პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა უნდა იყოს ფხიზლად, რათა შიდა ფაქტორებით ინფლაციური პროცესები არ გაღრმავდეს და აქვე მიესალმა ანტიინფლაციური ღონისძიების ფარგლებში ელექტროენერგიის ვაუჩერების დარიგების გეგმებს.
მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან სატელევიზიო შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განუცხადა პრეზიდენტს, რომ 10 თებერვლიდან თითოეული ოჯახი მიიღებს ელექტროენერგიის 20–ლარიან, ერთჯერად ვაუჩერს. ფინანსთა მინისტრის კახა ბაინდურაშვილის თქმით, ამ პროგრამისთვის, დაახლოებით, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული ბიუჯეტიდან.
"ეს უკვე რაღაცა გადადგმული ნაბიჯი არის, მთავრობის მხრიდან ეს არის სოლიდარობის გამოხატვა იმ პრობლემების მიმართ, რომელიც ექმნება ხალხს,“– განაცხადა სააკაშვილმა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ვაუჩერების დარიგება საკმარისი არ არის.
მისი თქმით, "მთავარი პასუხი გაზრდილ მსოფლიო ფასებზე არის მეტი სამუშაო ადგილების შექმნა", მათ შორის სოფლის მეურნეობის სექტორში და ასევე ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებით.
“ჩვენ თუ არ ვისწავლეთ მეტი წარმოება სოფლის მეურნეობის და დაუყოვნებლივ ეს არ გავაკეთეთ... ამ გაზრდილი ტურიზმის პირობებში, პრაქტიკულად, სოფელი ჩვენი ამით ვერ იხეირებს იმიტომ, რომ საკუთარ თავს ვერ გამოვკვებავთ, აღარ ვლაპარაკობ 3 მლნ ტურისტზე, რომელსაც წელს ველოდებით საქართველოში,“– განაცხადა მან.
“ჩვენი ამოცანაა, რომ შიდა ფაქტორები ინფლაციაში გამოვრიცხოთ,“– განაგრძო პრეზიდენტმა, "ეს არის რთული იმ პირობებში, როცა ინფრასტრუქტურაზე ამდენი იხარჯება ე.ი. ფული იდება ეკონომიკაში, მაგრამ ფულის ჩადება და ამოღება ისეთი უნდა იყოს, რომ ეს არ დააწვეს ფასებს“.
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ დეკემბერში 11.2%–ს მიაღწია, რაც 2007 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.