კვირას საღამოს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ორი პარალელური არჩევნები და რეფერენდუმი დასრულდა.
სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ორგანიზებული არჩევნები სავარაუდოდ ედუარდ კოკოითის "პრეზიდენტად“ არჩევით დასრულდება, ხოლო რეფერენდუმი - დადებითი პასუხით რეგიონის "დამოუკიდებლობაზე“.
არაოფიციალურად თბილისის მიერ მხარდაჭერილი "ალტერნატიული არჩევნების“ შედეგად სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი სანაკოევი რეგიონის კიდევ ერთი ლიდერი გახდება, ხოლო რეფერენდუმი დადებითი პასუხით დასრულდება კითხვაზე გსურთ თუ არა თბილისთან მოლაპარაკებების დაწყება საქართველოსთან ერთიანი ფედერალური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.
"მე ხმა მივეცი მშვიდობას და იმედი გვაქვს ავაშენოთ ახალი სახელმწიფო ქართველებთან და ოსებთან ერთად“, - განაცხადა სანაკოევმა ახალგორში ხმის მიცემის შემდეგ.
კოკოითმა ასევე განაცხადა ცხინვალში ხმის მიცემის შემდეგ, რომ მანაც მშვიდობას მისცა ხმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ოსი ხალხი ვერ ხედავს თავის მომავალს საქართველოში. მან ასევე დასავლური სახელმწიფოები გააკრიტიკა "ორმაგი პოლიტიკის განხორციელების“ გამო და მოუწოდა მათ "უფრო კონსტრუქციული როლი“ ითამაშონ კონფლიქტის მოგვარების პროცესში.
ცხინვალში განთავსებული სეპარატისტული ხელისუფლების ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 55 000 პოტენციური ამომრჩევლის 90%-ზე მეტმა მისცა ხმა არჩევნებში.
ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობა დააფიქსირა ერედვში განთავსებულმა ალტერნატიულმა საარჩევნო კომისიამაც.
"არჩევნებში მონაწილეობა 42 000 ამომრჩეველმა მიიღო და ჩვენ ხმები ჯავის რაიონიდანაც მივიღეთ“, - განაცხადა ალტერნატიული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ურუზმაგ ქარქუსოვმა საღამოს 8 საათზე საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ.
ერედვში განთავსებული საარჩევნო კომისიის განცხადებით, მას ჯავაშიც ჰქონდა გახსნილი საარჩევნო უბნები.
ქართულმა ტელევიზიებმა გადასცეს კადრები, როგორ მოიტანა მამაკაცმა ცხენით ორი საარჩევნო ყუთი. ტელევიზიების განცხადებით, საარჩევნო ყუთები ჯავიდან ფარულად ჩამოიტანეს.
თუმცა, ოფიციალურმა ცხინვალმა უარყო განცხადებები, რომ ერედვის საარჩევნო კომისიას საარჩევნო უბნები იმ რაიონებშიც ჰქონდა გახსნილი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება და მას თბილისის პროპაგანდისტული ომის ნაწილი უწოდა.
სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინებოდა 12 ნოემბერს, რომ ქართულმა მხარემ თავისი სპეცრაზმი სოფელ ავნევში განათავსა, რათა ადგილობრივი ოსებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცათ. თუმცა, ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო.
სხვა ინფორმაცია, რომელიც მიანიშნებდა რაიმე დაძაბულობაზე არჩევნების დღეს არ გავრცელებულა.
ქართველი პოლიტიკური მიმომხილველების განცხადებით, ორი პარალელური არჩევნების შედეგებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სამშვიდობო პროცესისთვის.
"სამხრეთ ოსეთის ეს ორი ხელმძღვანელობა ახლა იბრძოლებს ადგილობრივი მოსახლეობის გულების და გონების მოსაგებად და მათი ლეგიტიმურობა ამ ბრძოლის პროცესზე იქნება დამოკიდებული“, - განუცხადა მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გია ნოდიამ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
"ალტერნატიული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც მათ უჩვენეს, რომ არსებობს სხვა ხმებიც სამხრეთ ოსეთის ფარგლებში“, - განუცხადა ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს ხელმძღვანელმა დავით დარჩიაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს.
რუსეთმა უკვე გააკეთა გაფრთხილება იმის თაობაზე, რომ თბილისის მცდელობას სამხრეთ ოსეთში ალტერნატიული მთავრობის შექმნის თაობაზე შესაძლოა სამხედრო კონფრონტაცია მოყვეს.