვრებ მათი ოჯახის წევრებს, რომლებმაც გამოთქვეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების სურვილი, საქართველოს მხარე აძლევს გარანტიას, რომ შეუნარჩუნდებათ უფლებები მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე. პირებს, რომელთაც უნარჩუნდებათ უფლება მათ მიერ დაკავებულ საცხოვრებელ ფართზე, ასევე უნარჩუნდებათ საქართველოში ცხოვრების უფლება.

მუხლი 14

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების სრულ გაყვანამდე მათი მატერიალური, სამედიცინო, ვეტერინარულ-სანიტარიული, სავაჭრო-საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო, საბინაო-საექსპლუატაციო და საფინანსო უზრუნველყოფა ხორციელდება რუსეთის მხარის მიერ.

საქართველოს მხარე ხელს უწყობს რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების უზრუნველყოფას ელექტროენერგიით, წყლითა და სხვა სახის კომუნალური მომსახურებით საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებებისათვის დადგენილი ნორმებისა და ფასების შესაბამისად.

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების მატერიალური, სამედიცინო და სატრანსპორტო უზრუნველყოფის საკითხებთან და რუსეთის სამხედრო ბაზის შემადგენლობაში შემავალი პირებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის სავაჭრო-საყოფაცხოვრებო, კომუნალური და სხვა სახის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების მეთაურები ახორციელებენ ურთიერთქმედებას საქართველოს მხარის შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან და უფლება აქვთ, დადონ ხელშეკრულებები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან.

მუხლი 15

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების ყოველდღიური საქმიანობის უზრუნველყოფისათვის საჭირო მატერიალური საშუალებები (მომარაგების ნივთები, სარემონტო ფონდი, სამხედრო-ტექნიკური ქონება და სხვა) შეიძლება მოწოდებულ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე ან შეძენილ იქნეს ადგილზე. რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანის უზრუნველყოფისათვის საჭირო მატერიალური საშუალებების მარაგის შევსება ხორციელდება ბაჟის, გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდის გარეშე საქართველოს მხარის კომპეტენტურ ორგანოებთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

მუხლი 16

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების მიერ რადიოსიხშირეების გამოყენების წესი განისაზღვრება რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების სარდლობასა და საქართველოს მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმებით.

მუხლი 17

საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების გაყვანასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაციის მიზნით მხარეები ქმნიან ერთობლივ ოპერატიულ-ტექნიკურ ჯგუფს.

წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესრულების კონტროლისა და ამ შეთანხმების რეალიზების პროცესში წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტის მიზნით იქმნება რუსეთ-საქართველოს შერეული კომისია. აღნიშნული კომისიის შემადგენლობაში შედის წევრების თანაბარი რაოდენობა თითოეული მხრიდან.

რუსეთ-საქართველოს შერეული კომისიის ადგილსამყოფელია _ ქ. თბილისი.

თუ რუსეთ-საქართველოს შერეული კომისია ვერ აღწევს შეთანხმებას რაიმე საკითხის გადაწყვეტისას ან წარმოიქმნება უთანხმოება მხარეებს შორის, რომელიც ეხება ამ შეთანხმების განმარტებას ან გამოყენებას, მაშინ ის წყდება მოლაპარაკებების გზით ან დიპლომატიური არხებით.

მუხლი 18

მხარეები უნაზღაურებენ ერთმანეთს, ასევე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს ამ შეთანხმების შესრულებისას განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიყენებულ მატერიალურ ზარალს.

ზარალის ანაზღაურების ოდენობასა და მექანიზმს ადგენს რუსეთ-საქართველოს შერეული კომისია ერთი მხარის მიერ მეორე მხარისადმი დიპლომატიური არხებით მიმართვის თარიღიდან ერთი თვის განმავლობაში. თუ ამ ვადის განმავლობაში შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ზარალი ანაზღაურდება სასამართლოს ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით.

მუხლი 19

რუსეთის მხარე იღებს ვალდებულებას არ იქონიოს, არ შეინახოს საქართველოს ტერიტორიაზე და არ გაატაროს მისი ტერიტორიის გავლით მასობრივი განადგურების იარაღი, ასევე არ აწარმოოს გამოკვლევები ასეთი იარაღის შემუშავებისა და გამოყენების სფეროში მის ტერიტორიაზე.

რუსეთის სამხედრო ბაზისა და რუსეთის სამხედრო ობიექტის შემადგენლობაში შემავალი შეიარაღებული პირების ყოფნა და გადაადგილება რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების დისლოკაციის ადგილის ფარგლებს გარეთ დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პირები ახორციელებენ გადასატანი ფულადი, მატერიალური საშუალებების, ტვირთების საფელდიეგერო-საფოსტო კავშირის ხაზით თანხლებას ან სხვა საგანგებოდ დათქმულ შემთხვევებში საქართველოს მხარის უფლებამოსილ ორგანოსთან წინასწარი შეთანხმებით.

რუსეთის სამხედრო ფორმირებები არ ახორციელებენ სამხედრო პატრულირებას საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების დისლოკაციის ადგილების ფარგლებს გარეთ.

რუსეთის მხარის სამხედრო ავტოინსპექცია თავის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს მხარის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებული წესითა და შემთხვევებში.

რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების სარდლობა პასუხისმგებელია რუსეთის სამხედრო ბაზებისა და რუსეთის სამხედრო ობიექტების დისლოცირების ადგილებსა და საწყობებში არსებული შეირაღების, საბრძოლო მასალებისა და სხვა საშიში მასალების უსაფრთხო დაცვასა და შენახვაზე.

მუხლი 20

მხარეები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ შემუშავებას და ხელმოსაწერად მოამზადებენ შეთანხმებას საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრის დაფუძნებისა და ფუნქციონირების შესახებ, რომლის შესაბამისად ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და ინფრასტრუქტურის შეთანხმებული ნაწილი გამოყენებულ იქნება აღნიშნული ცენტრის ინტერესებისათვის.

მუხლი 21

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 102-ე მუხლის შესაბამისად, ეს შეთანხმება ექვემდებარება რეგისტრაციას გაეროს სამდივნოში.

მუხლი 22

წინამდებარე შეთანხმება დროებით გამოიყენება ხელმოწერის თარიღიდან და ძალაში შედის მხარეთა მიერ აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების შესრულების შესახებ შეტყობინებათა გაცვლის შემდეგ.

წინამდებარე შეთანხმება ძალაშია 2008 წლის 31 დეკემბრამდე, თუ არც ერთი მხარე დიპლომატიური არხებით არ აცნობებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება მეორე მხარის მიერ წინამდებარე შეთანხმების მნიშვნელოვანი დარღვევის გამო. ასეთ შემთხვევაში წინამდებარე შეთანხმების მოქმედება წყდება შეტყობინების მიღების თარიღიდან 30 დღის შემდეგ.

წინამდებარე შეთანხმების მოქმედება შესაძლებელია შეაჩეროს თითოეულმა მხარემ საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად. ამ შემთხვევაში ხდება მეორე მხარის ინფორმირება დიპლომატიური არხებით წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერების ან მისი აღდგენის შესახებ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24