აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვეს მიტჩელი საქართველოს ეწვევა, რათა „გაამყაროს აშშ-ის მხარდაჭერა ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მისწრაფებების მიმართ“, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა 26 აპრილს.
თბილისში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე სხვა პოლიტიკურ ლიდერებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება. ორშაბათს იგი სიტყვით გამოვა ნატო-საქართველოს საზოგადოებრივი დიპლომატიის ფორუმზე.
ვეს მიტჩელი საქართველოს ევროპაში თავისი დიპლომატიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. დღეს იგი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეუერთდა ბრიუსელში, სადაც ნატოს მინისტერიალი იმართება. საქართველოდან მიტჩელი უკრაინაში გაემგზავრება.
მიტჩელს, რომელიც ამ პოსტზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის ოქტომბერში დანიშნა, მანამდე ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის რანგში, ვეს მიტჩელი ევროპის და ევრაზიის 50 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, ასევე ნატოსთან, ეუთოსთან და ევროკავშირთან დიპლომატიურ ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი.