საქართველოს პარლამენტმა 4 აპრილის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებად სახალხოს დამცველის და საპარლამენტო უმცირესობის კვოტებით დასახელებულ კანდიდატებს - იზაბელა ოსიპოვას და ნინია კაკაბაძეს დაუჭირა მხარი.
ჟურნალისტ ნინია კაკაბაძის კანდიდატურა საპარლამენტო უმცირესობამ საკანონმდებლო ორგანოს წინა სხდომაზეც წარადგინა, თუმცა დეპუტატებმა მხარი მას არ დაუჭირეს და მისი კანდიდატურა ჩავარდა. არსებული კანონმდებლობით, წარმდგენს იმავე კანდიდატის ხელმეორედ დასახელების უფლება აქვს. ამ მიზნით, 26 მარტს ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ევროპულმა საქართველომ პარლამენტს განმეორებით წარუდგინა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ოთხ ვაკანსიაზე საქართველოს პარლამენტმა კონკურსი 16 თებერვალს გამოაცხადა. საპარლამენტო უმრავლესობის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და სახალხო დამცველის კვოტებით არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი გამოცხადდა იმ როტაციის შესაბამისად, რომლის თანახმადაც, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, საბჭოს 3 წევრს გასდის უფლებამოსილების ვადა და ისინი ახალი მეურვეებით იცვლებიან. საპარლამენტო უმცირესობის კვოტით კი მეურვის ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამავე კვოტით არჩეულმა წევრმა, სულხან სალაძემ, სამეურვეო საბჭო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
23 მარტს, პარლამენტმა საპარლამენტო უმრავლესობის კვოტით ზაზა შათირიშვილი, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია.