ტყიბულის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
კომპანია "საქნახშირმა", რომელიც ტყიბულის მაღაროს მართავს, განაცხადა, რომ უბედური შემთხვევა დახლოებით 03:50 საათზე მოხდა. "სავარაუდოდ, მოხდა სამთო დარტყმა - გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება", - განაცხადა კომპანიამ და დასძინა, რომ ჰაერის დარტყმითი ტალღა მეზობელ გვირაბებში გავრცელდა, რასაც ექვსი მაღაროელის დაღუპვა და სამის დაშავება მოყვა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ასევე დაადასტურა ეს ვერსია თავის განცხადებაში და აღნიშნა, რომ მაღაროელების დაღუპვა "სამთო დარტყმის შედეგად გამოწვეული ჰაერის ძლიერი ჭავლის გავრცელებას" მოყვა. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უბედური შემთხვევა, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მაღაროში ჭერის ჩამონგრევას მოყვა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მთავრობის ადმინისტრაციამ დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
კომპანია "საქნახშირი", რომელიც ტყიბულის მაღაროს მართავს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა.