Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
„პირდაპირი დიალოგის“ მაცდური ოცნება
Civil Georgia, Tbilisi / 13 მარ.'18 / 15:11
გია ნოდია


გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე.

ომს ლაპარაკი სჯობს. ცივილიზებული საზოგადოება იმით გამოირჩევა ჩამორჩენილისაგან, რომ კონფლიქტებს მოლაპარაკების გზით აგვარებს და არა ძალის გამოყენებით. 

ამ შეხედულების გაზიარება პრაქტიკულად სავალდებულო გახდა თანამედროვე ადამიანისთვის. შესაძლოა, მოდერნულმა ცივილიზაციამ გლობალური მასშტაბით მთლად ვერ გამორიცხა კონფლიქტების ძალადობრივი გადაწყვეტის მეთოდები, მაგრამ მისი უდიდესი წარმატებაა, რომ განვითარებული სამყაროს შიგნით ეს ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. სწორედ ესაა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის მთავარი მიღწევა. მისი შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია, თუმცა ისე დარწმუნებულები აღარ ვართ, რომ ეს კვლავაც შესაძლებელია. 

სამწუხაროდ, ზოგი კონფლიქტი მეტისმეტად ღრმაა საიმისოდ, რომ მხოლოდ ლაპარაკით გადაწყდეს. ხანდახან ძველმოდური ხისტი ძალაცაა აუცილებელი. ლიბერალური საეთაშორისო წესრიგი მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ მეორე მსოფლიო ომში ჰიტლერი ბოლომდე გაანადგურეს, და რომ ცივ ომში თავისუფალმა სამყარომ კომუნისტური ბანაკი სამხედრო და ეკონომიკური განვითარებით დაჯაბნა. როცა რუსეთთან არსებულ დაძაბულობაზეა ლაპარაკი, ბევრ დასავლელს კვლავ სჯერა, რომ პუტინთან კიდევ უფრო მეტი რომ ელაპარაკათ, რუსეთისთვის მგრძნობიარე საკითხები კიდევ უფრო მეტად რომ გაეთვალისწინებინათ, 2008 წლის საქართველოს და 2014 წლის უკრაინის მსგავსი კატასტროფები თავიდან იქნებოდა აცილებული. ვაი, რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. დიალოგი პოლიტიკის აუცილებელი ინსტრუმენტია, მაგრამ არა ჯადოსნური ჯოხი, რომელიც ყველა პრობლემას გადაწყვეტს. 

ქართველებსაც გვინდა, მსოფლიო ცივილიზაციის ნაწილი ვიყოთ. 2008 წლის ომის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) ხელისუფლებამ ვალდებულება აიღო, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის (სამხრეთ ოსეთის) ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტისას მხოლოდ მშვიდობიანი ხერხებისთვის მიემართა, და ქართულმა საზოგადოებამ ეს პოზიცია გაიზიარა. ქართული ოცნების მთავრობა წინამორბედზე უფრო მშვიდობისმოყვარედ წარმოაჩენს თავს და უფრო შორს წასვლას დაგვპირდა სოხუმის და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებებთან პირდაპირ დიალოგში შესვლით, განსხვავებით ენმ-ისგან, რომელიც 2008 წლის შემდეგ ამას საჭიროდ არ თვლიდა. ეს წამოწყება წარუმატებელი აღმოჩნდა: დე ფაქტო მთავრობები მათი დამოუკიდებლობის აღიარების, ან ამ მიმართულებით გადადგმული რაიმე ნაბიჯის გარდა განხილვის ღირსად არაფერს მიიჩნევენ. საქართველოს კი ამის შეთავაზება არ შეუძლია. გონიერი ხალხი ხვდება, რომ ასეთ ვითარებაში ბევრს ვერაფერს იზამ, ამიტომ კონფლიქტების მოგვარების დიდი გეგმები უკეთესი დროის დადგომამდე უნდა გადადო (სხვა საკითხია, დადგება თუ არა ასეთი დრო) და იმ პრობლემებზე გადაერთო, რისი გადაწყვეტაც შენზეა დამოკიდებული: ასეთია პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების განვითარება, ევროპასთან შემდგომი დაახლოება და ა. შ.    

მეორე მხრივ, არც კონფლიქტების სრული „გაყინვა“ გამოვა, რასაც დროდადრო უკიდურესად მტკივნეული ინციდენტები გვახსენებს. სულ ახლახან არჩილ ტატუნაშვილი, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, სეპარატისტული ხელისუფლების პოლიციაში მოკვდა (სავარაუდოდ, მოკლეს) და ცხინვალი მისი ცხედრის გადმოცემაზეც კი ამბობს უარს, სანამ ხანგრძლივი ექსპერტიზის პროცედურა დასრულდება. ბუნებრივია, ამან საზოგადოების მღელვარება გამოიწვია და ის ხელისუფლებას შველას სთხოვს, მაგრამ ამ უკანასკნელს ბევრი არაფერი შეუძლია. ამ ვითარებაში, 9 მარტს პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, კრემლისთვის ბუნდოვანი და დამაბნეველი მიმართვა გაეგზავნა, სადაც ზოგადი სამდურავია გამოხატული, რომ საქმე მთლად კარგად ვერ მიდის, და რომ რუსეთმა რაღაც უნდა იღონოს ვითარების გამოსასწორებლად. სხვა ყველაფერთან ერთად, კვირიკაშვილი რუსებს სთხოვს, „რეალურად კონსტრუქციული მიდგომა“ გამოიჩინოს თბილისსა და სეპარატისტულ პროვინციებს შორის პირდაპირი დიალოგის განსავითარებლად. მაგრამ ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენა ზიანი: რაც არ უნდა ტრაგიკული იყოს ტატუნაშვილის მკვლელობა, პრემიერის მიმართვამ კიდევ უფრო დიდი აღშფოთება გამოიწვია. 

რატომ უნდა გააბრაზოს ხალხი თბილისსა და დე ფაქტო მთავრობებს შორის პირდაპირი დიალოგის იდეამ? აქ კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ. ამ კონფლიქტებზე ორი მცდარი ნარატივი არსებობს. ერთი, რომელსაც ძირითადად ქართველები იზიარებენ, ისაა, რომ კონფლიქტი რუსეთის წაქეზებამ გამოიწვია და ამის გარეშე არ მოხდებოდა. მეორის (რუსულის და ნაწილობრივ დასავლურის) მიხედვით, ყველაფერი დაიწყო ეთნიკური უმცირესობების რეაქციით აგრესიულ ქართულ ნაციონალიზმზე, ხოლო რუსეთი გარე ძალაა, რომელიც სამართლიანი მშვიდობის დამყარებას ცდილობს (რუსეთის ვერსიით), ან კონფლიქტებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს (დასავლეთის ვერსიით). 

სინამდვილეში, ორივე ამ მიდგომაში არის ჭეშმარიტების მარცვალი, მაგრამ მხოლოდ მარცვალი. კონფლიქტები არ იქნებოდა, ერთი მხრივ ქართველებს, მეორე მხრივ კი აფხაზებს და ოსებს რადიკალურად განსხვავებული წარმოდგენები რომ არ ჰქონოდათ საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე საბჭოთა წესრიგის დამხობის შემდეგ. მეორეს მხრივ, ამ კონფლიქტების ყველა სტადიაზე რუსეთს გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა მოვლენების განვითარებაზე; მხარეების მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი რუსეთის ნაბიჯების (სწორ ან არასწორ) გათვლას ემყარებოდა. ეს კონფლიქტები ყოველთვის სამწევროვანი იყო, რუსეთი კი არასოდეს ყოფილა გარე მოთამაშე.  

ნამდვილად იყო დრო (განსაკუთრებით სულ დასაწყისში), როდესაც მეტი პირდაპირი დიალოგი არასასურველ სცენარებს აგვაცილებდა. სამწუხაროდ, იმდროინდელ ქართულ ელიტას არ გამოაჩნდა საკმარისი სიმწიფე და გამჭრიახობა, რომ ამგვარი შესაძლებლობები გამოეყენებინა. მაგრამ 2008 წლის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: რუსეთმა არა მხოლოდ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნეიტრალური შუამავლის ნიღაბი, არამედ ფაქტობრივად პირდაპირი კონტროლი დაამყარა ამ ტერიტორიების ზოგად უსაფრთხოებაზე, მმართველობასა და ეკონომიკაზე (ამ მხრივ, არსებობს მნიშვნელოვანი ხარისხობრივი განსხვავება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის, მაგრამ ახლა სიმარტივისთვის მათ მხედველობაში არ მივიღებ). ეს არ ნიშნავს, რომ აფხაზები ან ცხინვალელი ოსები საერთოდ არ უნდა მივიჩნიოთ პოლიტიკურ მოთამაშეებად, მაგრამ ისინი არ არიან საკმარისად სუვერენულები საიმისოდ, რომ პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკვანძო პრობლემების სერიოზული განხილვა შეძლონ; მით უმეტეს, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, როგორი ურთიერთობა ექნებათ საქართველოსთან, რადგან ეს საკითხი მეტად მნიშვნელოვანია რუსეთისთვის. პარადოქსია, მაგრამ რუსეთის მიერ აღიარების შემდეგ (კიდევ რამდენიმე სახელმწიფოს მიერ მათ აღიარებას მხოლოდ შეზღუდული სიმბოლური დატვირთვა აქვს), მათ მანევრის ის მცირე თავისუფლებაც კი დაკარგეს, რაც მანამდე ჰქონდათ. არ ვარ დარწმუნებული, ისინი ოცნებობდნენ, ოღონდ საქართველოსთან, რუსეთისგან დამოუკიდებლად, პირდაპირი კომუნიკაცია დაგვამყარებინაო, მაგრამ ასეთი სურვილიც რომ ჰქონდეთ, მის განხორციელებას ვერ შეძლებენ.   

ამიტომ, თუმცა ქართულ-აფხაზური და (თუნდაც ნაკლები ხარისხით) ქართულ-ოსური დიალოგის პროცესი სამოქალაქო საზოგადოების დონეზე კვლავ ღირებულია, თბილისსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის ფორმალურ ურთიერთობებს აზრი დიდად არა აქვს. შესაძლოა, თავდაპირველად პრობლემის პირდაპირი დიალოგის მეშვეობით გადაწყვეტის ოცნება კეთილ განზრახვას ემყარებოდა, ახლა დროა ვაღიაროთ, რომ ამ ეტაპზე აქედან არაფერი გამოდის. მესმის, რომ ქართული ოცნებისთვის მტკივნეულია, აღიაროს, რომ ამ კონკრეტულ საკითხში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მართალი იყო, ის კი  შეცდა, მაგრამ იმდენი გონიერება კი უნდა ეყოს, რომ ამაზე ძალისხმევა აღარ მიმართოს.

მაგრამ, როდესაც ხელისუფლება ამ საკითხს ტატუნაშვილის საკითხის კონტექსტში უბრუნდება და, მთლად უარესი, დიალოგის ხელშეწყობისთვის რუსეთის კეთილგანწყობას ეძებს, ეს უკვე უმძიმესი პოლიტიკური შეცდომაა. თბილისსა და დე ფაქტო ხელისუფლებებს შორის პირდაპირი დიალოგის ჰიპოთეტური ღირებულებაც კი იმას ემყარება, რომ ის რუსეთისგან დამოუკიდებელი უნდა იყოს. როდესაც რუსეთს, რომელსაც ოკუპანტად თვლი, სთხოვ ხელი შეუწყოს დიალოგს ხალხთან, ვისაც საკუთარ მოქალაქეებად მიიჩნევ, საცოდავად და სასაცილოდ გამოიყურები და რეალური ვითარების გაუმჯობესების რაიმე პერსპექტივასაც ვერ იღებ. 

აქედან გაკვეთილი: ჭეშმარიტება ყოველთვის კონტექსტში უნდა დავინახოთ. დიალოგის იდეის ფეტიშად ქცევა კონტრპროდუქტიულია და თვით ამ იდეის დისკრედიტაციას ახდენს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14