რუსეთის ფედერაციამ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესთა სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 13 აპრილს.
სამინისტროს თქმით, ამგვარი ქმედება ე.წ. „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით თბილისში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლის გაძევების თაობაზე საქართველოს დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას მოყვა. სექციის თანამშრომელს მიეთითა, რომ შვიდ დღეში დატოვოს ქვეყანა.
29 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება, როგორც „სერიოზული გამოწვევა საერთო უსაფრთხოებისთვის“ და ქვეყნიდან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციის თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.
შვეიცარიამ საქართველოს ინტერესთა სექცია შვეიცარიის საელჩოში მოსკოვში 2009 წლის 5 მარტს გახსნა. პარალელურად გაიხსნა თბილისში მდებარე საელჩოში რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია.