საოკუპაციო ხაზი გორის რაიონის სოფელ ბერშუეთთან, 8 ივლისი, 2017. ფოტო: იანა ყორბეზაშვილი/Civil.ge
რონდელის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა უტიაშვილი, რუსეთის ოკუპაციის საკითხზე სტატიას აქვეყნებს.
ის, რაც ბევრჯერ გვინახავს: რუსი მესაზღვრეები არჭობენ ბოძებს, რომელზეც კიდებენ საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებს და გაფრთხილებას, რომ საზღვრის გადაკვეთა აკრძალულია და მალევე მიაყოლებენ მავთულხლართებს. ჟურნალისტები ჩადიან ადგილზე და გვეუბნებიან, რომ რუსებმა კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიიტაცეს. ქართული საზოგადოება აღშფოთებულია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რაც შესაძლებელია (ანუ მოახდენს საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას და შეიძლება საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებაც გააკეთოს). ევროკავშირის მონიტორინგის მისია აკეთებს განცხადებას, რომ მავთულხლართების გავლება ხელს უშლის ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას. ერთი-ორი ექსპერტი Google Map-შიც შევა და შეხედავს, რამდენი მეტრი დარჩა ტრასამდე. ამბავი მთავრდება იმისათვის, რომ რამდენიმე დღეში ისევ განმეორდეს. ერთადერთი, რაც წელს შეიცვალა, ისაა, რომ რუს მესაზღვრეებს აშკარად დაეტყოთ ეკონომიკური კრიზისი და, ძვირადღირებული ღობეების ნაცვლად, იაფ ხნულებს ავლებენ საზღვრის აღსანიშნავად.
იმისათვის, რომ გავერკვეთ, რატომ მოცოცავს მავთულხლართი, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რას წარმოადგენს „ოკუპაციის ხაზი“.
საქართველოს ხელისუფლებისათვის ოკუპაციის ხაზი არ არსებობს, არც სამართლებრივად და არც გეოგრაფიულად. რაკი ოფიციალური თბილისისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ფუნდამენტური არაღიარების პოლიტიკაა, იგი ერიდება ნებისმიერი ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც საზღვრის დაფიქსირება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აცხადებს, რომ მისი ტერიტორიები ოკუპირებულია, იგი არ აფიქსირებს, სად გადის ოკუპაციის საზღვარი. ოკუპაციის ხაზი გადის იქ, სადაც დგანან რუსი მესაზღვრეები, იმისდა მიუხედავად, ემთხვევა თუ არა ის ძველ ადმინისტრაციულ საზღვარს. სამართლებრივად თუ მივუდგებით, საქართველოს ხელისუფლებისათვის ხაზის გადმოწევა პრინციპულად არაფერს ცვლის: საოკუპაციო ხაზი ერთნაირად უკანონოა ცხინვალის რაიონშიც და გორის რაიონშიც, გალის რაიონშიც და ზუგდიდის რაიონში.
იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება არ ხაზავს საკუთარ რუკას, საზღვრის დაფიქსირებას რუსები ცალმხრივად ახდენენ. სად გაყავთ რუსებს საზღვარი?
ოფიციალურ შეხვედრებზე გაჟღერებული პოზიცია ასეთია, რომ რუსი მესაზღვრეები მიყვებიან მეოცე საკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მიერ გამოცემულ მსხვილმასშტაბიან რუკებს. თუმცა, ახალი რუკა რომელზეც მონიშნული იქნებოდა „დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთის“ საზღვრები, ჯერ არ გამოუციათ. თავად „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების“ განცხადებით, საზღვრის გავლებისას ისინი ხელმძღვანელობენ 1922 წლის აქტით ავტონომიის შექმნის შესახებ და „სხვა სამართლებრივი აქტებით“ კონკრეტულად რა სამართლებრივი აქტებით, არავინ იცის.
რატომ არ ემთხვევა 80-იანი წლების რუკას ადმინისტრაციული საზღვარი?
რეალურად, 90-იან წლებამდე სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის ადმინისტრაციული საზღვარი იყო საზღვარი მომიჯნავე კოლმეურნეობებს შორის და ხშირად იცვლებოდა ადმინისტრაციული თუ სამეურნეო საჭიროებებიდან გამომდინარე. მეორეც, 90-იანების შემდეგ, „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა შემცირდა, რის შედეგადაც მოსაზღვრე სახნავ-სათესი მიწების ნაწილი ქართველების ხელში აღმოჩნდა. ამ ორი მიზეზის გამო, ბევრ ადგილას ფაქტობრივი საზღვარი არ ემთხვევა ფორმალურს.
საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია განსხვავდება საქართველოს პოზიციისაგან. ჩვენი პარტნიორები რუსულ ოკუპაციას, ცხადია, გმობენ, მაგრამ პრინციპულ განსხვავებას ხედავენ ავტონომიების ყოფილ საზღვრებში საზღვრის დაფიქსირებასა და ყოფილი ადმინისტრაციულ საზღვრების მიღმა მის გადმოწევას შორის. ამიტომაც, ევროკავშირის განცხადებები ყოველთვის აპროტესტებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაადგილების შეზღუდვას და არა ტერიტორიების მიტაცებას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჯერჯერობით, როგორც ჩანს, არ დაუფიქსირებია ყოფილი ავტონომიის გარეთ საზღვრების გადმოწევის ფაქტი.
რუსეთის ოფიციალური პოზიცია ნათელია, მათ აქვს „სახელშეკრულებო ვალდებულებები“ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომლის თანახმადაც ისინი აშენებენ სასაზღვრო ინფრასტრუქტურასა და ახორციელებენ „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვას, რომელიც ემთხვევა ყოფილი ავტონომიების ადმინისტრაციულ საზღვრებს.
პრობლემის არსი იმაშია, რომ რუსები არ აფიქსირებენ ზუსტად, სად გადის ეს საზღვარი. არ არსებობს არც რუკა, არც რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც რუსეთი მონიშნავს საკუთარი ექსპანსიის საზღვარს (80-იანი წლების რუკა, ცხადია, არ არის საბოლოო დოკუმენტი. თეორიულად, იგი შეიძლება შეიცვალოს რაიმე „ახლად აღმოჩენილი გარემოების“, ან სულაც ცხინვალისა და სოხუმის მიმართვის საფუძველზე). ეს ორაზროვნება, ცხადია, სპეციალურადაა შენარჩუნებული, და წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საშუალებას. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ომის დამთავრებიდან 9 და მავთულხლართების გავლების დაწყებიდან 4.5 წლის შემდეგაც კი, ტერიტორიების თითქმის ნახევარი ჯერ კიდევ არ არის შემოსაზღვრული.
თეორიულად, რუსეთს შეუძლია ორი რამ გააკეთოს. პირველი: გამოგონილი საბაბით დაიკავოს დიდი ტერიტორია, რითაც, ერთი მხრივ, სერიოზული დარტყმის ქვეშ დააყენებს საქართველოს მთავრობას, მაგრამ თავადაც აშკარა აგრესორის როლში აღმოჩნდება, რამაც შეიძლება ახალი საერთაშორისო კრიზისი გამოიწვიოს, და მეორე: მას შეუძლია შეინარჩუნოს ორაზროვნება, გააგრძელოს პატარ-პატარა მონაკვეთების შემოღობვა და საქართველოს თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდოს უფრო დიდი მიწების მიტაცების საფრთხე. ცხადია, რუსეთისათვის უფრო მიმზიდველია მეორე ალტერნატივა, რამდენადაც ის საშუალებას აძლევს თავად არ აღმოჩნდეს საერთაშორისო კრიტიკის ქვეშ, გამოსძალოს საქართველოს პატარ-პატარა დათმობები და შეინარჩუნოს „დამოკლეს მახვილი“. რაც კიდევ უფრო მეტად აწყობს რუსეთს, არის ის, რომ კიდევ უფრო მეტი ორაზროვნება შექმნას „სახელმწიფო საზღვრის“ ირგვლივ, რათა ევროკავშირსაც გაუჭირდეს ზუსტად „წითელი ხაზების“ გავლება.
რა შეიძლება გაკეთდეს? თეორიულად არსებობს რამდენიმე შესაძლებლობა:
1. საზღვრების ერთობლივი დადგენა. ეს ხსნის მცოცავი ანექსიის საფრთხეს, მაგრამ შეუძლებელია სტატუსთან დაკავშირებული მიზეზების გამო.
2. საზღვრების ცალმხრივი დემარკაცია ევროკავშირის თანხმობით. მნიშვნელოვნად ამცირებს მცოცავი ანექსიის საფრთხეს, მაგრამ ძალიან რთულია პოლიტიკური მიზეზების გამო: ჯერ ერთი, გამოვა, რომ საქართველოს მთავრობამ რუსეთს გადასცა ის ტერიტორიები, რომლებიც ჯერ ოკუპირებული არ არის, მაგრამ ადმინისტრაციული საზღვრის იქით მდებარეობს. მეორეც, საქართველოს მთავრობის მიერ ხაზის დადგენის შემთხვევაში, მთავრობა უმძიმეს კრიზისში აღმოჩნდება, თუ რუსეთი დემონსტრატიულად გადმოლახავს ამ ხაზს.
3. საოკუპაციო ხაზზე შეიარაღებული ძალების ჩაყენება. შეუძლებელია, რადგან იქნება 6-პუნქტიანი გეგმის მეოთხე პუნქტის დარღვევა და ამ გეგმის ფაქტობრივი აღსასრული.
4. საოკუპაციო ხაზზე პოლიციის რაოდენობის გაზრდა, უფრო მძიმედ შეიარაღებული პოლიციის დაყენება. ხაზის პატრულირება მსუბუქი ჯავშანტექნიკის გამოყენებით. ამ ვარიანტის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს შეთანხმება ევროკავშირსა და საქართველოს შსს-ს შორის, რომელიც აწესებს აკრძალვას შეიარაღების გარკვეულ ტიპებზე. ამ ნაბიჯით, საქართველო არაორაზროვან სიგნალს გაუგზავნის ყველას, პირველ რიგში კი მოსკოვს, რომ საზღვრის ყოველ გადმოწევას თან სერიოზული კრიზისი მოჰყვება. იზრდება პროვოკაციების და ესკალაციის საფრთხე, თუმცა ევროპელი დამკვირვებლების ყოფნა მაინც ხელს შეუწყობს პროვოკაციების თავიდან აცილებას.
5. საერთაშორისო დღის წესრიგში მცოცავი ოკუპაციის საკითხის უფრო აქტიურად დაყენება. მართალია, საქართველოში ვიზიტად მყოფი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნები რეგულარულად სტუმრობენ ოკუპაციის ხაზს და გმობენ „მცოცავ ოკუპაციას“, რეალურად საერთაშორისო დღის წესრიგში ეს საკითხი არ დგას. გარდა სუბიექტურისა, ამას აქვს ობიექტური მიზეზიც: საკითხი აქტუალური გახდება მაშინ, როდესაც დამატებითი მიწების მიტაცებას დააფიქსირებს ობიექტური საერთაშორისო დამკვირვებელი - ევროკავშირის მონიტორინგის მისია.
როგორც ვხედავთ, არსებული ხუთი ალტერნატივიდან (თეორიულად, შეიძლება არსებობდეს ბევრი სხვაც, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მეტ-ნაკლებად რეალისტურზე გავამახვილეთ ყურადღება) არც ერთი არ გვაძლევს პრობლემის გადაჭრის რეალურ გზას. ლოკალური გამოსავალი, ალბათ, არც არსებობს. სტრატეგიული თვალსაზრისით, რაც შეუძლია საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთოს პრობლემის შემცირებისათვის, აქტიური საგარეო პოლიტიკა და ეფექტური უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სისტემის შექმნაა. ორივე მიმართულებით კი, სამწუხაროდ, ისტორიულ მინიმუმზე ვიმყოფებით.