კონსტიტუციაში ცვლილებების საბაზისო პროექტით, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე სახელმწიფო კომისიამ დაუჭირა მხარი, საგრძნობლად ძლიერდება პრემიერ-მინისტრის როლი.
11 მაისის სხდომაზე, კომისიის ფარგლებში შექმნილი სულ სამი პროექტი იქნა განხილული, თუმცა კენჭისყრაზე 41 კომისიის წევრიდან ყველაზე მეტი ხმა - 31- კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ დემეტრაშვილისა და მდივნის, თენგიზ შარმანაშვილის მიერ მომზადებულმა ვარიანტმა მიიღო. ამ პროექტს მხარი დაუჭირეს კომისიის წევრებმა საპარლამენტო უმცირესობიდანაც. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომისიის მუშაობას თავიდანვე ბოიკოტი გამოუცხადეს.
კომისიის სხდომაზე ვერ გავიდა ”თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელის ლევან რამიშვილის პროექტი და კომისიის ორი სხვა წევრის მიერ მომზადებული პროექტი, რომლებიც აშშ-ის საკონსტიტუციო მოდელს ეყრდნობოდა.
ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, კომისიის ათთვიანი მუშაობის შედეგად საბაზისო პროექტად არჩეული ვარიანტი არის ”შერეული მმართველობის ფორმა”, რომელშიც ”დომინირებს საპარლამენტო რესპუბლიკის ელემენტები”.
მისი თქმით, აღნიშნული პროექტი, სავარაუდოდ, კიდევ შეიცვლება, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მის საერთაშორისო ექსპერტიზას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია განახორციელებს. დემეტრაშვილით ვარაუდით, ექსპერტიზის შედეგები, დაახლოებით, აგვისტოსთვის შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი.
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები გადაეცემა პრემიერ-მინისტრს, რომელიც გაცილებით ძლიერი უფლებებით იქნება აღჭურვილი, ვიდრე დღეს არსებული მოდელი ითვალისწინებს.
პრეზიდენტი
პროექტის თანახმად, პრეზიდენტის ახალი დეფინიცია შემოდის - ის აღარ არის ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის განმახორციელებელი, როგორც ეს დღევანდელი კონსტიტუციითაა განსაზღვრული - ეს უფლება მთავრობაზე გადადის.
პრეზიდენტი კვლავ რჩება სახელმწიფოს მეთაურად, ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტად, სამხედრო ძალების მთავარსარდლად და ასევე უმაღლეს წარმომადგენლად საგარეო ურთიერთობებში.
პროექტის თანახმად, პრეზიდენტი ნიშნავს პრემიერ-მინისტრს მას შემდეგ, რაც მას მინისტრებთან ერთად პარლამენტი დაამტკიცებს.
ამასთან, პრეზიდენტს აღარ ექნება მთავრობის ერთპიროვნული გადაყენების და ასევე ძალოვანი მინისტრების შერჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, მათი კურატორობის ექსკლუზიური უფლება, რომლითაც ის დღევანდელი კონსტიტუციით სარგებლობს.
ამასთან, მთავრობის სხდომის მოწვევა პრეზიდენტს მხოლოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით შეეძლება.
პროექტის თანახმად, პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ელჩებს. კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციით, ელჩებს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებს და მათ თანამდებობიდან პრეზიდენტი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ათავისუფლებს.
ამასთან, პრეზიდენტს, პროექტის თანახმად, აღარ ექნება ბიუჯეტის პროექტის წარდგენაზე მთავრობისთვის თანხმობის მიცემის ვალდებულება, რითაც საბიუჯეტო პროცესზე პასუხისმგებლობა მთლიანად მთავრობასა და პარლამენტზე გადავა; პრეზიდენტს ასევე აღარ ექნება უფლება საგადასახადო და საბიუჯეტო საკითხებზე გამოსცეს კანონის ძალის მქონე დეკრეტი პარლამენტის დათხოვნის პერიოდში.
პრეზიდენტს ასევე აღარ ექნება უფლება შეაჩეროს ან გააუქმოს მთავრობისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა ორგანოების სამართლებრივი აქტები, პროექტის თანახმად.
საკონსტიტუციო პროექტში, გათვალისწინებულია ახალი, ”კონსტრასიგნაციის” ცნება, რაც უკავშირდება პრემიერ-მინისტრის უფლებას სამართლებრივად დაამოწმოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. თუმცა აქვე განსაზღვრულია ის მიმართულებები, მათ შორის პარლამენტი დათხოვნა; არჩევნების დანიშვნა; კანონის ინიცირება და მისი ხელმოწერა; საერთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა; უშიშროების საბჭოს წევრების, გენშტაბის უფროსის დანიშვნა; მოქალაქეობის მინიჭება და შეწყვეტა; მოსამართლეთა დანიშვნა, როცა პრემიერ-მინისტრს კონტრასიგნაციის განხორციელების უფლება არ აქვს.
ამასთან, პროექტის მიხედვით, პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს სულ მცირე 35 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია და არჩევნების დანიშვნის დღისათვის ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში - 2-წლიანი პერიოდი აქამდე გათვალისწინებული არ იყო.
პრემიერ-მინისტრი და მთავრობა
პროექტის თანახმად, მთავრობა ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას და ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე.
მთავრობის მეთაურია პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მთავრობის სხვა წევრებს. მისი გადადგომა ან უფლებამოსილების შეწყვეტა ავტომატურად იწვევს მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას.
პროექტის მიხედვით, მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახლადარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე და არა ახალი პრეზიდენტის არჩევისას, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.
პროექტის თანახმად, ახალ მთავრობას ახლადარჩეულ პარლამენტში საუკეთესო შედეგის მქონე პარტია აკომპლექტებს. კერძოდ, პრეზიდენტი წამოაყენებს პრემიერ-მინისტრის იმ კანდიდატურას, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასული პარტია შესთავაზებს. პრემიერობის კანდიდატი თავად შეარჩევს მინისტრებს და სამთავრობო პროგრამასთან ერთად წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად.
თუ მთავრობას უფლებამოსილება სხვა მიზეზით (არა ახალი პარლამენტის არჩევის გამო) შეუწყდა, პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატს წარადგენს დასამტკიცებლად, რომელსაც წევრთა რაოდენობით ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქცია შესთავაზებს.
თუ პარლამენტი ორ მცდელობაზე ვერ დაამტკიცებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მთავრობას, მაშინ პრეზიდენტი უკვე დეპუტატთა ორი მეხუთედის მიერ შეთავაზებულ კანდიდატურას წარადგენს დასამტკიცებლად და მხოლოდ მას შემდეგ დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე არჩევნებს, თუ ვერც მესამე ცდაზე მოხერხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება, პროექტის თანახმად.
ამასთან, პრეზიდენტს, როგორც ეს მოქმედ კონსტიტუციაშია, აღარ ექნება უფლება ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის მოტივით დაითხოვოს პარლამენტი ან მთავრობა.
ცვლილებების პროექტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის უფლებას უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, რაზეც პროცედურათა მთელი თანმიმდევრობაა გაწერილი პროექტში. თუმცა უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტს მიეცემა არჩევანის საშუალება დაეთანხმოს დეპუტატების მიერ შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას ან დაითხოვოს პარლამენტი.
ამასთან, პროექტი პრემიერ-მინისტრს ანიჭებს უფლებამოსილებას პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობის ნდობის საკითხი ”განსახილველ კანონპროექტებთან დაკავშირებით” და თუ პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, ამ შემთხვევაში პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
ამასთან, პროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაში შევა გუბერნატორების დანიშვნა და გათავისუფლება ”პრეზიდენტთან შეთანხმებით”.
პარლამენტი
საკანონმდებლო ორგანოს ნაწილში ცვლილებათა ყველაზე ცოტა რაოდენობაა ასახული პროექტში, რომლის თავდაპირველი ვარიანტისაგან განსხვავებით, საბოლოო რედაქციაში ორპალატიანი პარლამენტის შემოღების პრინციპი საერთოდ ამოღებულია.
ცვლილებების თანახმად, პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნის უფლება ექნება მთავრობასაც, რაც არსებული კონსტიტუციით განსაზღვრული არ იყო. ამ უფლებით თავად პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატების არანაკლებ მეოთხედი სარგებლობს.
ამასთან, პარლამენტს პრეზიდენტის საკანონმდებლო ვეტოს დაძლევა შეეძლება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ნაცვლად დღეს არსებული ორი მესამედისა. თუმცა ეს დებულება არ გავრცელდება საკონსტიტუციო კანონპროექტზე.
ცვლილებების თანახმად, პარლამენტის საგამოძიებო ან დროებითი კომისიების შექმნის ინიცირება დეპუტატთა ერთ მეხუთედს შეეძლება, ნაცვლად დღეს არსებული ერთი მეოთხედისა.
პარლამენტი კვლავაც რჩება უფლებამოსილი გააკონტროლოს სახელმწიფო სახსრების ხარჯვის კანონიერება, თუმცა მას მთავრობის თანხმობის გარეშე არ შეეძლება ბიუჯეტში რაიმე ცვლილების შეტანა.
სხვა დებულებები
პროექტის თანახმად, მოსამართლეთა ასაკობრივი ცენზი 28-დან 30 წლამდე აიწევს და მათი დანიშვნა მოხდება უვადოდ, საპენსიო ასაკის მიღწევამდე.
მოქმედი კონსტიტუციისაგან განსხვავებით, წარმოდგენილ პროექტში ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილების ძირითადი პრინციპები ცალკე თავით რეგულირდება და ის გამიჯნულია ”სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებათაგან”. ცვლილებათა ამ ნაწილმა გაიარა ვენეციის კომისიის ექსპერტიზა და 10-დან 9 შენიშვნა მასში უკვე ასახულია.
პროექტში ნათქვამია, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ საკუთარი ქონება და ფინანსები, თუმცა აქვე გაკეთებულია ჩანაწერი, რომ ცენტრალური ხელისუფლება უზრუნველყოფს ადგილობრივი ორგანოებისთვის ”საჭირო შესაბამისი სამართლებრივი და მატერიალურ-ფინანსური პირობების შექმნას”.
ამასთან პროექტში ნათქვამია, რომ პირს, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნია, არ შეიძლება ეკავოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობა. ამდენად მას არჩევანის გაკეთება საქართველოს მოქალაქეობის სასარგებლოდ მოუწევს.
წარმოდგენილ ვარიანტში, გართულებულია კონსტიტუციის გადასინჯვის პროცედურები, მათ შორის კონსტიტუციის ფუძემდებლური პრინციპების ცვლილება ორი მოწვევის პარლამენტმა უნდა დაადასტუროს.