Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს
Civil Georgia, Tbilisi / 12 დეკ.'17 / 09:34


იერუსალიმი. ფოტო: nationalgeographic.com

2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორიული განცხადება გააკეთა იერუსალიმის ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარების შესახებ. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილების და მისი შესაძლო შედეგების შესახებ საქართველოზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი საბა ფიფია საუბრობს.

2017 წლის 6 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისტორიული განცხადება გააკეთა იერუსალიმის ისრაელის სახელმწიფოს დედაქალაქად აღიარების შესახებ. ამ განცხადებით მან ერთგვარად დაასრულა კონგრესის მიერ 1995 წელს მიღებული „იერუსალიმის საელჩოს აქტის“ ძალაში შესვლის შესახებ დებატი. 

იერუსალიმის საელჩოს აქტი, რომელიც ამერიკის კონგრესმა ორპარტიული უმრავლესობით მიიღო, ერთიან იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, რომ აშშ-ის საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს. თუმცა აქტი შეიცავს ე.წ. „საპრეზიდენტო გამონაკლისის“ (Presidential waiver) დებულებას, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტს ეძლევა უფლება ექვსი თვით გადაავადოს აქტის აღსრულება და ყოველ ჯერზე ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ გადაავადოს მომდევნო ექვსთვიანი პერიოდით აქტის ძალაში შესვლა. უკვე ოცდასამი წელია აშშ-ს პრეზიდენტები კლინტონი, ბუში და ობამა იყენებდნენ ამ უფლებამოსილებას და მიუთითებდნენ სახელმწიფო ინტერესებზე, როდესაც თავს იკავებდნენ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და აშშ-ის საელჩოს გადატანისაგან, მაგრამ დონალდ ტრამპმა გადაუხვია ამ წლების განმავლობაში დამკვიდრებულ ტრადიციას და მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად მან კვლავ გადააგრძელა აქტის აღსრულება მომდევნო ექვსი თვის ვადით, რადგან საელჩოს გადატანის პროცედურები ამას მოითხოვდა, ფაქტობრივად მან პირდაპირ აღიარა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად და ამას არსებული მდგომარეობის დადასტურება დაარქვა. მანვე ღიად განაცხადა რომ აშშ დაიწყებს საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადმოტანასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ამავდროულად, ტრამპმა, პირველად მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, მხარი დაუჭირა ებრაულ-არაბული კონფლიქტის „ორსახელმწიფოებრივი მოგვარების“ (two-state solution) გეგმას, რომლის მიხედვითაც პალესტინური მმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს სუვერენულ სახელმწიფოდ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ღაზას სექტორში. თუმცა, ორსახელმწიფოებრივი მოგვარების გეგმაზე საუბრისას ტრამპმა ისიც დასძინა, რომ ამერიკა ემხრობა ამგვარ გეგმას იმდენად რამდენადაც მხარეები ამაზე შეთანხმდებიან. 

ტრამპის გამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის უკვე არსებულ პოლიტიკას ისრაელთან მიმართებით. მაგალითად, მან რამდენჯერმე ახსენა კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინელებს (და არა პალესტინას) შორის, რითაც კვლავ გაუსხვა ხაზი, რომ აშშ პალესტინას არ განიხილავს, როგორც სახელმწიფოს, განსხვავებით გაერო-საგან, რომლის გენერალურმა ასამბლემაც 2012 წელს პალესტინის სტატუსი აამაღლა „დამკვირვებლიდან“ - „არაწევრ დამკვირვებელ სახელმწიფომდე“. ისრაელის გარდა, მხოლოდ აშშ და კანადა იყვნენ ის დიდი სახელმწიფოები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ამ რეზოლუციის მიღებას. 

ტრამპის არგუმენტაცია საინტერესოა როგორც პოლიტიკური ასევე სამართლებრივი თვალსაზრისითაც. პირველ რიგში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქამდე „იერუსალიმის საელჩოს აქტი“ ძალაში არ შედიოდა, რადგან მის წინამორბედებს სჯეროდათ, რომ ეს სამშვიდობო პროცესს ხელს შეუშლიდა, თუმცა იმდენად რამდენადაც ებრაულ-არაბული კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება დღესაც ხანგრძივ პერსპექტივად ისახება, ტრამპი ასკვნის, რომ ეს მიზეზი აღარაა გამოსაყენებელი გადავადების გასამართლებლად. ამავდროულად იგი მიიჩნევს, რომ ისრაელს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, სრული უფლება აქვს თავად განსაზღვროს საკუთარი დედაქალაქი. მანვე მიუთითა იერუსალიმში ებრაული ფესვების არსებობაზე საუკუნეების განმავლობაში: ტრამპის განცხადებით, იერუსალიმი არა მხოლოდ სამი მსოფლიო რელიგიის გულია, არამედ ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დემოკრატიის (ისრაელის) ცენტრიცაა. 

აღნიშნულ განცხადებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოჰყვა გამოხმაურება. პალესტინის მმართველობამ (PA) „მრისხანების“ სამი დღე გამოაცხადა, ისლამისტურმა დაჯგუფება „ჰამასმა“ კი არაბებს მოუწოდა შეწყვიტონ მშვიდობიანი პროტესტის ფორმები და განაახლონ შეიარაღებული წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც შესაძლოა ე.წ. „მესამე ინტიფადად“ იქცეს. ამ განცხადებებმა შედეგი უკვე მოიტანა, იერუსალიმსა და დასავლეთ სანაპიროზე სამდღიანი შეტაკებების შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა, ხოლო ათობით მომიტინგე და ისრაელის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელი დაშავდა, ღაზას სექტორიდან ებრაული ქალაქებისაკენ მიმართული რაკეტები გაეშვა, რომელიც ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა გაანეიტრალა და საპასუხო იერიშიც განახორციელა ღაზაში სამხედრო სამიზნეებზე. გარდა პალესტინისა, საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს თურქეთში, პაკისტანსა და მუსლიმური სამყაროს სხვა ქვეყნებშიც. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება უკვე დაგმო თურქეთმა, რუსეთმა, იორდანიამ, საუდის არაბეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. ტრამპს გაემიჯნენ ამერიკის ევროპელი მოკავშირეებიც - საფრანგეთი, გერმანია, და დიდი ბრიტანეთი. ამის პარალელურად, ჩეხეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ასევე გამოთქვა საელჩოს იერუსალიმში გადატანის სურვილი, თუმცა იმ დათქმით რომ მხოლოდ დასავლეთ იერუსალიმი მიიჩნევა ისრაელის დედაქალაქად. მალევე აშშ-ისა და ჩეხეთის რიცხვს ფილიპინებიც შეემატა.

რას ნიშნავს ტრამპის აღიარება საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან?

აღმოსავლეთ იერუსალიმს (რომელიც მოიცავს ქალაქის ძველ ნაწილს, სადაც განლაგებულია წმინდა ადგილები) პალესტინელები თავიანთი სახელმწიფოს მომავალ დედაქალაქად განიხილავენ, თუმცა ფაქტობრივად ეს ტერიტორია ისრაელს აქვს ოკუპირებული 1967 წლის ე.წ. „ექვსდღიანი ომის“ შედეგად, ხოლო 1980 წლიდან (როდესაც ისრაელის პარლამენტმა მიიღო ძირითადი (კონსტიტუციური) კანონი იერუსალიმის დედაქალაქად გამოცხადების შესახებ) ცალმხრივად ანექსირებული. ისრაელის ეს ქმედება აქამდე არ იყო აღიარებული არც გაერო-ს, არც რომელიმე სახელმწიფოს მიერ, პირიქით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ისევე როგორც საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, მიუთითებდა, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია უკანონოა და არანაირ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს, რადგან ისრაელის ქმედება ბათილია საერთაშორისო სამართლის მიხედვით.

ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპი მართლაც საერთაშორისო სამართლის იმპერატიული ნორმაა, რომლიდანაც გადახვევა დაუშვებელია. ასევე საერთაშორისო სამართლით აკრძალულია ძალის გამოყენებით ტერიტორიაზე უფლების მიღება. ისრაელის მიერ იერუსალიმის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილის გაერთიანებისა და მისი ისრაელის ტერიტორიად ინტეგრაციის ყველა ქმედებას (მაგ. როგორიცაა აღმოსავლეთ ნაწილში ებრაული დასახლებების შექმნა, უსაფრთხოების ბარიერის აღმართვა ან თუნდაც ტრამვაის ხაზის გაყვანაც, რომელიც ქალაქის ორივე ნაწილს კვეთს) მწვავე რეაქცია მოჰყვება ხოლმე როგორც პალესტინელების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

აშშ-ის მიერ ერთიანი იერუსალიმის ისრაელის ნაწილად აღიარებით მთლიანად იცვლება საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებული ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპი, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღმოსავლეთ იერუსალიმი მოიაზრება პალესტინის მომავალი სახელმწიფოს ტერიტორიად. თუმცა სამართლიანობისათვის უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი თავდაპირველად, როდესაც გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო პალესტინის ტერიტორიის ე.წ. „დაყოფის გეგმა“, არ განიხილებოდა არც არაბული არც ებრაული ტერიტორიების ნაწილად, არამედ მასზე საერთაშორისო რეჟიმი ვრცელდებოდა, თუმცა მალევე აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია იორდანიამ მოახდინა, რომლის მმართველობაც 1967 წელს ისრაელმა თავდაცვითი ომის შედეგად ჩაანაცვლა. გაერო-ს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომა სწორედ 1967 წლიდან იცვლება, როდესაც ყველა რეზოლუციასა თუ განცხადებაში აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინურ (არაბულ) ტერიტორიად მიიჩნევა და ამ ტერიტორიის ანექსიისაკენ მიმართული ისრაელის ყველა ცალმხრივი ქმედება უკანონოდ ცხადდება. ამერიკის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება კი სწორედ ასეთი ქმედების ლეგიტიმაციას ისახავს მიზნად. აქვე აღსანიშნავია, რომ წარსულში აშშ-მა მსგავსად უკვე იმოქმედა კოსოვოსთან მიმართებით, როდესაც კოსოვოს მიერ ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობა კანონიერად აღიარა და ეს ამ ტერიტორიული ერთეულის (კოსოვოს) sui generis ხასიათით ახსნა. ესეც ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის უხეში დარღვევა იყო, რადგან საერთაშორისო სამართლის მიხედვით სერბეთის საზღვრების გადახედვის უფლება ცალმხრივად, სერბეთის თანხმობის გარეშე, არცერთ სახელმწიფოსა თუ სხვა საერთაშორისო აქტორს არ აქვს, რაც არ უნდა უპრეცედენტო და საგამონაკლისო იყოს მოვლენები, რომლებმაც განაპირობეს კოსოვოს გამოყოფა. 

საინტერესო იყო ასევე რუსეთის ფედერაციის რეაქცია, რომელმაც მაშინვე გამოხატა აღშფოთება ტრამპის განცხადების გამო და კვლავ ხაზი გაუსვა რომ იერუსალიმი მხოლოდ პალესტინური სახელმწიფოს ტერიტორიად უნდა განიხილებოდეს. ეს მაშინ, როცა რუსეთმა თვითონ დაარღვია ტერიტორიული მთლიანობისა და ანექსიის დაუშვებლობის პრინციპი, როდესაც უკრაინის ტეიტორია (ყირიმი) ჯერ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა, შემდეგ კი ცალმხრივი აქტით საკუთარ ტერიტორიად მიიერთა. ამასთანავე, რუსეთს აღიარებული აქვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობაც, რაც ისევ ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპთან აბსოლუტურ შეუსაბამობაში მოდის. რუსეთის ეს ქმედება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ ორმაგი სტანდარტების მიდგომას, რასაც ეს ქვეყანა მისდევს უკვე ათწლეულების (თუ საუკუნეების არა) განმავლობაში.


რა პოზიცია შეიძლება დაიკავოს საქართველომ?

ტრამპის განცხადების მეორე დღესვე საქართველოს პარლამენტში გაჟღერდა მოწოდებები, რომ საქართველომაც აღიაროს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი საქართველოს პოზიციაზე. ის მხოლოდ მიუთითებს, რომ საქართველო დააკვირდება მოვლენების შემდგომ განვითარებას და გააგრძელებს პარტნიორებთან კონსულტაციებს ამ საკითხის ირგვლივ. 

აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და, ამავდროულად, საქართველოს ახლო მეგობრული ურთიერთობები აქვს ისრაელის სახელმწიფოსთანაც, რაც არაერთხელ დადასტურებულა მაღალი დონის ვიზიტებით. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე მოუწოდა ყველა სახელმწიფოს, რომელსაც ებრაულ-არაბულ კონფლიქტში მშვიდობის დამყარება სურს, რომ მიბაძონ ამერიკას და აღიარონ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად. საინტერესოა რამდენი სახელმწიფო გამოეხმაურება ამ მოწოდებას და იქნება თუ არა საქართველო მათ რიცხვში. 

საქართველოს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ჯერ კიდევ 90-იან წლებში საქართველომ სცნო პალესტინური განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული სახელმწიფოებრიობა და საქართველომ ასევე მხარი დაუჭირა გაერო-ში პალესტინის სტატუტის ასამაღლებელ რეზოლუციასაც, რის შემდეგაც ყოველწლიურად იზრდება იმ არაბულ სახელმწიფოთა რიცხვი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს გენერალური ასამბლეის ფარგლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეულად დაბრუნების რეზოლუციის მიღებისას. შესაბამისად საქართველომ, რომელსაც რუსულ ოკუპაციასთან გამკლავება მხოლოდ დიპლომატიური მეთოდებით შეუძლია და რომლისთვისაც გაერო-ს წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მოპოვება დიდი მნიშვნელობისაა, ნაკლებად სავარაუდოა რომ ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომლითაც ასეთ მხარდაჭერას პირიქით დაკარგავს. 

ამას გარდა, საფუძველი, რომლის გამოც ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა, საკმაოდ წინააღმდეგობრივია საერთაშორისო სამართლისა და პოლიტიკის კონტექსტში. შესაბამისად, თუკი საქართველო გაიზიარებს აღნიშნულ აღიარებას, ეს ნიშნავს, რომ საქართველოც ემხრობა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპიდან გადახვევას „არსებულ რეალობაზე“ მითითებით, რაც საკმაოდ საფრთხის შემცველია, რადგან არაპირდაპირ ეს შეიძლება საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში „არსებული რეალობის“ ლეგიტიმაციასაც ნიშნავდეს. 

აღსანიშნავია, რომ ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო აშშ-ის პრინციპულ გადაწყვეტილებას პირდაპირ არ იზიარებს: მაგალითად 2008 წელს საქართველომ ღიად განაცხადა რომ არ აღიარებდა კოსოვოს ცალმხრივად გამოცხადებულ დამოუკიდებლობას და ასევე 2012 წელს, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველომ მხარი დაუჭირა პალესტინის სტატუტის ასამაღლებელ რეზოლუციას, რომელსაც აშშ ეწინააღმდეგებოდა. თავის მხრივ, ალბათ არც ისრაელი იქნება კატეგორიული საქართველოსთან (არც სხვა სახელმწიფოებთან) მიმართებით იერუსალიმის თავის დედაქალაქად აღიარების მოთხოვნის კუთხით, რადგან მისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ამგვარმა აღიარებამ შესაძლოა დააზიანოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესები. ისრაელისათვის ასეთი თავშეკავება უცხო არაა; მაგალითად, ის ყოველთვის თავს იკავებს ზემოთ ნახსენები იძულებით გადაადგილებულ პირთა რეზოლუციის მხარდაჭერისაგან, რადგან თავადაც პრობლემები აქვს პალესტინელი ლტოლვილების დაბრუნების უფლების აღიარების მხრივ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13