Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა გაეროში "ახალი საგზაო რუქა” წარადგინა
/ 22 სექ.'06 / 20:07
სივილ ჯორჯია

22 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოს რეგიონების ანექსიას ეწევა და გააფრთხილა, რომ რეგიონი  "სიბნელესა და კონფლიქტში" აღმოჩნდება, თუ საერთაშორისო საზოგადოება ვერ შეცვლის რუსულ სამშვიდობო ოპერაციას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონებში.

მიხეილ სააკაშვილი სეპარატისტული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით "ახალი საგზაო რუქის“ მონახაზი წარმოადგინა.

"ეს ეხება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დემილიტარიზაციას გაეროს, ეუთოს, ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობით“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ ამ პროცესს თან უნდა ახლდეს პირდაპირი დიალოგი ქართულ–აფხაზურ და ქართულ–სამხრეთ ოსურ მხარეებს შორის, "რათა ჩვენ ერთად ვიკისროთ პასუხისმგებლობა მშვიდობის ხელახლა დასამყარებლად“.

"ეს მცდელობები შესაძლოა და იქნება კიდეც წარმატებული ორივე რეგიონში საერთაშორისო პოლიციის კომპონენტის განთავსების გზით, აქაც საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

"მას შემდეგ, რაც ასეთი ძალა ადგილზე იქნება, მზად ვართ, გავამყაროთ მისი მანდატი ყოვლისმომცველი ხელშეკრულებით ძალის არ გამოყენების შესახებ“, - დასძინა მან.

რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსური მხარეები დაჟინებით მოითხოვენ თბილისისგან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები აფერხებენ საქართველოს განვითარებას, ხოლო არსებული რუსული სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატები კი სამშვიდობო პროცესს ბარიერს უქმნიან. 

"სამშვიდობო და მოლაპარაკებების ფორმატები აღარ ფუნქციონირებენ“, - განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველოს მიზანი "მშვიდობისა და მშვიდობიანი მოგვარებისკენ სწრაფვაა“.

"მაგრამ, მოდით უფრო ნათლად აგიხსნით - თუ ჩვენ მშვიდობის დასამყარებელი ახალი მექანიზმების მხარდასაჭერად გაერთიანებას ვერ შევძლებთ  -  ჩვენ მწვანე შუქს ავუნთებთ მათ, ვინც საპირისპიროს ფიქრობს - ანუ ჩვენ ვრისკავთ, რომ რეგიონი სიბნელესა და კონფლიქტურ ვითარებაში აღმოჩნდეს, მიუხედავად ჩვენი ყოველგვარი მცდელობებისა ხელი შევუწყოთ მშვიდობას“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, როგორც კი პროგრესი იქნება მიღწეული არსებული სამშვიდობო და მოლაპარაკებების "ანაქრონული“ მექანიზმების შეცვლის გზაზე, "ჩვენ კვლავაც მზად ვიქნებით ვიმუშავოთ ჩვენს მეზობელ რუსეთთან“.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკვე დაწყებულია კონსულტაციები, რომლებიც კიდევ უფრო გააქტიურდება "მომდევნო კვირებში და თვეებში ამ მექანიზმების შეცვლის მიზნით“.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად თბილისის მცდელობებისა დაარწმუნოს რუსეთი, რომ გახდეს კონფლიქტების "მოგვარების მონაწილე“, მოსკოვი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.

"მტკივნეული, მაგრამ ფაქტობრივი სიმართლეა, რომ ეს რეგიონები ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის - რუსეთის ფედერაციის - მიერაა ანექსირებული, რომელიც აქტიურად განაგრძობს ხალხში რუსული პასპორტების დარიგებას, რაც თავისთავად საერთაშორისო სამართლის უპრეცედენტო დარღვევაა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"მინდა შეგეკითხოთ, დაუშვებდა ამ დიდი აუდიტორიის ნებისმიერი წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ ამგვარ ჩარევას თავის ტერიტორიაზე? პირადად მე, ეს ძალიან მეეჭვება“, - დასძინა მან.

მან ასევე გააკრიტიკა რუსეთი სხვა კონფლიქტებთან მიმართებაში კოსოვოს საკითხის "უნივერსალურ მოდელად“ გამოყენების მცდელობის გამო. 

"მაშინ როცა საერთაშორისო საზოგადოება ამ ათწლიანი კონფლიქტის სამართლიანი მოგვარების გზებს ეძებს - ჩვენ მწვავედ უნდა შევაფასოთ რუსეთის ფედერაციის უკიდურესად კონტრპროდუქტიული მცდელობები ბოროტად გამოიყენოს ეს სიტუაცია თავისი ვიწრო ინტერესების განსახორციელებლად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"აქაც ძალიან გულწრფელნი უნდა ვიყოთ: რუსეთის ოფიციალური პირების ნებისმიერი მცდელობა, შექმნან ან იგულისხმონ მე-19 საუკუნის სტილის გადაწყვეტილება, რომელიც მოიცავს გარიგებებს და ტერიტორიულ გაცვლებს კოსოვოს შეთანხმების სანაცვლოდ, არა მხოლოდ მოძველებული, არამედ უკიდურესად ამორალურია“, - დასძინა მან.

სააკაშვილის განცხადებით, თუ რუსეთი კვლავაც განაგრძობს კოსოვოსთან ამგვარი "სახიფათო ურთიერთკავშირების“ გამოძებნას, ამის ზეგავლენას შორს წასული შედეგები ექნება და "გაიხსნება ძალადობრივი სეპარატიზმის და კონფლიქტების პანდორას ყუთი არა მარტო კავკასიაში, არამედ დედამიწის მრავალ ნაწილში“.

თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ასევე ისაუბრა იმ პროგრესზეც, რომელსაც ქვეყანამ "ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მიაღწია და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ევროატლანტიკური გეზით  სვლა.  

იგი მიესალმა ნატოს გადაწყვეტილებას საქართველოსთან ინტენსიური დიალოგის დაწყების თაობაზე და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა  უახლოეს ხანებში ხელს მოაწერს სამოქმედო გეგმას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში. ამ მიზნით ევროკავშირის ოფიციალური პირები თბილისში 3 ოქტომბერს ჩამოვლენ.

სააკაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ "მოლოდინი აქვს ჯანსაღი კონკურენციის, გამჭვირვალე არჩევნების და უფრო ძლიერი დემოკრატიული სისტემის“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19