სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში შვიდწევრიანი ფრაქცია ყავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად იყრის კენჭს, განუცხადა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს 16 აპრილს.
ნაცვლიშვილმა, რომელიც ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილეა, პარტიის პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა და უმრავლესობაში მიმდინარე დავაზე საკუთარი პოზიცია გაახმოვანა.
„ჩვენ ძალიან ბევრი ინიციატივა გვექნება ახლო მომავალში... მათ შორის საპენსიო რეფორმის აღდგენა, საგადასახადო ინიციატივები, ეკონომიკასთან და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ინიციატივები“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა და დასძინა, რომ თუ მათი ინიციატივები ვერ მოიპოვებს უმრავლესობის მხარდაჭერას და „არც იქნება საფუძველი მომავალი დისკუსიებისა ამ საკითხებზე“, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატები“ დამოუკიდებლად გააგრძელებს პოლიტიკურ ცხოვრებას.
დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ „მთავარია არჩევნებში როგორ მიიღებ მონაწილეობას. მე დღესაც შემიძლია გითხრათ, რომ [2020 წლის საპარლამენტო] არჩევნებში დამოუკიდებლად ვაპირებთ მონაწილეობას“, - განაცხადა მან.
ნაცვლიშვილმა ქართულ ოცნებაში არსებულ დავაზე მანამდეც ისაუბრა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის 9 აპრილის განცხადება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც „არის სამი-ოთხი დეპუტატი, რომლებმაც შეცდომები დაუშვეს საჯარო განცხადებების გაკეთებისას“.
„არ იყო ლამაზი დეპუტატების რაოდენობის ჩამოთვლა, რომლებიც თითქოს საერთო კონტექსტში ვერ ჯდებოდნენ“, - განაცხადა მან. „ოდნავ მაინც განცდა რომ გამიჩნდეს, რომ ვიღაცას ვინმე მიტმასნილი გონია გუნდთან... პირველი მე ვიქნები და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც ამ შემთხვევაში უმრავლესობას დატოვებენ“.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის სამი დეპუტატი პარლამენტში ქართული ოცნების სიით 2016 წელს შევიდა. პარტიამ მას შემდეგ შეძლო ფრაქციის ჩამოყალიბება, რაც იქ პარლამენტის უმსხვილესი ფრაქციის „ქართული ოცნების“ დეპუტატები გადავიდნენ.