Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა: კეთილი ნება, თუ ვალდებულება?
Civil Georgia, Tbilisi / 20 ნოე.'17 / 12:26
უჩა ნანუაშვილი


უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი. ფოტო: ombudsman.ge

შეიარაღებულმა კონფლიქტებმა საქართველოს სწრაფ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუშალა ხელი. ყველაზე უარყოფითად, თავისთავად, ეს იმ მოსახლეობის კეთილდღეობასა და უფლებებზე აისახა, რომელსაც საომარი მოქმედებები უშუალოდ შეეხო. 

თუ უშუალოდ დაზარალებული მოსახლეობის რაოდენობას რიცხვებში გამოვსახავთ, სურათი ასეთია: 273 765 იძულებით გადაადგილებული პირი (2016 წლის მონაცემებით), დაახლოებით 200 000-240 000 აფხაზეთის მკვიდრი (მათ შორის, გალის რაიონში მცხოვრები დაახლოებით 40 000 ეთნიკური ქართველი), დაახლოებით 20 000-30 000 ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მკვიდრი (მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტის 1000-მდე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა)1,  და კიდევ ბევრი, ვინც კონფლიქტის შედეგად დატოვა ქვეყნის ფარგლები და რომელთა შესახებაც მონაცემები არ მოგვეპოვება.

ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ნახევარ მილიონ ადამიანს პირდაპირ შეეხო ომი, ომით გამოწვეული მორალური და მატერიალური ზარალი და, შესაბამისად, საქართველოს ნებისმიერი მთავრობა ვალდებულია გადადგას ქმედითი ნაბიჯები მათი დარღვეული უფლებების აღსადგენად და დაპირისპირებული საზოგადოებების შესარიგებლად. ამ სტატიით, გვინდა გამოვეხმაუროთ ბოლოდროინდელ დისკუსიას, თუ რა სტრატეგია უნდა აირჩიოს საქართველომ კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობისას. 

საქართველოს კანონმდებლობისა და ხელისუფლების გაცხადებული პოლიტიკის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომელთაგანაც გარკვეულ ნაწილს უბრალოდ არ აქვს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, ხელისუფლებას ისევე აკისრია მათზე ზრუნვის ვალდებულება, როგორც საქართველოს სხვა დანარჩენ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე. ამიტომ, ნებისმიერი სოციალური თუ ეკონომიკური პროექტი/ინიციატივა/დახმარება ისევე უნდა იყოს ხელმისაწვდომი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის, როგორც, მაგალითად, იმერეთის, აჭარის ან სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობისათვის. ამიტომაც, აფხაზებისა და ოსების ჯანდაცვის დაფინანსება, მათთვის განათლების მაღალ სტანდარტზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აფხაზეთში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება, აფხაზური და ოსური კულტურული მემკვიდრეობის (მათ შორის, ენის) დაცვაში ხელშეწყობა კეთილი ნება კი არა, სახელმწიფოს ვალდებულებაა. 

ალბათ, სადაო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ აფხაზები და ოსები არანაკლებ დაზარალდნენ 1990-იანი წლების კონფლიქტებით და რუსული ოკუპაციით, ვიდრე ქართველები. შეიარაღებული დაპირისპირებები უშუალოდ ამ ტერიტორიებზე მიმდინარეობდა და ბევრი მათგანი ომის პირდაპირი მსხვერპლი გახდა. წლების განმავლობაში უარესდებოდა ჯანდაცვის და განათლების ხარისხი, ყვავის ნეპოტიზმი და კორუფცია, მოსახლეობა სრულად დაუცველია ავტორიტარული მმართველობის წინაშე და აზრის თავისუფლად გამოხატვა „სამშობლოს ღალატს“ უტოლდება, მუდმივ წნეხს განიცდიან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და მათი წევრები. ეს ყოველივე კი, რუსული მმართველობის შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე სწორედ იმ პრინციპით უნდა იზრუნოს, რა პრინციპითაც ზრუნავს გამყოფ ხაზზე მცხოვრებ, მავთულხლართების გავლების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე.

საქართველოს ეს პასუხისმგებლობა მის მიერ საერთაშორისოდ აღებული ვალდებულებებიდანაც გამომდინარეობას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება დადებულია საქართველოსთან მთლიანობაში და ცალსახად განმარტავს, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციით მიღებული სარგებელი უნდა გადანაწილდეს საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, აფხაზებსა და ოსებზე. 

ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩამოყალიბებული პრაქტიკის მიხედვით, სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს აკონტროლებს სხვა სახელმწიფო, მაინც ეკისრება პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს ადამიანის უფლებების დაცვა მის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 

შესაბამისად, არაფერი სენტიმენტალური ამ პოლიტიკაში არ არის (როგორც ამას სხვადასხვა ავტორები ამტკიცებენ). პირიქით, საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებების დაცვასა და საჭიროებებზე ზრუნვა პირდაპირ ნიშნავს საქართველოს ლეგიტიმურ და სამართლიან მოთხოვნას/პრეტენზიას, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა. სწორედ ამ კონტექსტშია გასააზრებელი საქართველოს აფხაზური ან ოსური პოლიტიკის შედეგიც. 

საზოგადოების გარკვეულ წრეებში არის იმედგაცრუება 25-წლიანი უშედეგო მცდელობით, „დავიბრუნოთ აფხაზეთი“. თუმცა, როგორც გიორგი კანაშვილი თავის სტატიაში აღნიშნავდა, ამ წლების განმავლობაში საქართველოს არ ჰქონია თანმიმდევრული პოლიტიკა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მიმართულებით: შემრიგებლურ რიტორიკას ხშირად მილიტარისტული რიტორიკა ანაცვლებდა, შემრიგებლურ პოლიტიკას - კი, ხშირად ძალისმიერი ქმედებებიც. არ მომხდარა კონფლიქტების გამომწვევი მიზეზების შეფასება, მხარეთა წუხილების, შეცდომების და თუნდაც დანაშაულების გამოკვლევა და გაანალიზება, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია დაპირისპირებულ მხარეთა შორის ნდობის აღდგენისთვის. შესაბამისად, არგუმენტი, რომ „არაფერმა იმუშავა“, ზედაპირულია. 

ამას გარდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართული, აფხაზური და ოსური საზოგადოებები გაიხლიჩა სისხლიანი ომისა და მათი უფლებების მასობრივი დარღვევების შედეგად. ერთმანეთის მიმართ კოლექტიური შიში ჯერ ისევ ძლიერია. ეს შიში, რომელიც შეიძლება ერთი მხარისთვის სრულიად უსაფუძვლო იყოს, მეორე მხარისთვის რეალობაა და განსაზღვრავს კიდეც მის დამოკიდებულებას და პოლიტიკას. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების და სამოქალაქო საზოგადოების მცდელობა მიმართული უნდა იყოს სწორედ ერთმანეთის მიმართ შიშის და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შემცირებისკენ, რაც მოამზადებს ნიადაგს და საზოგადოებრივ აზრს კომპრომისული პოლიტიკისა და, შესაბამისად, მდგრადი მშვიდობისათვის.

სწორედ ამ კუთხით, მართლაც რომ კარგი შედეგი აქვს ჯანდაცვის პროგრამას. პაციენტები და მათი თანმხლები პირები თავიდან ეცნობიან საქართველოს და ქართველებს, თავისუფლად სტუმრობენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებს, ხელახლა ამყარებენ ურთიერთობას დაკარგულ ქართველ ნათესავებთან, მეგობრებთან თუ მეზობლებთან, რაც 10 წლის წინ ალბათ წარმოუდგენელი იყო. სხვა შემთხვევაში, რატომ მოუწოდებენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს, არ გადავიდნენ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე? ან რატომ შექმნა რუსეთის ფედერაციამ აფხაზებისთვის ალტერნატიული სადაზღვევო პროგრამა? 

ამ თემას ასევე მივყავართ შემდეგ არგუმენტამდე: „აფხაზი“ ან „ოსი“ ერთი ადამიანი არ არის, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, უნდა თუ არა საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება. გასაანალიზებელია სხვადასხვა ჯგუფების პოზიციები, ინტერესები, საჭიროებები და შესაძლებლობები. რომელიმე დე ფაქტო მინისტრის პოზიცია, ინტერესი, საჭიროება და შესაძლებლობა არსებითად განსხვავდება ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები უმუშევრის, გაგრაში მცხოვრები მაღაზიის მფლობელის ან გალის რაიონში მცხოვრები მასწავლებლის პოზიციების, ინტერესების, საჭიროებებისა და შესაძლებლობებისაგან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება უნდა ესაუბრებოდეს არა მხოლოდ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში, არამედ თავის მოქალაქეებს სოხუმიდან, გაგრიდან, ოჩამჩირიდან, ცხინვალიდან და ა.შ. სწორედ ამ მოქალაქეებისათვის უნდა გახდეს რელევანტური ქართული სივრცე, იქნება ეს ჯანდაცვა, განათლება, მეცნიერება, ბიზნესი, ვაჭრობა, ტურიზმი თუ სხვა. 

დასკვნის სახით, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ვალდებულებაა, და არა კეთილი ნების გამოხატულება, თავგამოდებით დაიცვას როგორც იძულებით გადაადგილებული პირების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, გალისა და ახალგორის რაიონის მოსახლეობის, ისე აფხაზების და ოსების უფლებები და თანაბრად მისცეს მათ შესაძლებლობა, ისარგებლონ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული პროგრამებით. ეს იმიტომ, რომ აფხაზები და ოსები ჩვენი ქვეყნის ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები დანარჩენი მოსახლეობა. ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობამ კიდევ უნდა გააფართოვოს არსებული პროგრამები და გაამარტივოს მათზე ხელმისაწვდომობა, რათა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას ბიუროკრატიული და ფორმალური ბარიერები არ შეექმნას (ამის შესახებ სახალხო დამცველი არაერთ ანგარიშსა თუ მოხსენებაში საუბრობს). და ეს აფხაზებისა და ოსების გულების მოსაგებად კი არა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების მიმართ ცენტრალური ხელისუფლების პასუხისმგებლობის ხაზგასასმელად უნდა გაკეთდეს.

1 აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. სახალხო დამცველი ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დასახელებულ მიახლოებულ სტატისტიკას.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8