Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი კოდორის შესახებ საუბრობს
/ 28 ივლ.'06 / 11:27
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 ივლისს სატელევიზიო მიმართვაში მოსახლეობისადმი განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანისა და მისი მებრძოლების წინააღმდეგ განხორციელებული ანტიკრიმინალური ოპერაცია, რომელთაც ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს, "წარმატებულად დასრულდა“.

თავის მიმართვაში სააკაშვილმა ასევე ისაუბრა 25 ივლისს დაწყებული ოპერაციის ზოგიერთ დეტალზე. ძალოვანმა მინისტრებმა 27 ივლისს განაცხადეს, რომ კვიციანი შესაძლოა აფხაზების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას, სავარუდოდ სოხუმს, აფარებდეს თავს.

"უზარმაზარი წარმატება“ კოდორში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "მნიშვნელოვანი გამოცდა“ ჩააბარა, მას შემდეგ რაც შეძლო ცენტრალური ხელისუფლების სრული კონტროლი აღედგინა ზემო კოდორის ხეობაში, "რომელიც ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასი ნაწილია“.

"კოდორის ხეობა აფხაზეთის შუაგულშია... ისე ახლოსაა სოხუმთან“, - დასძინა მან.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ სპეცდანიშნულების რაზმმა გაწმინდა ხეობა "ბანდიტებისგან“, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისიდან ხეობაზე სრულ კონტროლს ახორციელებდნენ და "წლების განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობას ატერორებდნენ“.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც კვიციანმა და მისმა მებრძოლებმა ღიად განუცხადეს ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა, ხელისუფლებამ ეს "თავხედურ გამოწვევად“ მიიღო.

"ეს იყო ძალიან თავხედური გამოწვევა, რადგანაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ძალიან სტრატეგიულ და მნიშვნელოვან ნაწილზე... ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ იქ სპეცრაზმი გაგვეგზავნა“ - განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩვენ სწორედ მოვიქეცით და ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ ასე მოვიქცეთ... რადგანაც ჩვენ არ ვაპირებდით მათი [ადგილობრივი მებრძოლების] შანტაჟის გამო უკან დახევას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღიარა, რომ "შეცდომა“ იყო , რომ კოდორის პრობლემა ადრე არ მოგვარდა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საპოლიციო ოპერაცია "უზარმაზარი წარმატებით" განხორციელდა. მისი თქმით, სპეცრაზმი, რომელიც კოდორის ხეობაში გადაადგილდებოდა, 25 ივლისს ხეობაში შესვლისთანავე ძალიან ინტენსიური ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. მოგვიანებით ორი ვერტმფრენიც დაზიანდა. "ერთი მფრინავი დაიჭრა“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ დაიჭრნენ სხვა ოფიცრებიც და "რამდენიმე საკმაოდ მძიმედ“.

თუმცა, სააკაშვილმა არ დააკონკრეტა დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, რაც ჯერ–ჯერობით უცნობი რჩება.

მისი თქმით, სროლის შედეგად ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი - ხანშიშესული ქალბატონი გარდაიცვალა.

"ეს ბანდიტები არიან დამნაშავე ამ პიროვნების დაღუპვაში, რადგანაც ბანდიტები მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებდნენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, ძალოვანებმა 27 ივლისს 1:30 საათზე მეამბოხეებს დერეფანი გაუკეთეს, რათა მათ სოფელი დაეტოვებინათ. ამ დროისთვის ნათელი გახდა, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის რისკი მაღალი იყო.

"მაგრამ ჩვენ ამ ბანდიტებს მიწიდან ამოვიღებთ და დავსჯით“, - დასძინა სააკაშვილმა.

იგი ასევე მიესალმა საქართველოს სპეცრაზმის პროფესიონალიზმის დონეს, "რომელთაც ძალ-ღონე არ დაიშურეს მსხვერპლის რაოდენობის შესამცირებლად“.

მან ასევე მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მოსახლეობას სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის.

"ჩვენ გვყავს საოცრად კეთილშობილი, პატრიოტი საზოგადოება, ყველაზე შორეულ და მიუდგომელ ადგილებშიც კი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ კოდორის ხეობის უკანონო გასამხედროებული ჯგუფი თანამშრომლობდა აფხაზი სეპარატისტების ხელმძღვანელობასთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან გარი კუპალბასთან.

"ეს ის კუპალბაა, რომელიც 1992 წლის შემოდგომაზე გაგრის სტადიონზე ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთს თამაშობდა. ეს ის კუპალბაა, რომელიც ამათი [ამბოხებულების] მთავარი მოკავშირეა“, - განაცხადა სააკაშვილმა. 
 
 
"უპასუხისმგებლო მედია"

თავის სატელევიზიო მიმართვაში სააკაშვილმა "მედიის ზოგიერთი წყარო“ გააკრიტიკა კოდორში განვითარებული მოვლენების "უპასუხისმგებლო გაშუქების“ გამო. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, თუ ვის გულისხმობდა.

"ჩვენ გვაქვს ისეთი საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც ჩვენი შენაერთების წარმომადგენლების გადაადგილების დროს პირდაპირ ეთერში გადასცემდა გადაადგილებული ჯგუფების ზუსტ რაოდენობას, მანქანის ნომრებს, აჩვენებდა რაზმების მონაწილეთა სახეებს, გადადგილების ზუსტ დროს... ვფქრობ, რომ არსებობს თავმოყვარეობა, სიფრთხილე, პასუხისმგებლობა და ღირსების გარძნობა, რომელიც ყველა ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს, რა მითითებაც არ უნდა გვქონდეს მოცემული და რა ძალებიც არ უნდა იდგნენ თითოეული ასეთი ტიპის ინფორმაციის და პროპაგანდის უკან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ცოტა ხნის წინ ხელისუფლებამ ტელეკომპანია "იმედის“ კრიტიკა გააძლიერა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების "მიკერძოებული გაშუქების“ გამო.

"პროვოკაციების ჯაჭვი"

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა მიანიშნა, რომ ემზარ კვიციანის დაუმორჩილებლობა იყო იმ "პროვოკაციების ჯაჭვის“ ნაწილი, რომელიც ბოლო თვეებში საქართველოს წინააღმდეგ იგეგმებოდა და დესტაბილიზაციის და ქაოსის გამოწვევას ისახავდა მიზნად, რისი საბოლოო შედეგიც არსებული რეჟიმის შეცვლა უნდა ყოფილიყო.

"ეს ზეგავლენა რომ ვერ შეამჩნიო, ან ბრმა უნდა იყო, ან ბრიყვი, ან - საკუთარი ხალხის მტერი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, პროვოკაცია კოდორში დაემთხვა საქართველოს პარლამენტის მიერ 18 ივლისს დადგენილების მიღებას, რომელიც მთავრობას სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას ავალებს.    

"ვაფრთხილებ ჯერ კიდევ აფხაზეთში განლაგებულ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტს, თავი შეიკავონ რაიმე სახის პროვოკაციულ ქმედებებისგან“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ჩვენ ვისჯებით მთავარი რამის გამო - საქართველომ გადაწყვიტა იყოს ნამდვილად თავისუფალი, დემოკრატიული, ერთიანი და წარმატებული ქვეყანა“, - დასძინა მან.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა კოდორის ხეობაში მიმდინარე მოვლენები უფრო ფართოდ გააშუქეს, ვიდრე ლიბანში ან თავად რუსეთში მიმდინარე მოვლენები.

კოდორი -აფხაზეთის დროებითი ადმინისტრაციული ცენტრი

სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ზემო კოდორის ხეობაში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა განალაგოს.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კოდორი გახდება "აფხაზეთის დროებითი და ლეგიტიმური ადმინისტრაციული ცენტრი“.

"[აფხაზეთის მთავრობა] ამ ტერიტორიაზე [კოდორში] საქართველოს ხელისუფლების სრულ იურისდიქციას გაავრცელებს, სრულ კონტროლს დააწესებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აფხაზეთის შუაგულში, აფხაზეთის ტერიტორიის ძალზე მნიშვნელოვან ნაწილზე საქართველოს იურისდიქცია გავრცელდება და საქართველოს კონსტიტუციური წესრიგი დამყარდება. ეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ და ძალზე ფუნდამენტალური პოლიტიკური მოვლენაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

"პირადად მე აქამდეც მიმაჩნდა, რომ აფხაზეთის მთავრობის ადგილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე არ იყო... ახლა აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა კოდორში დაიდებს ბინას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"დღეიდან საქართველო პირდაპირ აკონტროლებს აფხაზეთის ძალიან მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ნაწილს... იქ უკვე ლეგიტიმური ხელისუფლება, ლეგიტიმური მთავრობა განლაგდება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებას აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება დაგმობს, რომელიც დიდი ხანია მოითხოვს თბილისისგან დაითხოვოს "ე.წ. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობა“.  

კოდორის რეაბილიტაცია

სააკაშვილმა განაცხადა, რომ მან გასცა განკარგულება კოდორის ხეობაში ჰუმანიტარული დახმარების დაუყოვნებლივ გაგზავნისა და კოდორის მოსახლეობისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თაობაზე.

მისი თქმით, ასევე შეკეთდება კოდორის ხეობის სვანეთთან დამაკავშირებელი გზა.

"ამას გარდა, გავეცი განკარგულება, რომ ამ დღეებში დაუყოვნებლივ დაიწყოს კოდორის აეროდრომის მოდერნიზაცია და ამ პროცესს მაქსიმუმ, რამდენიმე თვე უნდა დასჭირდეს. ასევე გავეცით განკარგულება, მეზობელი ქვეყნიდან დამატებით რამდენიმე თვითმფრინავის შეძენის თაობაზე, რათა კოდორში ფრენა რეგულარულად, ყოველგვარი ტექნიკური ხარვაზების გარეშე, გამართული საფრენი საშუალებებით შეგვეძლოს“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"არავითარი აგრესიული განზრახვა"

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის კოდორში განთავსების თაობაზე და სხვა ნაბიჯები კოდორთან მიმართებაში, არ ნიშნავს, რომ "აფხაზეთის დანარჩენი მოსახლეობის მიმართ საქართველოს აგრესიული განზრახვა აქვს“. 

"საქართველო არ აპირებს კონფრონტაციაში გადასვლას, საქართველო აპირებს სამშვიდობო პროცესის გაგრძელებას და ახალი სამშვიდობო ინიციატივებით გამოსვლას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველო მზად არის განაახლოს თავისი მონაწილეობა ყოველკვირეულ ოთხმხრივ შეხვედრებში ჭუბურხინჯში, რომელშიც ქართული და აფხაზური მხარეები, ასევე რუსი სამშვიდობოები და გაეროს დამკვირვებლები მონაწილეობენ.  

"მინდა ყველამ იცოდეს, რომ ქართული სახელმწიფოს განზრახვა არის მშვიდობიანი და კონსტრუქციული. ჩვენ როგორც არასდროს ისეთი კონსტრუქციულები, მოქნილები ვიქნებით და როგორც არასდროს ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ აფხაზეთში რაიმე კონფრონტაცია და მითუმეტეს, ფართომასშტაბიანი კონფლიქტი არ განახლდეს, რათა ვითარების რაიმე სახის ესკალაცია არ მოხდეს. ამავე დროს, მინდა ყველა სეპარატისტულმა ლიდერმა, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, კარგად გაითავისოს, რომ ნებისმიერ მოლაპარაკებას, ნებისმიერი შეთანხმება ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის საბოლოო შედეგი შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შეუქცევადი და საბოლოო აღდგენა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, ყველა მხარის ლეგიტიმური, კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით მოხდება, რა თქმა უნდა - აფხაზი ერისა და იქ მცხოვრები სხვა ეროვნების ადამიანების ინტერესთა ზედმიწევნით გათვალისწინებით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს აქვს "დიდი მოთმინება, მაგრამ ამ მოთმინების უკან 300 ათსი დევნილი დგას“.

"თითოეული მათგანი საკუთარ მიწა-წყალზე უნდა დაბრუნდეს და ყველამ ერთად სამოქალაქო მშვიდობა და ეთნიკური და მოქალაქეობრივი თანამშრომლობის ახალი საერთო ქართული სახელმწიფოებრივი მოდელი ხელახლა უნდა შევქმნათ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
8