Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საპარლამენტო არჩევნების გზამკვლევი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 სექ.'12 / 22:35


საარჩევნო ყუთი თბილისში, საბურთალოს ოლქის ერთ–ერთ უბანზე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

1 ოქტომბერს საქართველო ახალ 150–წევრიან პარლამენტს ოთხი წლის ვადით აირჩევს.

ამ არჩევნებს განსაკუთრებული მნიშვნელობა იმის გამო ენიჭება, რომ 2013 წელს, როცა პრეზიდენტ სააკაშვილის მეორე და საბოლოო ვადა ამოიწურება და მას ახალი პრეზიდენტი შეცვლის, ამოქმედდება ახალი საკონსტიტუციო დებულებები, რომელთა მიხედვითაც პრემიერ–მინისტრის როლი მნიშვნელოვნად გაიზრდება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შეკვეცის ხარჯზე.

ახალი პრემიერ–მინისტრი 2013 წელს სწორედ 1 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტში პირველ ადგილზე გასულმა პარტიამ ან საარჩევნო ბლოკმა უნდა წარადგინოს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ანუ სულ ცოტა 76 ხმით დაამტკიცებს.

თუმცა მანამდე, ახალ პარლამენტს არჩევისთანავე ასევე მოუწევს პრემიერ–მინისტრის და მისი მთავრობის დამტკიცება, რომელიც მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა უნდა წარუდგინოს. კანონმდებლობით, პარლამენტის დათხოვნის უფლება პრეზიდენტს არ აქვს მისი არჩევიდან ექვსი თვის განმავლობაში და ასევე  საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ექვსი თვით ადრე.

ამას გარდა, 1 ოქტომბერს არჩეულ პარლამენტს კონსტიტუციის გადასინჯვა სრული შემადგენლობის ორი მესამედით ანუ 100 ხმით შეეძლება მანამ, სანამ 2013 წელს არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან ძალაში შევა ამ კვორუმის სამ მეოთხედამდე (113 ხმა) გაზრდის საკონსტიტუციო დებულება.

1 ოქტომბერს არჩეული პარლამენტი ფუნქციონირებას ქუთაისში დაიწყებს, თბილისის ნაცვლად, სადაც პარლამენტის ამჟამინდელ შენობაში სხდომათა დარბაზების სრული დემონტაჟი განხორციელდა.

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში. ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დღეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ ცესკო არჩეულად გამოაცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორ მესამედს.

ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს არჩევნების დღიდან არა უგვიანეს 19 დღის ვადაში, ხოლო შემაჯამებელ ოქმს მაქსიმუმ 5 დღის ვადაში აქვეყნებს.

პარლამენტის საარჩევნო სისტემა

საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომლითაც პარლამენტის 150 წევრიდან 73 ირჩევა მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან ოლქებში, ხოლო დანარჩენი 77 მანდატი ნაწილდება პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტების პარტიულ სიებს შორის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ.

ორივე სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგების დადგენისას არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.

პროპორციული

პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.

ამასთან, ყველა პარტია, რომელიც 5%–იან ბარიერს გადალახავს, ავტომატურად 6–წევრიანი ფრაქციით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. ის საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც დააგროვებენ საპარლამენტო ფრაქციის შექმნისათვის მანდატების საჭირო რაოდენობაზე ნაკლებს, მანდატებს 6–მდე უკეთესი შედეგის მქონე პარტიების ან საარჩევნო ბლოკებისთვის მანდატების მოკლების ხარჯზე შეივსებენ.

მაჟორიტარული

მაჟორიტარი დეპუტატი „გამარჯვებულს ყველაფერი რჩება“ პრინციპით ირჩევა.

მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა მეტ რაოდენობას, მაგრამ არანაკლებ შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნებში მონაწილეთა ხმების 30 პროცენტისა.

თუმცა თუ პირველივე ტურში მაჟორიტარი დეპუტატი ვერ აირჩა, მაქსიმუმ ორ კვირაში იმართება მეორე ტური, რომელშიც ის ორი კანდიდატი მონაწილეობს, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა დააგროვეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ეს კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. მეორე ტურში იმარჯვებს ის მაჟორიტარი კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას დააგროვებს.

მონაწილე სუბიექტები

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 16 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს – 14 პარტია და 2 ბლოკი. 19 პარტიას ცესკომ უარი უთხრა რეგისტრაციაზე.

ძირითადი საარჩევნო კონკურენტები არიან მმართველი ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიციური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“.

მხოლოდ ამ ორმა სუბიექტმა წარადგინა მაჟორიტარი კანდიდატები 73–ვე ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში, მაჟორიტარი კანდიდატების რაოდენობით შემდეგ მოდის ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის, ამჟამინდელი საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიის, საარჩევნო ბლოკი.

საარჩევნო ადმინისტრაცია

არჩევნების ადმინისტრირების მთავარ ორგანოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) წარმოადგენს. ცესკო 13 წევრისგან შედგება მისი თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის ჩათვლით, რომლის ხელმძღვანელობითაც 1 ოქტომბერს უკვე მეორედ ჩატარდება არჩევნები, 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ.

ცესკოს შვიდი წევრი შემდეგი პოლიტიკური პარტიებიდან არიან: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ევროპელი დემოკრატები, ქრისტიან დემოკრატიული სახალხო პარტია – პირველი ორი ერთ ბლოკში არიან გაერთიანებული საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხოლო სამივე ერთიან ბლოკს წარმოადგენდა 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე; ლეიბორისტული პარტია; კონსერვატიული პარტია და მრეწველები. ეს ბოლო ორ პარტია წარმოადგენს კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ადმინისტრაციებში.

ცესკოს დანარჩენი ხუთი წევრი პრეზიდენტმა წარადგინა და პარლამენტმა დაამტკიცა.   

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებიც, ცესკოს ანალოგიურად, 13-13 წევრისაგან შედგება და წევრთა შეფარდება აქაც 7/6-ზეა ხელისუფლების სასარგებლოდ.

ქვეყნის მასშტაბით, სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებს.

საუბნო საარჩევნო კომისიების რაოდენობა 3 648 შეადგენს. 45 უბანი გახსნილია საზღვარგარეთ, ხოლო 71 ე.წ. სპეცუბანი ფუნქციონირებს. საუბნო კომისია ყველაზე ქვედა დონის საარჩევნო ადმინისტრაციული ერთეულია, თუმცა მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან უბანზე ხმებს, სწორედ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ითვლიან.

ცესკოს საბოლოო მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 613 851 ამომრჩეველია რეგისტრირებული, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 22 წლის განმავლობაში.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს 50 ადგილობრივი და 61 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. არჩევნებს 149 ადგილობრივი და უცხოური მედია საშუალება გააშუქებს ცესკოს მიერ დადგენილი წესების მიხედვით.  

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები

1 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც ტარდება.

21–წევრიან უმაღლეს საბჭოში 6 მაჟორიტარი კანდიდატი აირჩევა, ხოლო 15 მანდატს ის პარტიები და ბლოკები მიიღებენ, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ. 

აჭარის უმაღლესი საბჭოში მანდატებისთვის შემდეგი შვიდი პარტია და ბლოკი იბრძოლებს: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება,  გიორგი თარგამაძე - ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება; ლეიბორისტული პარტია; ახალი მემარჯვენეები; თავისუფალი საქართველო და მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12