Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ
Civil Georgia, Tbilisi / 14 ნოე.'17 / 11:39
ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი, მარგოტ ვალსტრომი


პოლონეთის, საქართველოს და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, თბილისი, 14 ნოემბერი, 2017. ფოტო: საქართელოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკი, და შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგოტ ვალსტრომი, აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ.

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობას რვა წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ეს გახლდათ პოლონეთისა და შვედეთის ერთობლივი ინიციატივა, რომელიც გულისხმობდა ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავებას მის უახლოეს 6 მეზობელ ქვეყანასთან, 75 მილიონი ადამიანის სამშობლოსთან, კერძოდ: სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივაა. ამ რვა წლის განმავლობაში ევროკავშირმა საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებები და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებები გააფორმა. მეტიც, მაგალითად: 2009 წლიდან მოყოლებული ევროკავშირმა 1,5 მილიარდი ევრო გამოყო რეგიონში კერძო სექტორის განვითარებაზე. მხოლოდ გასულ წელს 4000-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა ევროკავშირის სტიპენდიებით, და თითქმის 10 000 ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა გაცვლით პროგრამაში. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში უკვე უვიზოდ  მოგზაურობენ. რეგიონის მოსახლეობის უმრავლესობა (61%) დარწმუნებულია, რომ ევროკავშირთან უფრო ძლიერი თანამშრომლობის განვითარება კარგია, ხოლო რეგიონის მოსახლეობის 70%-ზე მეტისთვის ევროკავშირი ასოცირდება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებთან, როგორიცაა: ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა, სამოქალაქო თავისუფლებები და ეკონომიკური კეთილდღეობა, მშვიდობა, სტაბილურობა და უსაფრთხოება.

მიღწეული წარმატებების მიუხედავად, აღმოსავლეთ პარტნიორობა ახალ დინამიკას საჭიროებს, რათა ასევე რელევანტური იყოს მომავალშიც. ევროპელი ლიდერები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის 24 ნოემბერს  ბრიუსელში შეიკრიბებიან. გვსურს, აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განვითარების ჩვენეული გზები შევთავაზოთ.  ჩვენი სურვილია, რომ აქცენტი გაკეთდეს ადამიანების, განსაკუთრებით ახალგაზრდების საჭიროებებზე, რათა უფრო კონკრეტულ შედეგებს მივაღწიოთ შემდეგ ოთხ სფეროში:  

  • თანამონაწილეობა. მიგვაჩნია, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელიც ჩართულია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკაში, ერთობლივად უნდა იყოს პასუხისმგებელი დასახული მიზნებისა და პრიორიტეტების განხორციელებაზე.  ისინი, ვინც უფრო მაღალ ამბიციებს გამოთქვამენ, უნდა გაატარონ კიდეც ნაკისრი ვალდებულებებით გათვალისწინებული რეფორმები. საქართველო ამის კარგი მაგალითია. 
     
  • მდგრადობა. ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგი მიმართული უნდა იყოს იმ საკითხებისაკენ, რომლებიც ჩვენს საზოგადოებებს კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა მხარდაჭერას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, გამჭვირვალობის გაზრდას, საჯარო ადმინისტრაციის მეტ ეფექტურობასა და ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორობის გაზრდას. ამაში აგრეთვე იგულისხმება ფოკუსირება გარემოსდაცვით საკითხებსა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ მიმართულ მოქმედებებზე.  
     
  • საზოგადოების ჩართულობა. არსებობს მკაფიო კავშირი მდგრადი საზოგადოების შენებასა და ინსტიტუტებისადმი ხალხის ნდობის ხარისხს შორის: ერთმანეთის გარეშე არცერთი მიიღწევა. აღმოსავლეთ პარტნიორობამ მნიშვნელობა უნდა შეიძინოს ხალხის თვალში და დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერ რეფორმას საკუთარ თავზე იგრძნობენ ჩვეულებრივი ადამიანები. ამ კუთხით, ახალგაზრდები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არიან და სწორედ ამიტომ, თხოვნით მივმართეთ ევროკომისიას, სამიტისთვის ძლიერი ახალგაზრდული პაკეტი მოემზადებინა. 
     
  • დაკავშირებადობა. პრიორიტეტულად უნდა განვიხილოთ ნებისმიერი საშუალება, რაც ერთმანეთთან დააახლოებს ადამიანებს. ეს შესაძლოა იყოს უვიზო მიმოსვლა, გაცვლითი პროგრამები საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, სწრაფი ინტერნეტისა და როუმინგის დაბალი ტარიფებით სარგებლობის სფეროში. ევროკავშირმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის გააფართოვოს დამაკავშირებელი ქსელები. ეს სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ვაჭრობისათვის, არამედ  ჩვენი ქვეყნების ხალხებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარებისათვის. ვინაიდან ინფრასტრუქტურული პროექტები ძვირადღირებულია, საჭიროა გავაერთიანოთ ევროპული და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო და საგრანტო ინსტრუმენტები.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობა არ მოიცავს უსაფრთხოებას ტრადიციული გაგებით, იგი შესაძლოა გახდეს სტაბილურობისა და მდგრადობის ინსტრუმენტი. ასევე შეიძლება გახდეს  პლატფორმა რეგიონალურ პარტნიორებს შორის თანამშრომლობისათვის. მომდევნო წელს პოლონეთი და შვედეთი გაეროს უშიშროების საბჭოში წარმოდგენილი იქნებიან არამუდმივი წევრების სტატუსით. გვსურს, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა კონფლიქტების გადაჭრისა და კრიზისების მართვის ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში.

პოლონეთი და შვედეთი კვლავ ჩართულები იქნებიან აღმოსავლეთ პარტნიორობაში. პოლონეთი, ისევე როგორც შვედეთი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კარი ღია უნდა დარჩეს იმ ქვეყნების პოტენციური წევრობისთვის, რომლებიც რეალურად ახორციელებენ რეფორმებს. პასუხისმგებლობას ვიღებთ ამ ურთიერთობაზე და დარწმუნებული ვართ, რომ ევროკავშირსა და მის აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთობის გაღრმავება ჩვენი ქვეყნების ხალხებისთვის უკეთეს ცხოვრებას მოიტანს. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13