Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
Civil Georgia, Tbilisi / 27 აპრ.'18 / 18:49


პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერი-მინისტრი გიორგი კვირიკავშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, 26 აპრილი, 2018. ფოტო: facebook.com/KvirikashviliOfficial

ქართულ პოლიტიკაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებას პარტია ქართული ოცნების ლიდერის სახით სხვადასხვა შინაარსის შეფასებები მოჰყვა. მმართველი გუნდის ლიდერების თქმით, მისი დაბრუნება პოლიტიკურ პროცესს გააჯანსაღებს, ხოლო ოპოზიციის განცხადებით, მისი დაბრუნება ადასტურებს, რომ პარტია ღრმა კრიზისშია.

ქვემოთ მოცემულია მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ლიდერების კომენტარები:

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: მოგეხსენებათ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, თუ რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის, მისი დამაარსებლის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი... მას ყველაზე მეტად ძალუძს, გააძლიეროს მთავარი პოლიტიკური ბირთვი პარტიის თავმჯდომარის რანგში, შესძინოს მეტი და ახალი დინამიკა შემდგომი განვითარებისთვის, მეტი ეფექტურობისთვის და პროგრესისთვის, როგორც აღმასრულებელ, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლებას და თვითმმართველ ორგანოებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე, ორგანიზაციის გაძლიერებაზე. ამას სჭირდება, მათ შორის, შესაბამისი დროც და ამისთვის საჭირო დრო, ბუნებრივია, სამწუხაროდ ნაკლებად აქვთ პრემიერ-მინისტრს და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. შესაბამისად, კონკრეტული მიზეზები ამ გადაწყვეტილებას ჰქონდა... საუბარია მხოლოდ და მხოლოდ პარტიის გაძლიერებაზე, ორგანიზაციის გაძლიერებაზე... ამ მცირე პრობლემებს, რომელიც იყო უმრავლესობაში, ნამდვილად არ უკავშირდება ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. ამ საკითხების მოგვარება შეიძლებოდა ამის გარეშეც. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ეფუძნება მის სურვილს, რომ აქტიურად ჩაერთოს პარტიის განვითარების პროცესში.

თბილისი მერი, კახა კალაძე: მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავმჯდომარედ დაბრუნებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით ამ გადაწყვეტილებას... მე ძალიან მიხარია, რომ ბატონი ბიძინა დაბრუნდა, როგორც პარტიის თავმჯდომარე, მისივე დაფუძნებული პარტიაა... დაბრუნების გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ ჩვენ გვინდა პარტიის როლი უფრო გავაძლიეროთ ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ ზოგადად პარტიული განვითარება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დეპუტატი არჩილ თალაკვაძე: ეს იყო ბატონი გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ. მან რამდენიმე კონსულტაცია გამართა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ამასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენც, საპარალამენტო უმრავლესობიდან, პარტიის ლიდერები მხარს უჭერენ ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ხელმძღვანელობით პარტია გახდება კიდევ უფრო ეფექტური და ეს, საერთო ჯამში, გააჯანსაღებს იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილის პარტიის ხელმძღვანელად დაბრუნება არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი და პოზიტიური იმპულსი, რომ პარტია კიდევ უფრო გაძლიერდეს და მოგეხსენებათ, რომ მმართველი პარტიის გაძლიერება ნიშნავს ქვეყნის გაძლიერებას და ეს ჩვენ ქვეყანას ბუნებრივად წაადგება ძალიან პოზიტიურად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია: ასეთი ცინიზმი ნაკლებად მოიძებნება მსოფლიო პოლიტიკაში... სანამ მუშტი-კრივი არ გამართეს ერთმანეთს შორის ქართულ ოცნებაში... ეს ადამიანი მიიჩნევდა, რომ არაფორმალური მმართველის ამპლუა მისთვის მისაღები იყო... საზოგადოებაში არავინ დაიჯერებს ახლა იმას, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი საიდანღაც დაბრუნდა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია: ქართული ოცნების რეალური მმართველის ჩრდილიდან, გამოსვლა, მისი იძულება, რომ გამოსულიყო ჩრდილიდან ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია ქართულ ოცნებაში, ღრმა კრიზისია მთელ ქვეყანაშიც. მხოლოდ ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის, ქვეყანას უშველის მარტო ერთი რამ - მთელი ამ გუნდის, ივანიშვილით დაწყებული, კვირიკაშვილით დამთავრებული, ამათი ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით, მშვიდობიანად და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე. მეტი არაფერი არ უშველის ჩვენ ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა.

„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, გაისიგრძეგანა ის რეალობა, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური კრახის პირასაა და გადაწყვიტა გადაედგა ის ბოლო ნაბიჯი, რაც მას შეიძლება გადაედგა... ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ნიშნავს იმას, რომ ვინც დღემდე უძღვებოდა ქვეყანას, მთავრობას, პარლამენტს, სხვა სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობებს, მათ ვერ შეძლეს საქმის კეთება. ეს არის უნიკალური შემთხვევა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ერთ წელიწადში ამ ზომამდე მიდის, რომ სთხოვს თავის დამფუძნებელს გვიშველე, თორემ ჩამოგვექცა თავზე ყველაფერი.

„თავისუფალი დემოკრატების” გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე: არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით რაიმე პოზიტიურად შეიცვლება ქვეყანაში და ჩვენ დავინახავთ ინსტიტუტების განვითარებას, ელემენტარულად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ახლა უკვე მივიღებთ რეალობას, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ექნება უფრო მეტი უფლებამოსილება, ვიდრე ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, უფრო მეტი უფლებამოსილება, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარეს და ნებისმიერ ინსტიტუციას... სამართლებრივი სახელმწიფო ასე არ ვითარდება, ეს არის მისი მხრიდან იმის მცდელობა, რომ უფრო გაიმყაროს პოზიციები ქვეყანაში.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილი არც არასოდეს წასულა პოლიტიკიდან და ის აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს, ის მართავდა ქვეყანას. მას უბრალოდ პასუხისმგებლობა არ ჰქონდა ამაზე აღებული. იყო დამალული... ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ ვითარება ქვეყანაში არის ნამდვილად ძალიან ცუდი. ოღონდ ეს არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი. თუ ის რამენაირად შეძლებს ამ ვითარების გაუმჯობესებას, რაშიც მე ძალიან ეჭვი მეპარება, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი უკვე ლეგალურად გამოჩნდა ასპარეზზე. თუ აქამდე არალეგალურად ხელმძღვანელობდა სახელმწიფოს, სახელმწიფოს კი არა, თავის კრიმინალურ ბიზნესს-კორპორაციას... დღეს მას უკვე ჩამოეხსნა ნიღაბი და იგი იძულებული გახდა დაედასტურებინა მსოფლიო დონეზე ჩვენს მიერ აწეული პიარი, რომ იგი უკანონოდ, კრიმინალურად და ჩრდილოვანი მეთოდებით მართავდა სახელმწიფოს. დღეს ეს მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცხადზე ცხადი.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8